ნბა-სა და G ლიგას შორის მოგზაურმა სანდრო მამუკელაშვილმა ამჯერად განვითარების ლიგაში ითამაშა. მილუოკი ბაქსის სატელიტმა კლუბმა ვისკონსინ ჰერდმა მორიგი მატჩი გრანდ რეპიდსთან გამართა და დამატებით დროში - 122:129 წააგო.
საინტერესოა, რომ ჰერდმა დამატებით დროში ქულა ვერ ჩააგდო, რაც უიშვიათესი შემთხვევაა. ვან ანდელ არენაზე გამართული მატჩის ოვერტაიმში გრანდ რაპიდსმა 7:0 იმარჯვა.
მამუკელაშვილი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა, მოედანზე ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი იყო. სანდრომ 32 წუთში 20 ქულა, 8 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარება მიითვალა. მამუკელაშვილმა 12-დან 7 ორქულიანი და სამივე საჯარიმო (G ლიგაში, ისინი რიგ შემთხვევებში ორ ქულად ითვლება) ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, ბურთი 4-ჯერ დაკარგა და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.
ვისკონსინ ჰერდს ცენტრალურ დივიზიონში 5 მოგება და 6 მარცხი მოუგროვდა და მე-5 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 30 ნოემბერს ისევ გრანდ რაპიდსთან ჩაატარებს.
8 ქულა 4 წუთში. შესანიშნავი შედეგია, თუმცა ეს გახლავთ მატჩის ბოლო 4 წუთი, როცა გადაწყვეტილი იყო რომ ინდიანა პეიზერსმა საკრამენტოსთან წააგო და მწვრთნელმა მოედანზე სათადარიგოები შეუშვა. ბითაძემ სამიანიც ჩააგდო, ორიანიც, ჩატენა კიდეც და ქულა საჯარიმოდანაც მიითვალა. არაა ცუდი შედეგი, თუმცა ცუდი ისაა, რომ მას მწვრთნელი ისევ არ აძლევს საკმარის სათამაშო დროს.
მთლიანობაში ბითაძემ 3-დან 2 ორქულიანი, 1-დან 1 სამიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. ინდიანამ შეხვედრა 114:137 დათმო, თუმცა აღმოსავლეთ კონფერენციაში საკმაოდ მყარად დგას: 12 მოგება 9 მარცხის წილ და კონფერენციაში მე-4 ადგილი.