მორიგი წარმატებული ტური ქართული ლეგიონისთვის
მორიგი წარმატებული ტური ქართული ლეგიონისთვის
17.12.2022
ავტორი: კალათბურთის ფედერაცია / ირაკლი პერტაია

თორნიკე შენგელიას ვირტუსმა ბოლონიაში თელ-ავივის მაკაბის უმასპინძლა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში - 78:73 დაამარცხა. ეს გახლდათ ევროლიგის მე-14 ტურის შეხვედრა, სადაც ბოლონიელებმა ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვე სდა პლეი ოფში გასასვლელ ბრძოლაში არიან. 

შენგელიამ გამარჯვებაში სოლიდური წილი დაიდო. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 27:46 წუთში 12 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. თორნიკემ 4-დან 2 ორქულიანი და 8-დან 8 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი კი არ უსვრია.


ვირტუსში შენგელიაზე მეტი დანიელ ჰეკეტმა (15 ქულა) და მილოშ ტეოდოშიჩმა (15) მოაგროვეს, ხოლო მაკაბიში ლორენცო ბრაუნი გამოირჩა 18 ქულით. აღსანიშნავია, რომ თამაში ვეტერანი სერბი ფეხბურთელის, სინიშა მიხაილოვიჩის გარდაცვალების გამო წუთიერი დუმილი დაიწყო. მიხაილოვიჩი ბოლო 3 წელი სწორედ ბოლონიაში მუშაობდა.


14 ტურის შემდეგ 6 მოგებით და 8 წაგებით ვირტუს ბოლონია  მე-13 ადგილზეა. მომდევნო ტურის მატჩში, რომელიც 22 დეკემბერს გაიმართება, ვირტუსი შენგელიას ყოფილ გუნდს, ბასკონიას ესპანეთში დაუპირისპირდება.


ვიდეო-კოლაჟი მატჩიდან



საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, კახა ჯინჭარაძე ერაყის უმაღლეს ლიგაში წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობს. ჯინჭარაძე გასული მატჩის MVP გახდა, რომელშიც მისმა "ალ კაჰრაბამ" "ნიფტ ალ-შამალი" დაამარცხა. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა, თუმცა ბოლო პერიოდში ქართველი ლეგიონერის შედეგიანი თამაშის წყალობით "ალ კაჰრაბამ" დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა - 74:62.


ჯინჭარაძემ თითქმის შეუცვლელად, 39:17 წუთი ითამაშა და 27 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ის შეხვედრის ყველაზე შედეგიანი და შესაბამისად, საუკეთესო მოთამაშე გახდა და მატჩის შემდეგ დამსახურებული ტიტული ჩაიბარა. კახა ჯინჭარაძე ერაყის უმაღლეს ლიგაში საშუალოდ 38:08 წუთს თამაშობს და ლიგის ერთ-ერთი ლიდერია საშუალოდ მოგროვებუი 31.5 ქულით, 10.6 მოხსნითა და 2.8 შედეგიანი გადაცემით.


რაც შეეხება მის გუნდს, "ალ კაჰრაბა" 5 მოგებითა და 8 მარცხით 6-გუნდიან ჩრდილოეთ დივიზიონში მე-4 ადგილზეა. სამხრეთის დივიზიონში 7 გუნდი თამაშობს. შემდეგ მატჩს ჯინჭარაძის გუნდი 17 დეკემბერს, "გაზ ალ-შამალთან" გამართავს.