თოკოს 13 ქულა, შერმოს 10 და ბექას გუნდი დრამა ორ ოვერტაიმში
თოკოს 13 ქულა, შერმოს 10 და ბექას გუნდი დრამა ორ ოვერტაიმში
19.12.2022
ავტორი: კალათბურთის ფედერაცია / ირაკლი პერტაია

შიდაჩემპიონატში დომინაციას განაგრძობს თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონია, რომელმაც სერია "ა"-ს მორიგი მატჩი იტალიის ქალაქ ბრეშაში მოიგო. ბოლონიელებმა 89:77 დაამარცხეს ბრეშა, რაც ქართველი ფორვარდის საკმაო დამსახურებაც გახლავთ. შენგელიამ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე გატარებულ 25 წუთში თავი 13 ქულას, 5 მოხსნას და 2 პასს მოუყარა.

თონიკემ 6-დან 5 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ამდენჯერ დაჯარიმდნენ. ქართველი მძიმე ფორვარდი სარგებლიანობის კოეფიციენტი 17-ს გაუტოლდა და ის ვირტუსელთაგან მხოლოდ მოჰამადუ ჟაიტესა (13 ქულა, 9 მოხსნა) და კაილ ვიმსს (14 ქულა) ჩამორჩა.


ბოლონიელები კვლავაც ერთი გამარჯვებით უსწრებენ ოლიმპია მილანოს და როგორც აღვნიშნეთ, სერია A-ს სათავეში რჩებიან, მომდევნო შეხვედრას კი 26 დეკემბერს სტუმრად პეზაროსთან ჩაატარებენ.




გიორგი შერმადინის ლენოვო ტენერიფემ ესპანეთის ჩემპიონატში ლიდერობა დაკარგა. ტენერიფელებმა ზედიზედ მოპოვებული 5 გამარჯვების შემდეგ პირველი მარცხი წინა ტურში, ხუვენტუდთან განიცადეს, დღეს კი მადრიდის რეალთანაც წააგე და სამეფო გუნდს ლიდერობა დაუთმეს. მატჩი ტენერიფეში გაიმართა და მადრიდელთა გამარჯვებით - 80:67 დასრულდა.


შერმადინი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 23:29 წუთში 10 ქულა და 4 მოხსნა მოაგროვა. გიორგიმ 6-დან 4 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ერთხელ დაუფარეს, 2 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 2-ჯერ დაჯარიმდნენ.


შედეგიანობის მხრივ, შერმადინი თანაგუნდელთაგან მხოლოდ ტიმ აბრომაიტისსა (15) და ბრუნო ფიტიპალდოს (14) ჩამორჩა, რეალის რიგებში კი 10 და მეტი ქულა ხუთმა კალათბურთელმა ჩააგდო. ყველაზე შედეგიანი მარიო ჰეზონია იყო 15 ქულით.


საინტერესოა, რომ ბოლო მეოთხედში მადრიდელებმა ერთბაშად 7 სამქულიანი ჩააგდეს, რაც გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა.


ლენოვო ტენერიფეს 9 მოგების წილ 3 მარცხი მოუგროვდა და როგორც აღვნიშნეთ, ლიგა ენდესაში მე-2 ადგილზე დაქვეითდა, მომდევნო მატჩს კი 29 დეკემბერს, გრანადასთან ჩაატარებს.


ვიდეო-კოლაჟი მატჩიდან




დაძაბულ, დრამატულ მატჩში დამარცხდა იტალიის სერია "ა"-ში მოთამაშე ბექა ბურჯანაძის "რეჯიო ემილია". მისი გუნდი "ვენეციას" მასპინძლობდა და გამარჯვებულის გამოსავლენად 2 დამატებითი ხუთწუთეული გახდა საჭირო. თუკი პირველი ექსტრა ხუთწუთეული ფრედ დამთავრდა, მეორეში სტუმრებმა 17:3 იმარჯვეს და ბურჯანაძის გუნდმა საბოლოოდ მარცხი განიცადა - 101:115.


ბურჯანაძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 14 წუთში 6 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა. ბექამ ორქულიანი, 2-დან 1  სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო გამოიყენა, 2-ჯერ დაჯარიმდა და მის წინააღმდეგაც თამაშის წესები 2-ჯერ დაირღვა.


რეჯო ემილიამ იტალიის ჩემპიონატში ზედიზედ მე-6 მარცხი განიცადა და 2 გამარჯვებით ბოლო ადგილზეა. ბურჯანაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 26 დეკემბერს სტუმრად ბრეშასთან გამართავს.