GFF Awards 2022 - ის დაწყებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. ფეხბურთის ქართველი ქომაგების მოლოდინიც პიკს აღწევს - ვინ იქნება წლის საუკეთესო? ხვიჩა კვარაცხელია? ყოველ შემთხვევაში, დღეს, საქართველოში არ მეგულება სულიერი, ვინც ამ მოსაზრების საპირწონედ სხვას იტვის.
ამასობაში, იტალიური „კარიერე დელო სპორტი" „კვარაზე" მორიგ სტატიას აქვეყნებს და ანონსის სახით, DAZN პლატფორმისთვის მიცემულ ინტერვიუზე მიუთითებს, რომლის სრული ვერსიაც 28 დეკემბერს გამოქვეყნდება. მანამდე კი, გამოცემა ქართველზე საუბრობს, რომელმაც, არა თუ ნეაპოლიტანელებს შეაყვარა თავი და აალაპარაკა, არამედ, მის შესახებ, 2022 წლის ბოლოს, უკვე სრულიად იტალია ლაპარაკობს.
„მისმა დრიბლინგმა მოხიბლა ყველა, სრულიად სერია A, ნეაპოლიტანელი ტიფოზები და სრულიად იტალიური საფეხბურთო სამყარო მოუმზადებელი აღმოჩნდა ამ ნიჭიერი ბიჭის „დარტყმების" წინაშე", - წერს გამოცემა და აქვე, ზემოთაღნიშნული ინტერვიუდან, ტვიტერით გავრცელებულ ერთ ფრაგმენტზე ამახვილებს ყურადღებას.
„დრიბლინგი? ამას არ ასწავლიან, ვიდეოში ნანახი არაა ის, რასაც ვარჯიშებზე აკეთებ. ყველაფერი, რასაც ისინი ჩემს შესახევ უყურებენ და აანალიზებენ, არ გამოადგებათ. ძალიან ბევრს ვმუშაობ საკუთარ თავთან, ყოველ ჯერზე ვციდლობ, რაღაც ახალი გამოვიგონო და დიდი სურვილი მაქვს, უფრო და უფრო ამოუცნობი გახვდე", - ამბობს ხვიჩა კვარაცხელია.
შეგახსენებთ, რომ დაახლოებით 2 საათში, თბილისში, „შერატონ მეტეხი პალასში" საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელი დასახელდება. დიდი ალბათობითა და ყველა ლოგიკით, 2022 წლის რჩეული საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ნაპოლის" ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია გახდება. თუმცა, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. მანამდე კი, შეგახსენებთ, რომ გუშინ ხვიჩა, ერთ-ერთი ბრიტანული გამოცემის ვერსიით, 2022 წლის საშემოდგომო სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. 21 დეკემბერს კი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვერსიით, ხვიჩა კვარაცხელია, წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენად დაასახელეს, რაც სათამაშო სახეობის წარმომადგენელისთვის, საქართველოში, ინდივიდუალურ სახეობებში მაღალი კონკურენციის ფონზე, არც თუ მარტივია.