რაგბის კავშირის 2022 წლის საერთო კრება
რაგბის კავშირის 2022 წლის საერთო კრება
25.12.2022
ავტორი: რაგბის კავშირი

23 დეკემბერს თბილისი „მარიოტში" საქართველოს რაგბის კავშირის საანგარიშო საერთო კრება გაიმართა, რომელსაც 34 ნამდვილი წევრიდან 31, ასევე გამგეობის წევრები დაესწრნენ.


კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ, აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე გოგებაშვილმა და გამგეობის თავმჯდომარე დავით კაჭარავამ, დამსწრე საზოგადოებას 2022 წლის ანგარიში ჩააბარეს; გააცნეს 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც მოგვიანებით ერთხმად დაამტკიცეს.


შევიდა ცვლილება სრკ-ს წესდებაში, 25-ე მუხლს დაემატა 25.4 პუნქტი, რომლის თანახმად - ერთი და იგივე პირი რაგბის კავშირის პრეზიდენტად შეიძლება არჩეულ იქნას ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

 


პრეზიდენტის ანგარიშში იოსებ ტყემალაძემ 2022 წლის მიღწევებზე ისაუბრა - ქართული რაგბის ისტორიული შედეგი, რაც ექვსი ერის ორი გუნდის: იტალიისა (ბათუმში) და უელსის (კარდიფში) დამარცხებაში აისახა; პირველი ქართული პროფესიული ფრენჩაიზის 'შავი ლომის' წარმატება და სამომავლო პერსპექტივები; 100 ახალი სარაგბო მოედნის პროექტი; 40%-ით გაზრდილი სახელმწიფო დაფინანსება; კლუბების სპონსორების რაოდენობის ზრდა; სასკოლო რაგბის ახალი პროექტი; უპრეცედენტო სასპონსორო შეთანხმება თი ბი სი-სთან; გენერალურ სპონსორთან შეთანხმების ბოლო ეტაპი; რაგბის განვითარების ახალი დირექტორი; რაგბის საერთაშორისო სამუშაო ჯგუფი. მანვე ისაუბრა სამომავლო გეგმებზე, რის შემდეგაც კლუბების წარმომადგენლების კითხვებს უპასუხა.



იოსებ ტყემალაძე: „მინდა ყველას მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი და გაგაცნოთ ის სამუშაო, რომელიც ქართულმა რაგბმა 2022 წლის განმავლობაში გაწია. ყველას გახსოვთ, რომ გვქონდა პრობლემები, რომელთაგან გამოკვეთილი იყო სამი ძირითადი ნაწილი - დავალიანება კავშირის ირგვლივ, ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბი, დაუგეგმავი კალენდარი და კლუბების მძიმე მდგომარეობა".


„კლუბებთან მიმართებაში ჩვენ შევძელით, რომ დიდი 10-ის ყველა კლუბს სტაბილურად მიეღო გაზრდილი, 800-ათასიანი დაფინანსება, რაც სიმშვიდისთვის უმნიშვნელოვანესია. მომავალი წლიდან, სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით, კიდევ იგეგმება კლუბების დაფინანსების ზრდა. ეს ხელს შეუწყობს მათ მდგრადობას, წინსვლას და განვითარებას. ასევე გაორმაგდა პირველი და რეგიონული ლიგის კლუბების დაფინანსება, რისთვისაც მადლობას ვუხდი მთავრობას, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, რადგან სწორედ ის არის დაფინანსების მთავარი წყარო".



„ეროვნული ნაკრები ჩვენი სახეა და ამ კუთხით თუ რამის გაკეთება შეიძლებოდა, ყველაფერი შევასრულეთ. მოთამაშეების დავალიანების დიდი წილი დაფარულია, 2020 წლიდან დარჩენილ დავალიანებას კი, ვიმედოვნებ თებერვლის ბოლომდე დავფარავთ. რა მოთხოვნაც იყო სამწვრთნელო შტაბის სრულად დაკომპლექტების კუთხით, მაქსიმალურად გავითვალისწინეთ და მსოფლიო რაგბთან ერთად ეს პრობლემაც გადავჭერით. საქველმოქმედო ფონდ „ქართუს" დახმარებით, მოხდა „შევარდენის" ბაზის სრული რეაბილიტაცია, როგორც სასტუმროსი, ასევე მინდვრის საფარის და ამაში „ქართუმ" 5 მილიონზე მეტი დახარჯა".



„განხორციელდა ძირეული რეფორმა რაგბის კავშირში. ვაკანტურია მაღალი მიღწევების დირექტორის ადგილი და მსოფლიო რაგბთან ერთად, ეს საკითხიც უახლოეს პერიოდში მოგვარდება. მნიშვნელოვანია მოწესრიგდეს კლუბების სტრუქტურაც, რაშიც კავშირი ყველა მათგანს დაეხმარება. მსოფლიო რაგბთანაც დავაყენეთ საკითხი, რომ მათაც მიიღონ მონაწილეობა ჩვენი კლუბების განვითარებაში, როგორც ტექნიკური აღჭურვილობის, ასევე ცოდნის გაღრმავების კუთხით. ჩვენ მეტ ყურადღებას დავუთმობთ ქართულ კლუბებს და დავეხმარებით მათ სტრუქტურულ ცვლილებებში, რაშიც ჩავრთავთ საკონსულტაციო კომპანიას. ასევე კიდევ უფრო დიდი ყურადღება დაეთმობა ბავშვთა რაგბის განვითარებას".



„მსოფლიო რაგბთან ერთად, ჩამოვაყალიბეთ ახალი, სპორტული კომიტეტი, რომელსაც რიჩი დიქსონი უხელმძღვანელებს. კომიტეტში ასევე იქნებიან მსოფლიო რაგბის მაღალი მიღწევების მიმართულების ხელმძღვანელი პიტერ ჰორნი, მსოფლიო რაგბის საშეჯიბრო მიმართულების ხელმძღვანელი ნაიჯელ კასი, რაგბის კავშირის პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობებში ლევან ღვაბერიძე, ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი, მამუკა გორგოძე და ბაჩო ხურციძე, რომელიც მსოფლიო რაგბმა 4 ქვეყანაში კონსულტანტად დანიშნა და ერთ-ერთი მათგანი საქართველოა. ეს კომიტეტი აქტიურად იმუშავებს კლუბებთან, მათ შორის დიდი 10-ის რეფორმასთან დაკავშირებით".



„ჩვენ გვსურდა, რომ მომავალი სეზონიდან დიდ 10-ში გუნდების რაოდენობა 8-მდე შგვემცირებინა და თითქოს კლუბების თანხმობაც იყო, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ეს თანხმობა არ იყო მყარი და ისევ კლუბების თხოვნით, რეფორმა გარკვეული დროით გადავდეთ. მინდა გითხრათ, რომ კავშირი არასდროს მიიღებს კლუბების სურვილის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას და ზემოთნახსენებ კომიტეტთან კონსულტაციების შემდეგ გადავწყვეტთ, როდის განხორციელდეს ეს რეფორმა და რამდენმა გუნდმა ითამაშოს დიდ 10-ში".


„ასევე მინდა თხოვნით მოგმართოთ კლუბებს - საერთაშორისო თამაშებზე გულშემატკივრების მობილიზება. ბიჭები ძალიან ბევრს შრომობენ, ასევე კავშირი ცდილობს, რომ თამაშების ორგანიზება მაქსიმალურად მიახლოვებული იყოს საერთაშორისო სტანდარტთან და ამ დროს გულშემატკივარი არ მოდის. გავანებოთ თავი იმას, რომ ეს კავშირისთვის დამატებითი შემოსავლის წყაროა. თუ მაყურებელი არ გვეყოლება, ჩვენ ვერ შევძლებთ ექვს ერში და ჩელენჯ თასზე თამაშს, რადგან ეს არის ერთ-ერთი უპირველესი მოთხოვნა".



„მნიშვნელოვანი სიახლეებია საერთაშორისო მიმართულებით. წელს გვქონდა რამდენიმე გასვლითი შეხვედრა მსოფლიო რაგბის, საფრანგეთის რაგბის კავშირის, ექვსი ერის და ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის წარმომადგენლებთან, თბილისში ჩამოსული იყო მსოფლიო რაგბის უმაღლესი დონის დელეგაცია პრეზიდენტის, სერ ბილ ბომონტის ხელმძღვანელობით. ფრანგებისგან იმაზე მეტი მხარდაჭერა გვაქვს, ვიდრე ველოდით. ისინი მზად არიან მხარი დაუჭირონ ქართულ რაგბს, იქნება ეს ექვს ერში თუ ჩელენჯ თასში ჩართვის საკითხი. მსოფლიო რაგბიც გვეთანხმება, რომ ქართულ რაგბს ჭირდება მეტი მაღალი დონის თამაშები, როგორც სანაკრებო, ასევე ფრენჩაიზის დონეზე და ამ ნაწილში სრული მხარდაჭერა გვაქვს".



„იტალიასთან და უელსთან წელს მოპოვებულმა ისტორიულმა გამარჯვებებმა, ქართული რაგბის მიმართ მიდგომა შეცვალა. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ წარმატებას და დარწმუნებული ვარ, ერთად დგომით, ერთად შრომით, კიდევ ბევრ ისტორიულ გამარჯვებას მოვიპოვებთ".