ესპანური ტენერიფე, რომლის ერთ-ერთი ლიდერიც გიორგი შერმადინია, შიდაჩემპიონატთან ერთად ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგაშიც ლიდერია. ტენერიფელებმა ლიგის ჯგუფური ეტაპის მორიგ მატჩში ისრაელის ბნეი ჰერცელიას უმასპინძლეს, იოლად დაამარცხეს და ჯგუფში გალიდერდნენ. მატჩი, რომლის MVP-ის ტიტულამდე შერმადინს მცირედი დააკლდა, ტენერიფელებმა 20 ქულის სხვაობით - 83:63 მოიგეს.
ქართველმა ცენტრმა გამარჯვებაში სოლიდური წილი დაიდო. შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და 20:11 წუთში 18 ქულა, 7 მოხსნა (3 შეტევაში) და 1 ჩაჭრა მიითვალა. გიორგიმ 8-დან 7 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო. ქართველმა ლეგიონერის მოედანზე ყოფნის პერიოდში მასპინძლებმა სტუმრებზე 36 (!) ქულით მეტი ჩააგდეს და ეს, მატჩის საუკეთესო მაჩვენებელი იყო.
შერმადინის სარგებლიანობის კოეფიციენტი 22-ს გაუტოლდა და ის მხოლოდ ბრაზილიელ მარსელინიო უერტასს (23) ჩამორჩა, რომელმაც 16 ქულას 9 პასი წაამატა და შეხვედრის MVP-ც გახდა. ისიც სათქმელია, რომ ესპანურმა კლუბმა პირველი მეოთხედი 20 ქულის სხვაობით (34:14) მოიგო და მატჩის ბედი ნაადრევად გადაწყვიტა.
4 ტურის შემდეგ ტენერიფეს 3 მოგება აქვს და თავის ჯგუფში პირველია. ეს ერთადერთი მარცხი შერმადინის გუნდმა საბერძნეთში, პერისტერისთან განიცადა და მომდევნო ტურში, 14 დეკემბერს, სწორედ მას მასპინძლობს და რევანშის შემთხვევაში მომდევნო ეტაპის საგზურს ნაადრევად გაინაღდებს.
ვიდეო-კოლაჟი მატჩიდან
***
საქართველოს ეროვნული ნაკრების 21 უკანახაზელი, რატი ანდრონიკაშვილი ესპანურმა მურსიამ მედიას ოფიციალურად წარუდგინა. შეგახსენებთ, რომ ანდრონიკაშვილის ევროპული კარიერა ბასკონიის ასაკობრივი გუნდიდან დაიწყო, სადაც ის თბილისში ჩატარებული ამ კლუბის კემპიდან მოხვდა. რატის ესპანეთის პროფესიულ ლიგა ენდესაში არასდროს უთამაშია და მისი დებიუტი შესაძლოა, 4 დეკემბერს ვიხილოთ. მურსია გასვლით მატჩს ვიტორიაში, სწორედ ბასკონიასთან თამაშობს.
რატიმ ახალ კლუბში 35-ნომრიანი მაისური მიიღო და პრესკონფერენციზეც ესპანურ ენაზე ისაუბრა: "შემიძლია გუნდს ენერგია შევმატო როგორც მოედანზე, ასევე - მის გარეთ. მზად ვარ ყველაფერი გავაკეთო, რასაც მწვრთნელი დამავალებს, ვითამაშო დაცვაში, წავიდე შეტევაში, დავკავდე პრესინგით. ძალიან მიხარია, რომ თად მაკფადენთან ერთად ვითამაშებ. ის ჩემი მეგობარია და შემთხვევითი არაა, რომ ნაკრებშიც ერთ ოთახში ვცხოვრობთ. ჩემთვის განსაკუთრებული იქნება, თუკი სადებიუტო მატჩს ვიტორიაში ჩავატარებ. მთელი კარიერა მინდოდა ლიგა ენდესაში თამაში და თუ ეს ბასკონიას ბუესა არენაზე მოხდება, ნამდვილად გამიხარდება".
მურსიას 9 ტურში 4 მოგება აქვს და ლიგა ენდესაში მე-11 ადგილზეა. ბასკონიასთან მატჩი კი კვირას, 4 დეკემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.