ქალთა ეროვნულში ცვლილებაა - ნაკრები ახალი მთავარი მწვრთნელის მოლოდინშია
ქალთა ეროვნულში ცვლილებაა - ნაკრები ახალი მთავარი მწვრთნელის მოლოდინშია
09.12.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ახალი წლიდან და ახალი შესარჩევი ციკლიდან, საქართველოს ქალთა ეროვნულ ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. ცვლილების შესახებ, სფფ-ს ოფიციალური სანაკრებო გვერდი ავრცელებს ინფორმაციას.

„გიორგი ჩხაიძე საქართველოს ქალთა ეროვნულ ნაკრებს აღარ უხელმძღვანელებს. მწვრთნელსა და სფფ-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ამოიწურა.  


გიორგი ჩხაიძემ საქართველოს ქალთა ეროვნული გუნდი 2021 წლის აპრილში ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით ჩვენმა გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზა და ჯამში 10 მატჩი ჩაატარა.


სფფ-ის სახელით, გვსურს მადლობა გადავუხადოთ გიორგი ჩხაიძეს გაწეული სამსახურისთვის და წარმატება ვუსურვოთ მომავალ საქმიანობაში", - წერია სფფ-ს საინფორმაციო წერილში.


თუ ვინ შეცვლის საქართველოს 2021 წლის ქალთა გუნდების საუკეთესო მწვრთნელს, ქალთა ეროვნულ ნაკრებში, ამ ეტაპზე სფფ არ აკონკრეტებს. ჩვენი გვერდის მოსაზრებით, ბოლო წლებში საქართველოს ქალთა ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების შედეგებისა და პოტენციური „სკამის" მომზადების თვალსაზრისით, საქართველოს ქალთა ფეხბურთი, იმ ეტაპზე გადადის, როდესაც, ახალი სამწვრთნელო ხედვა და დისციპლინაა საჭირო. ბუნებრივია, ამას ქალთა ნაკრებებში ბოლო წლებში მომუშავე არც ერთი ქართველი მწვრთნელის განსასჯელად არ ვამბობთ, ვინაიდან მათ ქალთა ფეხბურთი, გარკვეულ ეტაპამდე მიიყვანეს და კოლოსალური სამუშაო ჩაატარეს. შესაბამისად, „ახალ სისხლში", რომელიც ქალთა ფეხბურთს, ახალ საფეხურზე აიყვანს, კონკრეტულად ჩვენი გვერდი, უცხოელ სპეციალისტში ხედავს.



ქსკ "ლანჩხუთის" ფოტო