ქართველმა ძალოსანმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მეექვსედ დაიცვა!
ქართველმა ძალოსანმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მეექვსედ დაიცვა!
17.12.2022
ავტორი: ძალოსნობის ფედერაცია

ლაშა ტალახაძის 3 ოქროს მედალი მსოფლიო ჩემპიონატიდან!


ქართველმა ძალოსანმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მეექვსედ დაიცვა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მსოფლიოში უძლიერესი ძალოსანია!


 ბოგოტაში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე ლაშა ტალახაძემ (+109 კგ.) როგორც მოსალოდნელი იყო ჩემპიონობა სამივე დისციპლინაში იზეიმა.


ტალახაძემ ატაცში 208/215 კილოგრამი დაძლია და ოქროს მედალს დაეუფლა. ასევე უმაღლესი სინჯის მედალს დაეუფლა აკვრაში დაძლეული 245/251 კილოგრამითაც, ორჭიდის ჯამში მოგროვილი 466 კილოგრამითაც კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე დადგა.



გარდა ჩემპიონობისა მსოფლიოს მრავალგზის უძლიერესმა ძალოსანმა პარიზის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიისათვის მნიშვნელოვანი ქულებიც მოიპოვა.




საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა კოლუმბია მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე პირველ წარმატებას ლაშას ტრიუმფამდე ოდნავ ადრე მიაღწია.


გიორგი ჩხეიძემ შედეგიანად იასპარეზა 109 კილოგრამ წონით კატეგორიაში. მომავალმა მედალოსანმა ატაცში 170 კილოგრამი დაძლია და მეექვსე ადგილზე გავიდა. ჩხეიძე გაცილებით უკეთ გამოვიდა აკვრაში, სადაც 219 კილოგრამი დაიმორჩილა და ვერცხლის მედალი მოიპოვა, ასევე ვერცხლის მედალი ერგო ორჭიდის ჯამში დაგროვილი 389 კილოგრამითაც.


გიორგი ჩხეიძემ 2022 წლის ევროპის ჩემპიონატზეც ვერცხლის მედლები აიღო, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ იქ ასეთივე სინჯის მედალი ატაცშიც დაისაკუთრა.