'შავმა ლომმა', რომელიც 17 დეკემბერს „ავჭალაზე" გასამართი რაგბი ევროპის სუპერ თასის ფინალური შეხვედრისთვის ემზადება, „შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე გულშემატკივრებისა და ქომაგებისთვის ღია ვარჯიში გამართა.
ჩვენი გუნდი ტიტულს ისრაელის 'თელავივ ჰითთან' დაიცავს, რომელიც ძირითადად სამხრეთ აფრიკელი და კუნძულელი მორაგბეებითაა დაკომპლექტებული. მატჩი 16 საათზე დაიწყება.
ღია ვარჯიშის დასრულების შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და მორაგბეებმა მომავალი თამაშის და მეტოქის შესახებ ისაუბრეს.
ლევან მაისაშვილი: „წინა კვირა აღდგენისთვის გამოვიყენეთ და ზოგადი ვარჯიშები გვქონდა, რის შემდეგაც 2 დღე დავისვენეთ და ორშაბათიდან საწვრთნელ შეკრებაზე შევედით. გავიარეთ ის კომპონენტები, რომელიც ფინალური შეხვედრისთვის მნიშვნელოვნად მიგვაჩნია. ფინალს ის გუნდი იგებს, რომელიც ნაკლებ შეცდომას უშვებს და ვიმედოვნებ, თამაშს ჩვენ გავაკონტროლებთ".
„გვაქვს ტრავმები, გიორგი ჭყოიძემ რეაბილიტაცია ვერ დაასრულა. დაშავებულია სოსო მათიაშვილი და მიხეილ გაჩეჩილაძე, რომელსაც ტრავმა ვარჯიშზე გაუმიზეზდა. გვაქვს პატარ-პატარა ტრავმებიც".
„წინა შეხვედრებში მეტოქე სათანადოდ არ დავაფასეთ და შედეგიც სახეზეა - ერთი შეხვედრა ფრედ დავასრულეთ, მეორე კი დავთმეთ. ამიტომ 'ჰითთან' პირადი ანგარიშები გვაქვს და თავს ვალდებულად ვთვლით, რომ ფინალი აუცილებლად მოვიგოთ. ეს მნიშვნელოვანია როგორც ჩვენთვის, ასევე გულშემატკივრისთვის. ვიმედოვნებ, რომ ქომაგი „ავჭალას" გაავსებს და ყველანი ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას".
ლაშა ხმალაძე: „მეტოქე კარგი გუნდია, აქტიურობს შეჯგუფებებში და ინდივიდუალურად ძლიერი მორაგბეებითაა დაკომპლექტებული. ფინალია და დაძაბული შეხვედრა იქნება. ვეცდებით ინტერვალებში მეტი შევუტიოთ და 'ჰითი' წნეხში ვამყოფოთ. კონცენტრირებული ვართ სათამაშო სიტუაციებზე და ვთვლი, რომ კარგად მოვემზადეთ".
ოთარ ლაშხი: „ვეცდებით სისტემური, გუნდური თამაში ვაჩვენოთ და მაქსიმუმს გავიღებთ მოსაგებად. მნიშვნელოვანი იქნება ქომაგის მხარდაჭერა, რადგან მათგან დიდ მუხტს და ენერგიას ვიღებთ. ჩვენის მხრივ ბოლომდე დავიხარჯებით და მაყურებელს ლამაზ თამაშს ვაჩვენებთ".