სანდრო მამუკელაშვილმა მილუოკი ბაქსის სატეიტ კლუბ ვისკონსინ ჰერდში მორიგი მძლავრი მატჩი ჩაატარა, თუმცა ამით თავისი გუნდი წაგებისგან ვერ იხსნა.
ქართველმა ფორვარდმა ვისკონსინის სასტარტო ხუთეულში ითამაშა, მოედანზე 32 წუთი გაატარა და ორივე გუნდში ყველაზე შედეგიანი იყო - 26 ქულას და 11 მოხსნას 6 პასი დაუმატა. ქართველ ფორვარდს სამქულიანები არ წაუვიდა - ხუთიდან ვერცერთი ჩააგდო, სამაგიეროდ 15-იდან 11 ორქულიანი გამოიყენა, რასაც 2-იდან 2 ზუსტი საჯარიმოც დაუმატა. სანდროს აქტივში ასევე 2 ჩაჭრა იყო. ბურთი ხუთჯერ დაკარგა, 4-ჯერ კი დაჯარიმდა. მამუკელაშვილს პლუს-მინუს კოეფიცინეტი 6 ჰქონდა, რაც მის გუნდში საუკეთესო მაჩვენებელია.
აღსანიშნავია, რომ ვისკონსინ ჰერდმა ფორტ ვეინთან ზედიზედ მეორედ ითამაშა და ზედიზედ მეორედ წააგო ისე, რომ საკუთარ ფარში 128 ქულა მიიღო. სანდროს გუნდს 6 მოგება და 10 მარცხი მოუგროვდა და ცენტრალურ დივიზიონში 8 გუნდს შორის მე-6 ადგილზე რჩება. მომდევნო შეხვედრას სანდროს გუნდი 1-ელ იანვარს, გრანდ რაპიდს გოლდთან გამართავს.
ესპანეთში გადასულ რატი ანდრონიკასვილს თამაში თითქმის აღარ უწევს. ლიგა ენდესას მორიგ მატჩში "მურსიას" მთავარმა მწვრთნელმა ახალგაზრდა ქართველი მხოლოდ 45 წამით ათამაშა. მეორეს მხრივ, გუნდის ერთ-ერთი ლიდერია საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი უკანახაზელი თად მაკფადენი, რომელმაც მურსიელებს გრან კანარიას 99:85 დამარცხებაში დიდად დაეხმარა.
მაკფადემა 23:58 წუთი ითამაშა და თავი 21 ქულას, 2 მოხსნას და 4 პასს მოუყარა. საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა 3-დან ერთი ორქულიანი, 7-დან 5 სამქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. მურსიამ მხოლოდ მეორე მეოთხედი წააგო, დარჩენილ მეოთხედებში კი მეტოქეს მარტივად აჯობა.
ქართველების გუნდი ჩემპიონატში 12 ქულით მე-10 ადგილზეა. მურსიას მომდევნო მეტოქე ჩემპიონატში უნიკახა იქნება, რომელიც მესამე ადგილზეა.