რატი ანდრონიკაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს საკალათბურთო ლიგაში. 21 წლის ქართველმა ფორვარდმა "მურსიასთან" კონტრაქტი 5 დღის წინ გააფორმა, კვირას კი ქალაქ ვიტორიაში მისი დებიუტი შედგა. ანდრონიკაშვილმა ესპანურ ლიგაში პირველი მატჩი იმ კლუბის წინააღმდეგ გამართა, საიდანაც მისი უცხოური კარიერა დაიწყო. თბილისში, "ბასკონიას" კემპის დროს ანდრონიკაშვილი ესპანელებმა მოიწონეს და ის ამ წამყვანი ევროპული კლუბში სავარჯიშოდ და ახალგაზრდულ გუნდებში სათამაშოდ მიიწვიეს. რატი ესპანეთის დაბალ ლიგებში თამაშობდა სხვადასხვა გუნდის შემადგენლობაში, რის შემდეგაც ძალები ოკეანგაღმა, ამერიკის სტუდენტურ ლიგაში მოსინჯა და მძიმე ტრავმის გამო NCAA-ში ფეხი ვერ მოიკიდა.
ანდრონიკაშვილმა "ბასკონიას" წინააღმდეგ 11 წუთი ითამაშა, რა დროშიც 2 ქულა და 4 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. რატიმ 3-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 3-ჯერ დაჯარიმდა.
ამავე შეხვედრაში მურსიას 5 ქულა შესძინა საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა უკანახაზელმა თად მაკფადენმა. ის სასტარტო ხუთეულში იყო და 18:59 წუთში 3-დან 1 ორქულიანი და 5-დან 1 სამქულიანი ჩააგდო. მატჩი ბასკონიელთა დამაჯერებელი გამარჯვებით - 102:73 დასრულდა.
მურსიას 4 მოგების წილ 6 მარცხი მოუგროვდა და ესპანეთის ჩემპიონატში მე-13 ადგილი უკავია, მომდევნო მატჩს კი 10 დეკემბერს ბეტისთან ჩაატარებს.
გიორგი შერმადინის ტენერიფე ესპანეთის ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერია. კუნძულელებმა მორიგი ტურის მატჩი მოიგეს და მადრიდის რეალიც, ბარსელონაც და ნებისმიერი სხვა გუნდიც ზურგს უკან მოიტოვეს. 9 მოგება და 1 მარცხი - ეს ერთი წაგება ტენერიფელებს ბარსელონასთან აქვთ, რომელმაც მიმდინარე სეზონში უკვე მე-3 მარცხი (7 მოგების წიილ) განიცადა და ცხრილში მე-4 ადგილზეა.
ტენერიფელთა მორიგი მსხვერპლი მადრიდის "ფუენლაბრადა" აღმოჩნდა. შერმადინის გუნდმა მატჩი 97:72 მოიგო. მეტოქეთა შორის სხვაობა იმდენად დიდი იყო, რომ ქართველი ცენტრის დიდად დატვირთვა საჭირო არ გამოდგა. გიორგი სასტარტო ხუთეულში იყო და 15:32 წუთში 8 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა.
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა 4-დან 3 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.
ტენერიფელთა რიგებში საუკეთესო ფინელი სასუ სალინი იყო, რომელმაც 6 სამქულიანი გამოიყენა და 21 ქულა მოაგროვა, ბრაზილიელმა მარსელინიო უერტასმა კი 17 ქულას 8 პასი წაამატა.
შერმადინის გუნდმა 10 ტურში 9 მოგება მოაგროვა და როგორც აღვნიშნეთ, პირველ ადგილზეა. ლენოვო ტენერიფე მომდევნო შეხვედრას 10 დეკემბერს ბადალონაში ხუვენტუტთან ჩაატარებს.
ბექა ბურჯანაძემ იტალიის სერია "ა"-ში წარმატებული მატჩი ჩაატარა. ტრიესტესთან მატჩში მან პირადი რეკორდი დააფიქსირა, თუმცა სამწუხარო ისაა, რომ მისი კლუბი, "რეჯიო ემილია" უშუალო კონკურენტთან დამარცხდა - 79:84. რეჯინამ პირველი ტაიმი 10 ქულით დათმო, რის შემდეგაც ტრიესტეს უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია.
ბექამ პარკეტზე 23 წუთი გაატარა, რა დროშიც 13 ქულასა და 7 მოხსნას მოუყარა თავი. ბურჯანაძემ 4-დან ერთი ორქულიანი, 7-დან სამი სამქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო გამოიყენა.
ქართველი კალათბურთელის მოედანზე ყოფნის პერიოდში მისმა გუნდმა მეტოქეზე 7 ქულით მეტი ჩააგდო, რაც რეჯინაში საუკეთესო შედეგი იყო.
რეჯინამ სეზონში მეშვიდედ წააგო და ჩემპიონატში 4 ქულით მე-14 ადგილზეა. ბურჯანაძე მომდევნო ტურში გათამაშების ლიდერ მილანოს დაუპირისპირდება.
სანდრო მამუკელაშვილს ნბა-ში საშუალოზე მეტი სათამაშო დრო მიეცა და მილუოკი ბაქსის ქართველმა წევრმაც დამაჯერებლად ითამაშა. ეს მოხდა ნბა-ს რეგულარული ჩემპიონატის მატჩში, რომელშიც შარლოტ ჰორნეტსმა მილუოკის უმასპინძლა და 96:105 დამარცხდა.
მილუოკის შარლოტთან მთავარი ვარსკვლავი იანის ანტეტოკუნმპო ვერ დაეხმარა, რომელსაც წინა, ლეიკერსთან გამართული მატჩის შემდეგ მუხლმა შეაწუხა. ამის მიუხედავად, სტუმრებს ჰორნეტსთან შეხვედრაში პრობლემა არ ჰქონიათ - თავიდანვე მოიპოვეს ანგარიშში უპირატესობა და ბოლომდე შეინარჩუნეს.
სანდრომ არასრული 15 წუთი ითამაშა და 6 ქულა, 6 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. მამუკელაშვილმა 2-დან 1 ორქულიანი, 4-დან 1 სამიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. შარლოტში ყველაზე მეტი ქულა ტერი როზირმა მიითვალა (26), ორმაგი დუბლი ჰქონდა მეისონ პლამლის (13 ქულა, 11 მოხსნა). გამარჯვებულებს 20 ქულით, 8 მოხსნითა და 7 პასით ბობი პორტისმა ულიდერა.
მილუოკი ბაქსს 22 თამაშიდან 16 მოგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე პოზიციაზეა. მამუკელაშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას 6 დეკემბერს, სტუმრად ორლანდო მეჯიქთან გამართავს.