საახალწლო განწყობასთან შერწყმული მუნდიალი, საფრანგეთი, მბაპე და ბოლოს, ხომ არ მივდივართ ევროპაში საკლუბო კრიზისამდე?
საახალწლო განწყობასთან შერწყმული მუნდიალი, საფრანგეთი, მბაპე და ბოლოს, ხომ არ მივდივართ ევროპაში საკლუბო კრიზისამდე?
08.12.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ხვალიდან, 9 დეკემბრიდან მსოფლიოს რიგით 22-ე მსოფლიო ჩემპიონატი გადამწყვეტ ფაზაში შედის. ტიტულის მაძიებელთა შორის უკვე აღარ არის ესპანეთის ნაკრები, რომელსაც ბევრი სულ მცირე, კატარში მიმდინარე გათამაშების ფინალისტად ხედავდა. თუმცა, ესპანელები, იმ მაროკოს ნაკრებმა გამოუშვა ევროპაში, რომელმაც, ჩემპიონატის დაწყებამდე, საქართველოს ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში დაამარცხა და ჩვენში, წლების მანძილზე, ან ახლადგამოჩეკილი, ნაკრების თავზე ლაფის დამსხმელები „გაამხიარულა". შეგახსენებთ, რომ მაროკოელთა „სინდისზე" ჯგუფში ჩატოვებული ბელგიაცაა. ამას გარდა, მარიკოელებმა ნაწილობრივ, გერმანელთა გამოც „იძიეს შური". ალბათ, ისევე, როგორ ხორვატებმა. ისე, საინტერესოა, რომ 1/8 ფინალებში, სწორედ იაპონია-ხორვატიისა და ესპანეთი-მაროკოს წყვილის თამაშებში, გამარჯვებულები 11-მეტრიანებმა გამოავლინა. ამასთან, მომედევნო ეტაპზე გასული გუნდების მეკარეებმა 3-3 პენალტი მოიგერიეს...




ასეა თუ ისე, საკმაოდ უცნაურ დროს მიმდინარე ჩემპიონატი გრძელდება და გრძლდება ბევრი მადლობოთ. მაგალითად, ფიფა-ს პრეზიდენტი, ჯანი ინფანტინო, ყოველ შესაძლებლობაზე მადლობას უხდის კატარის ხელისუფალთ, რადგან სწორედ მათი ხელშეწყობით მოხერხდა უნიკალურ გარემოში, მსოფლიოს ფეხბურთის გარშემო გაერთიანება.


„უნდა აღვნიშნო, რომ აქამდე, ფიფა-სთვის თავსატეხი იყო, ერთ პერიოდში, ერთ ადგილას ამდენი ქვეყნის ფანის თავმოყრა. მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ნორმალურ გარემოში, ეს ნაკლებად შესაძლებელი იყო. სხვა მსოფლიო ჩემპიონატის დროს ერთი ქალაქი, ორი ქვეყნის გულშემატკივარს დაიტევდა, მეტს ვერა. ახლა, აქ არის 32 ქვეყნის გულშემატკივარი, პლუს ფანები მთელი მსოფლიოდან, რათა ერთად ისიამოვნონ მსოფლიო ჩემპოინატით", - ამბობს ინფანტინო.




სხვათა შორის, ფანების, ყოველ შემთვევაში სოცქსელებში და მათი გავლენის ქვეშ მყოფი მედიის აქტიურობას მოჰყვა ის, რომ პორტუგალიელთა ხმა გუნდის სამწვრთელო შტაბმა შეისმინა და კრიშტიანო რონალდო სკამზე დასვა. იდარდა თუ არა ეს გარემოება ლეგენდამ? ალბათ, რთული სათქმელია, რადგან კრიშტიანო დიდი ალბათობით, ახლა, „ალ ნასირზე" უფრო ფიქრობს. ამასობაში, კი პორტუგალიელთა რიგებში ახალი ლეგენდა იბადება. რამოში, რომელმაც ჰეთთრიკი შეასრულა, ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, ვინც მსოფლიო ჩემპიონატის ფლეი-ოფის ერთ მატჩში სამი გოლი გაიტანა.




აქვე, ალბათ, უნდა ისიც ვთქვათ, რომ ყოველივე სიჭრელის, ბრაზილიური ცეკვებისა და ხმაურის ფონზე, მესიზე მეტად, კატარში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე სხვა ბევრი სახელი და თემა დგება წინა პლანზე.


1/8 ფინალების ანგარიშები:

ნიდერლანდები - აშშ 3-1

არგენტინა - ავსტრალია 2-1

ინგლისი - სენეგალი 3-0

საფრანგეთი - პოლონეთი 3-1

იაპონია - ხორვატია 1-1 (1-3 პენ)

ბრაზილია - კორის რესპუბლიკა  4-1

მაროკო  - ესპანეთი  0-0 (3-0 პენ)

პორტუგალია  შვეიცარია 6-1


სტატიის დასაწყისში, რადგან სიტყვამ საქართველოს ნაკრები მოიტანა, მაშინ ისიც ვთქვათ, რომ 2023 წლის 8 სექტემბერს, ესპანელებს საქართველოში ლუის ენრიკე აღარ ჩამოჰყვება, დღეს „მარკამ" და შემდეგ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამაც, მთავარ მწვრთნელთან დასრულებულ თანამშრომლობაზე ოფიციალურად განაცხადეს.  ლუის ენრიკესაგან გასხვავებით, ფლიკი, გერმანიის ნაკრებში დარჩა და ახლა, ევროპის ჩემპიონატისთვის გუნდში არსებული განხეთქილების მოგვარებას შეეცდება. გერმანელებს ევროპის ჩემპიონატისთვის დიდი გეგმები აქვთ. თუმცა, ისევე, როგორც ყველა გუნდს, რომელიც მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე არის თუ არა.


ყოველივე ამის ფონზე, ჩვენმა გვერდმა, მსოფლიოს ჩემპიონატის მიმდინარეობაზე, მოლოდინებზე, დადებით და უარყოფით მხარეებზე, ქართული მედიის მორიგი ბლიც გამოკითხვა ჩაატარა.


მიშა აბაიშვილი: პლიუსები ის არის, რომ  სეზონის შუა ნაწილია, ფეხბურთელები მძიმე და მომქანცველი სეზონით გადაღლილები არ არიან (როგორც ხდებოდა ხოლმე ზაფხულის მუნდიალების დროს და ოპტიმალურ სპორტულ ფორმაში  არიან). უარყოფითი ისაა, რომ ყატარში ეწყობა ტურნირი. ასეთ ქვეყანაში, რომელსაც ფეხბურთის არანაირი ტრადიცია, შეგრძნება და ისტორია არ აქვს, ამასთან გულშემატკივრებს უწესებენ უამრავ შეზღუდვებს (გარდერობით დაწყებული, ადამიანის უფლებების შეზღუდვით გაგრძელებული და მსუბუქი ალკოჰოლით დამთავრებული), არის კატასტროფული სიძვირე და ეს ყოველივე დაღს ასვამს სპორტის ამ ყველაზე დემოკრატიულ სახეობას.  მოლოდინი მაქვს, რომ ტიტული ევროპაში დარჩება და საფრანგეთი შეძლებს ტიტულის დაცვას. ასევ, მოლოდინი მაქვს, რომ 1974 წლის შემდეგ პირველად, ბომბარდირი 6-გოლიან ნიშნულს გასცდება და ეს იქნება მბაპე. პრპგნოზი მაქვს, რომ საერთო ჯამში მბაპე გახდება მუნდიალების საუკეთესო ბომბარდირი და კლოზეს გადაასწრებს (კარიერის განმავლობაში  ეხლა უკვე 9 გოლი აქვს). მოულოდნელი იყო გერმანიის ნაკრების გამოსვლა, რომელიც ოთხეულის კანდიდატად მიმაჩნდა. წელიწადის ამ დროს ჩატარება, ზოგადად ცუდი არ ჩანს, მაგრამ ფეხბურთი, დემოკრატიულობასთან ერთად უაღრესად  კონსერვატულიცაა და რადიკალურ ცვლილებებს ვერ იტანს. ამიტომ, უმჯობესია ჩვეულ განრიგს დაუბრუნდეს.




ნანა ჩოკორაია (სფფ / კრისტალბეთ ეროვნული ლიგა): კატარში გასამართი მსოფლიო პირველობის მიმართ იმთავითვე სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, თუმცა, ჩემი შეხედულება, გათამაშების მიმდინარეობამ რადიკალურად შეცვალა. 2022  ორგანიზების, გამართული შეხვედრების და გუნდების მომზადების დონით ერთ- ერთი საუკეთესოა. მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი მინუსი, მაინც ჩატარების დროა. როდესაც მთელი ცხოვრება მსოფლიო საფეხბურთო ფორუმს ელოდები ზაფხულში, რთულად შესაგუებელია საახალწლო და სანაკრებო ფეხბურთის განწყობის  გაერთიანება. სუფთა სპორტული თვალსაზრისით კი, გუნდებისთვის ზამთარში გამართული პირველობა საკმაოდ შედეგიანია. ფეხბურთელები და შესაბამისად ნაკრებების უმრავლესობა სათამაშო ფორმის პიკში არიან და ეს, მატჩების ხარისხზე დადებითად აისახება. ჯერჯერობით კატარში მიმდინარე ჩემპიონატს ჩემთვის უფრო მეტი პლუსი აქვს ვიდრე ნაკლოვანება.


გიორგი მელქაძე (მსოფლიო სპორტი): დიდი და განსაკუთრებული მოლოდინი ამ მუნდიალის მიმართ არ მქონდა და ამიტომ, ვერ ვიტყვი, რომ რაღაცით ძალიან იმედგაცრუებული ვარ. უფრო მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულწილად, სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ, რადგან იმაზე გაცილებით კარგი თამაშები ვნახე, ვიდრე ველოდი. ძნელია პლუსებზე საუბარი, რადგან განსაკუთრებული სიახლეები ვერ დავინახე, ვგულისხმობ სათამაშო ნიუანსებს. გერმანიას თუ არ ჩავთვლით, ყველა ფავორიტმა მოახერხა ასეთუ ისე, მოლოდინის გამართლება და პროგრამა მინიმუმის შესრულება მეოთხედფინალამდე მისვლა, სადაც ძალიან მაგარი წყვილები მივიღეთ და წესით, ყველაზე საინტერესო მუნდიალი, ჯერ კიდევ წინ გველოდება. ბელგიის ნაკრების ჯგუფში ჩარჩენა ჩემთვის არც სიურპრიზია და არც მუნდიალი, რადგან ბელგიას არც არასდროს განვიხილავდი გრანდების გვერდით, ასე რომ, ამ ნაკრების ჯგუფში ჩარჩენა ჩემთვის მაინც უფრო ლოგიკურია, ვიდრე ალოგიკური. სასიამოვნო სიურპრიზი იყო იაპონიის ნაკრები, რომელმაც აჩვენა, რომ შეუძლებელი არაფერია და ფეხბურთში დონეები მეტ-ნაკლებად გათანაბრდა, განსაკუთრებით სანაკრებო ფეხბურთში.




ამ დროს მუნდიალის ჩატარება არ მიმაჩნია მიზანშეწონილად და იმედი მაქვს, რომ ეს ბოლო მუნდიალია, რომელსაც ზამთარში ვუყურებთ. იმიტომ კი არა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი მხოლოდ ზაფხულთან ასოციაციას იწვევს, არამედ იმიტომ, რომ საკლუბო სეზონი შეწყდა. ნაკრებებსაც მოსამზადებლად დრო პრაქტიკულად არ ჰქონიათ. ერთ კვირაში ფეხბურთელებმა გუნდებში ითამაშეს და მეორე კვირაში მუნდიალზე იყვნენ - ეს არ მომწონს და მოლოდინიც დიდი რომ არ იყო, ალბათ ამის ბრალიცაა.


ეს მსოფლიოს ჩემპიონატი აუცილებლად იმოქმედებს კლუბებზე. ახლა რთულია თქმა, რა ფორმით, მაგრამ როცა საკლუბო სეზონი განახლდება, უფრო მეტად გამოჩნდება. სხვა რომ არაფერი, თითქმის ორთვიანი პაუზა გამოდის და შეიძლება ითქვას, რომ იანვრიდან ახალი სეზონი იწყება. კლუბებს, რომლებიც ნოემბერში მაგარ ფორმაში იყვნენ, შეიძლება იანვარში ჩავარდნა დაეწყოთ და პირიქით.


ასევე იხილეთ სტატია

ფოტო: @FIFA