შერმო - 13, თოკო - 9, დუდა -34
შერმო - 13, თოკო - 9, დუდა -34
15.12.2022
ავტორი: კალათბურთის ფედერაცია / ირაკლი პერტაია

გიორგი შერმადინის ლენოვო ტენერიფემ ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის მორიგი მატჩი  მოიგო და მომდევნო ეტაპის საგზურ გაინაღდა. ესპანურმა კლუბმა ბერძნულ პერისტერის უმასპინძლა და მეტოეს 26 ქულით - 86:60 აჯობა.

ქართველმა ცენტრმა არასრულ 22 წუთში 13 ქულა, 4 მოხსნა, თითო პასი, ჩაჭრა და დაფარება დააგროვა. გიორგიმ 7-დან 4 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, რის შედეგადაც მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 15 იყო. გიორგიზე უკეთესი შედეგი ესპანურ გუნდში ფრან გუერამ აჩვენა, რომლის ანგარიშზე 15 ქულაა.


ლენოვო ტენერიფემ, რომელიც ტურნირის მოქმედი ჩემპიონია, H ჯგუფში 4 მოგებით და 1 წაგებით პირველი ადგილი უკვე გაინაღდა, ბოლო ტურში კი 21 დეკემბერს, სტუმრად ლიეტუვურ რიტასს დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ ამჯერად ჩემპიონთა ლიგაში არსებული 32 გუნდიდან მეორე ჯგუფურ ეტაპზე 16 საუკეთესო ითამაშებს.


ვიდეო-კოლაჯი მატჩიდან





ბოლონიურმა ვირტუსმა, რომლის ღირსებასაც თორნიკე შენგელია იცავს, ევროლიგაში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. იტალიურმა კლუბმა ბოლონიაში ბერლინის ალბას უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 85:79 დაამარცხა.

ქართველმა კალათბურთელმა ვირტუსის სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და მოედანზე გატარებულ 26:15 წუთში 9 ქულა, 2 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. თორნიკემ სამქულიანი ერთხელ ისროლა და ჩააგდო, მისი 6 ორქულიანიდან კი ზუსტი 2 აღმოჩნდა, ხოლო 3 საჯარიმოდან - 2. გამარჯვებულთა შორის საუკეთესო 16 ქულით კაილ უიმსი იყო.


ვირტუს ბოლონიას ევროლიგაში ჩატარებულ 13 მატჩში 5 მოგება აქვს და სატურნირო ცხრილში მე-14 პოზიციაზეა. შენგელიას გუნდი ტურნირში მომდევნო თამაშს 16 დეკემბერს, თელ ავივის მაქაბისთან გამართავს.


ვიდეო-კოლაჟი მატჩიდან




დუდა სანაძის მორიგი სუპერმატჩი კვიპროსში. ეროვნული ჩემპიონატის მორიგ ტურში ქართველი მსროლელის ანორთოსისმა ახილეასს უმასპინძლა და მეტქე ოვერტაიმში - 83:79 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ეს ზედიზედ მეორე ოვერტაიმში მოგებული მატჩია ანორთოსისისთვის და ახლაც გადამწყვეტი სიტყვა დუდა სანაძემ თქვა.

ოვერტაიმში მასპინძლების მიერ ჩაგდებული 15 ქულიდან 10 სანაძის ანგარიშზე იყო. დუდამ თითქმის შეუცვლელად - 43:39 წუთი ითამაშა და 34 ქულა, 8 მოხსნა, 6 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 9-დან 7 ორქულიანი, 7-დან 3 სამქულიანი და 13-დან 11 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 6-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 8-ჯერ დაჯარიმდნენ.


სანაძის მოედანზე ყოფნის პერიოდში ფამაგუსტელებმა მეტოქეზე 5 ქულით მეტი ჩააგდეს, დუდას სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 36-ს გაუტოლდა და ის მატჩის უძვირფასესი მოთამაშე (MVP) გახდა.


სანაძეს კვიპროსის ჩემპიონატში საშუალოდ 26.6 ქულა, 4.8 პასი და 2.0 ჩაჭრა აქვს და ქულების მხრივ მხოლოდ ეტა ენგომისის ლეგიონერ მალიკ ქარის (29.8) ჩამორჩება. ანორთოსისი მომდევნო მატჩს 21 დეკემბერს სწორედ ლიგის ამერიკელი ბომბარდირის გუნდთან (ეტა ენგომისი) ჩაატარებს.