ლეგენდამ დაიჩივლა და IJF-მა გადაწყვიტა...
ლეგენდამ დაიჩივლა და IJF-მა გადაწყვიტა...
03.12.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დარია ბილოდიდისგან განსხვავებით, როგორც ჩანს ძიუდოს მსოფლიო ლეგენდისთვის, ტედი რინერისთვის ქართული „სტუმარ-მასპინძლობა", არც თუ სასიამოვნო გამოდგა. ყოველ შემთხვევაში, გორში, 26 ნოემბერს ჩატარებული ევროპის საკლუბო ჩემპიონთა ლიგის მარცხი, რინერმა IJF-ში გაასაჩივრა. ძიუდოს საერთაშორისო ორგანიზაციამ კი,  ლეგენდის ხმა ისმინა და ჩვენს ლეგენდასთან, გურამ თუშიშვილთან 1/4 ფინალში მარცხი გაუუქმა. ამასთან, გამონაკლისის სახით, IJF-მა, „თუშის" ვაზარი გაუუქმა, თუმცა, არ გააუქმა, „მებრძოლი თბილისის" მიერ დაფიქსირებულ საბოლოო შედეგი და ქართულ კლუბს, ოქროს მედლები დაუტოვა. შეგახსენებთ, რომ ფინალში, ფინალში ჩვენმა ძიუდოისტებმა სერბულ „რედ სტარს" 3-2 მოუგეს.

„ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო, გორში გამართულ ჩემპიონთა ლიგაზე მსაჯის აშკარა შეცდომა დაფიქსირდა. ევროპის ძიუდოს კავშირთან (EJU) კონსულტაციის შემდეგ, დავადგინეთ, რომ ასეთი შეცდომის დაშვება არ შეიძლება და გამონაკლისს ვერ დავუშვებთ. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავაუქმოთ ვაზარი ტედი რინერთან და ჰანსოკუ-მაკეთი დავსაჯოთ გურამ თუშიშვილი, მაგრამ აქვე აღვნიშნავთ, რომ ეს შედეგი არ იმოქმედებს თბილისის მებრძოლისა და პარი სენ ჟერმენის დაპირისპირებაზე. საუკეთესო სურვილებით ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის გენერალური მდივანი'', - წერია წერილის დასასრულს, რომელიც IJF-მა საქართველოში გამოაგზავნა.


აღნიშნული წერილის დასაწყისში კი, რომელიც რინერისგან გახდა ქართული საზოგადოებისთვის ცნობილი, IJF წერს, რომ ისინი, რეგულარულად თვალს ადევნებენ, არა მხოლოდ მათი ორგანიზაციის მიერ და ეგიდით გამართულ შეჯიბრებს, ასევე, საკონტინენტო ასპარეზობებსაც. შესაბამისად, IJF-ის წერილში ნათქვამია, რომ გორში გამართულ შეჯიბრზე დაფიქსირდა, მსაჯის აშკარა შეცდომა, EJU - ს (ძიუდოს ევროპის ფედერაცია) სამსაჯო განყოფილების დირექტორთან კონსულტაციის შედეგად კი, გადაწყდა, რომ მსაჯის შეცდომაზე თვალის დახუჭვა არ გამოდიოდა და შესაბამისად, თუშიშვილი ვაზარი და რინერის მარცხი გაუქმდა.


აღნიშნულთან დაკავშირებით, ჯერ-ჯერობით, საქართველოს ძიუდოს ფედერაციის მხრიდან არანაირი განცხადება არ გაკეთებულა.



ფოტო: @EJU / Gabi Juan