საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი სტაჟიანი ნახევარმცველი ანა ჩემინავა, 2023 წლიდან, დიდი ალბათობით, თამაშს საუდის არაბეთის ერთ-ერთ ქალთა კლუბში გააგრძელებს. TSFF.ge-სთან საუბარში, ფეხბურთელი ამბობს, რომ, განსხვავებით თურქული კლუბებისგან, სადაც ქართველ ქალ ფეხბურთელთა ყველაზე დიდი ლეგიონი გვყავს, საუდის არაბეთის კლუბიდან შემოთავაზებაში უკეთესი პირობებია.
„დიდი ალბათობით საუდის არაბეთში სამი თვე ვითამაშებ, რადგან თურქეთში წასვლას მანდ წასვლა მირჩევნია. ანაზღაურებაც კარგია და ყვრლანაირ პირობებს ქმნიან სათამაშოდ, მაგრამ ზუსტად ჯერ მაინც, არ ვიცი და საბოლოოდაც რა იქნება, ამ დღეებში გავარკვევ", - ამბობს ჩემინავა.
2022 წელი კი, ქართველმა ფეხბურთელმა უზბეკეთში დაასრულა. ქალთა საფეხბურთო კლუბ „სოგდიანასში" ის რამდენიმე თვის წინ გადავიდა და გუნდთან ერთად, Asian club championship-ში ითამაშა და კლუბთან ერთად, დასავლეთ რეგიონში, პირველ ადგილზეც გავიდა. უზბეკეთის ჩემპიონატზე კი, ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. აღსანიშნავია, რომ ჩემინავა, აზიის თამაშებზე მატჩის მოთამაშედ დაასახელეს. თუმცა, ეს ტიტული ფეხბურთელმა უზბეკეთის ჩემპიონატზე უფრო მეტჯერ დაიმსახურა.
„სოგდიანთან" ერთად, სეზონი წარმატებით დავასრულეთ. AFC საკლუბო ჩემპიონატის დასავლეთ რეგიონის გათამაშებაში მონაწილეობა, ჩემთვის უდიდესი გამოცდილება იყო ისევე, როგორც მეორე ადგილი უზბეკეთის ქალთა პროფესიულ ლიგაში თამაში. ახლა, უფრო მეტისთვის უნდა ვიმუშაოთ", - ამბობს ჩემინავა.