30 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით ესპანეთის დედაქალაქმა მადრიდმა ევროპის საკალათბურთო ფედერაციების პრეს და მედია ოფიცრების სემინარს უმასპინძლა, რომლის სახელწოდებაც EuroStep-ი, ხოლო დევიზი - "გადავიყვანოთ კალათბურთი ციფრულ ერაში" გახლდათ. ღონისძიების მიზანი თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების ვორკშოპის მონაწილეთათვის გაცნობა და ამით მათი მუშაობის მოდერნიზაცია და ხელშეწყობა გახლდათ.
პროგრამის ორგანიზატორი მსოფლიო კალათბურთის მმართველი ორგანიზაცია გახლდათ, რომელიც ფიბა-მ ერასმუს + სპორტული პროგრამების ფინანსური და კიოლნის სპორტული უნივერსიტეტის აკადემიური პარტნიორობით განახორციელა. ღონისძიებას უშუალო ორგანიზება გაუწიეს ფიბა ევროპის ქალთა კალათბურთისა და სპეციალური პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ელიზაბეტ სებრიანმა და ეროვნული ფედერაციების, ახალგაზრდულ და ანტი-დოპინგის დეპარტამენტის უფროსმა რადმილა ტერნერმა.
პროგრამის მასპინძელი გახლდათ ესპანეთის კალათბურთის ფედერაცია და ღონისძიებაც სწორედ ამ ორგანიზაციის ერთ-ერთ მადრიდულ ოფისში ჩატარდა, სადაც კალათბურთის მუზეუმია განთავსებული. მრავალფეროვანი ტიტულებით სავსე ესპანური კალათბურთის დიდების მუზეუმის დათვალიერება პროგრამის ერთ-ერთი ნაწილი გახლდათ და Eurostep-ის მონაწილე 30 ევროპული საკალათბურთო ფედერაციის 41-მა წარმომადგენელმა ახლოდან იხილა ყველა ის თასი და ტიტული, რომელიც ესპანელ კალათბურთელებს მსოფლიო ასპარეზზე მოუგიათ.
EuroStep-ის წამყვანი სპიკერი ჩრდილოირლანდიელი მარკეტერი, ჯეოფ უილსონი გახლდათ, რომელიც ციფრული მარკეტინგის და დიჯიტალიზაციის საკითხებში FIFA-სთანაც მჭიდროდ თანამშრომლობს და მადრიდში კატარიდან, მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატიდან ჩამოვიდა. პროგრამის აქტიური მხარდამჭერია ფიბა ევროპის აღმასრულებელი დირექტორი კამილ ნოვაკი, რომელიც EuroStep-ის მონაწილეებს მადრიდში შეხვდა, მათ მუშაობაში ციფრული ტექნოლოგიების მნიშვნელობაზე ესაუბრა და ვორკშოპის თითოეულ მონაწილეს წარმატებები უსურვა.
პროგრამის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ შეხვედროდნენ ქალთა კალათბურთის ლეგენდას, ესპანელ ამაია ვალდემოროს, ასევე წარსულში ცნობილ გერმანელ კალათბურთელ იან იაგლას, რომლებიც ციფრული კალათბურთის პლატფორმა NBN23-თან თანამშრომლობენ, ხოლო ამ კომპანიამ კიდევ ერთი მობაილ აპლიკაცია SWISH-ი შექმნა, რომლის პრეზენტაციაც EuroStep-ის სემინარის ფარგლებში განხორციელდა. სემინარის მონაწილეებმა და ორგანიზატორებმა ფიბა ევროპის გენერალურ დირექტორ კამილ ნოვაკთან ერთად მუზეუმში მოწყობილ პატარა მოედანზე კალათბურთიც ითამაშეს, რის დროსაც ქულების ათვლა ახალგაშვებული აპლიკაცია SWISH-ით განხორციელდა.
სემინარზე ბოლო წლებში საკუთარი მუშაობის პრეზენტაციები მოაწყვეს ესპანეთის, სლოვენიის, შვედეთისა და ირლანდიის კალათბურთის ფედერაციეების წაარმომადგენლებმა და ზოგადად, ზემოთაღნიშნულ საკითხებზე არანაკლებ მნიშვნელოვანი ის ურთიერთობები იყო, რომლებიც სხვადასხვა ქყვეყნის მედია-ოფიცრებს შორის დამყარდა და გამყარდა. საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მხრიდან პროგრამაში მონაწილეობდა საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტის წევრი და ეროვნული ნაკრების პრეს-ატაშე ირაკლი პერტაია.
EuroStep-ის მორიგი და დასკვნითი შეკრება 2023 წლის ივნისში, სლოვენიის დედაქალაქ ლიუბლიანაში გაიმართება, სადაც ქალთა ევროპის ჩემპიონატის მსვლელობისას პროგრამის მონაწილეებს ინტერაქტიურ ვორკშოპში მოუწევთ მადრიდში და მომავალ ვებინარებში მიღებული ცოდნა-გამოცდილების პრეზენტაცია.