საქართველოს სტადიონები უეფა-ს 2023 წლის ევროსთვის ემზადებიან
საქართველოს სტადიონები უეფა-ს 2023 წლის ევროსთვის ემზადებიან
22.12.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

2023 წელს საქართველო უეფა-ს ევროპის 21-წლამდეთა ჩემპიონატს მასპინძლობს რუმინეთთან ერთად. ოთხი სტადიონიდან, რომლებმაც აღნიშნული ჩემპიონატის თამაშებს უნდა უმასპინძლოს საქართველოში სამ სტადიონს - თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენას" და „მიხეილ მესხის სახელობის სტადიონს", ქუთაისში „რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონს"  რეაბილიტაცია უტარდებათ. აღნიშნული სტადიონებიდან, „დინამო არენაზე" ბალახის საფარი და სხვა წვრილმანი სამუშაოებია დაგეგმილი. გამომდინარე აქედან, ქვეყნის მთავარ სტადიონზე, 2023 წლის საფეხბურთო სეზონი, მხოლოდ მაისიდან განახლდება.

აი, „რამაზ შენგელიაზე" და „მიხეილ მესხზე" კი სრული სარეკონსტრუციო სამუშაოები მიმდინარეობს. დღეს, სოციალურ ქსლეში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტურქტურის სამინისტრომ, „მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე" მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფოტოები გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ აქ პროცესი აქტიურ ფაზაშია შესული.




ზემოთხსენებული სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, რომელიც „მიხეილ მესხზე" მიმდინარე სამუშაოებს აწარმოებს, საერთო ჯამში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ 21 მილიონ ლარს დაახარჯავს. პროგრამა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება 100 მილიონი ლარია.


პროგრამის ფარგლებში, ფონდმა უკვე დაიწყო სამუშაოები ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის და თბილისში მიხეილ მესხის სახელობის ლოკომოტივის ცენტრალური და სათადარიგო (მესხი 2) სტადიონის პროექტირებასა და რეაბილიტაციაზე. ასევე, დაიწყო ბათუმში-2, ქობულეთში-1, წყალტუბოში-1 ახალი საფეხბურთო სტადიონის მშენბელობა და თბილისში მდებარე „პეტრო არენასა" და სფფ-ს ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე" სარეაბილიტაციო სამუშაოები.


ყველა ობიექტზე, მშენებლობისა და რეაბილიტაციის სამუშაოებს UEFA-ს წარმომადგენლები აკვირდებიან და მონიტორინგს უწევენ.