ახალი, 2023 წლის საფეხბურთო სეზონი საქართველოში პრინციპული და საინტერესო სუპერ თასის შეხვედრით გაიხსნება. წელი ქართული დერბით, საქართველოს ჩემპიონის „დინამო თბილისისა" და დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი „ტორპედოს" დაპირისპირებით დაიწყება. საქართველოს თასი და 2023 წლის სასტარტო შეხვედრაში მონაწილეობის უფლება იმერულმა კლუბმა კი, დღეს, ბათუმში, აჭარაბეთ არენაზე მოიპოვა. თასთან და ტიტულთან ერთად, კახა ჩხეტიანის „ტორპედომ" 2023-2024 წლების სეზონზე უეფა-ს ევროტურნირებზე საასპარეზო მეოთხე საგზურიც მიიღო.
დღეს კი, ბათუმში, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 2022 წლის გათამაშების ფინალურ მატჩში, „ტორპედომ", ლიგა 3-ში ახლადამოსულ თბილისის „ლოკომოტივი 2"-ს ორბურთიანი სხვაობით მოუგო. გოლები, მშრალი პირველი ტაიმის შემდეგ, მეორე ტაიმში, 8 წუთიან შუალედში გავიდა. ანგარიში 53-ე წუთზე, მაურო კაბალიეროს გოლით გაიხსნა. 61-ე წუთზე კი, ლოკომოტიველთა კარი გიორგი ქიმაძემ აიღო. აღსანიშნავია და მოსალოდნელიც იყო, რომ თამაში ქუთათურთა უპირატესობით წარიმართა და მათ, მართლაც ჰქონდათ, კიდევ რამდენიმე გოლის გატანის შესაძლებლობა. თუმცა, „ლოკომოტივის" სასახელოდაც უნდა ითქვას, რომ რთული წლის შემდეგ, გუნდმა ეროვნულ ჩემპიონატში, ერთი ლიგით დაწინაურების გარდა, ქართულ საფეხბურთო რეალობაში შექმნა პრეცედენტი და საქართველოს თასის ფინალში ეროვნული ლიგის და საერთოდ, ქართული ფეხბურთს ერთ-ერთ სახასიათო „ტორპედოს" დაუპირისპირდა.
აქვე გეტყვით, რომ საქართვველოში პირველად, სათასო დაპირისპირებების ფინალის დრო, იმუშავა VAR-მა. ვიდეო მსაჯი დავით ხარიტონაშვილი, ხოლო ვიდეო მსაჯის ასისტენტი კი, ჯენერი ხორავა იყვნენ. ფინალური შეხვედრა ალეკო აფციაურმა განსაჯა. მას ასისტენტობა დავით ახვლედიანმა და დავით გაბისონიამ გაუწიეს. სათასო ფინალის მეოთხე მსაჯი დავით სანოძე იყო.
ფოტო: @სფფ