გიორგი შერმადინის "ტენერიფე" არ ჩერდება. კუნძულელებმა ესპანეთის ჩემპიონატში მორიგი მატჩი მოიგეს. ტენერიფე სტუმრად ბრეგანს შეხვდა და მეტოქე 86:61 გაანადგურა. მთავარ მწვრთნელს შერმადინისთვის დიდი დრო არ მიუცია. გიორგიმ მოედანზე 13:58 წუთი გაატარა, რა დროშიც 7 ქულასა და 1 მოხსნას მოუყარა თავი. შერმადინმა 7-დან 3 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო გამოიყენა.
8 მოგებითა და 1 მარცხით ტენერიფე ესპანურ ლიგას ლიდერობს. რეალს და ბარსელონას 6 მოგება და 2 მარცხი აქვთ და ცხრილში 3-4 ადგილებს იკავებენ. შემდეგ ტურში, 4 დეკემბერს, ტენერიფე ფუენლაბრადას უმასპინძლებს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გამთამაშებელი, რატი ანდრონიკაშვილი კარიერას ესპანეთის უმაღლესლიგელ მურსიაში გააგრძელებს. 21 წლის ქართველმა ესპანეთის უნივერსიტეტის გუნდთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რაც კლუბმა ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაადასტურა.
"ანდრონიკაშვილს პირველ და მეორე ნომრებზე თამაში ერთნაირი წარმატებით შეუძლია და სარგებელი მოაქვს, როგორც დაცვაში, ასევე - შეტევაში. ბოლო პერიოდია, საქართველოს ნაკრებში მუდმივად იძახებენ. ივლისში, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში ესპანეთთან მატჩში 17 ქულა ჩააგდო და შემდეგ ევრობასკეტზეც ითამაშა" - ვკითხულობთ მურსიაი საიტზე.
მურსიაში საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრი თამაშობს - ნატურალიზებული ამერიკელი, თად მაკფადენი, რომელიც გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. აღსანიშნავია, რომ მურსიამ გუშინ ესპანეთის ჩემპიონატის მატჩი ითამაშა ობრადორიოსთან და 80:85 წააგო, მაკფადენის ანგარიშზე კი 17 ქულა დაგროვდა.
შეგახსენებთ, რომ ანდრონიკაშვილი გასულ სეზონში NCAA-ს ბინადარ კრეიტონის ღირსებას იცავდა, აშშ-დან კი სწორედ ევროპული პერსპექტივის იმედით წამოვიდა. რატისთვის ესპანური გარემო უცხო არ იქნება, რადგანაც ბასკონიას აკადემიაში ვარჯიშობდა და სან პაბლო ბურგოსის ახალგაზრდულ გუნდშიც უთამაშია.
მურსია მომდევნო მატჩს 3 დეკემბერს ვიტორიაში, ბასკონიასთან ითამაშებს და ანდრონიკაშვილის დებიუტიც შესაძლოა ამ დღეს ვიხილოთ.
კვიპროსულ ანორთოსისში ბრწყინვალე დებიუტის (27 ქულა) შემდეგ დუდა სანაძემ მეორე შედეგიანი მატჩი გამართა. თუკი წინა მატჩში ქართველი სნაიპერის გარჯა ფამაგუსტელებს მოსაგებად ეყოთ, გასულ მატჩში ანორთოსისი დამარცხდა. დუდას გუნდის მეტოქე ლიგის ერთ-ერთი ლიდერი "კერავნოსი" გახლდათ, რომელმაც შინაური მატჩი 103:85 მოიგო.
სანაძის გუნდი ბოლო მეოთხედის წინ 19 ქულას აგებდა და მატჩის მოგების შანსიც აღარ ჰქონდა. დუდამ ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა. მან 19 ქულა, 5 მოხსნა და 8 პასი დააგროვა. საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა 13-დან 9 ორქულიანი და ერთი საჯარიმო ჩააგდო. აღსანიშნავია, რომ სანაძემ 7-დან 7 სამქულიანი ააცილა.
დუდა ორ მატჩში საშუალოდ 22 ქულას იხვეჭს. ანორთოსისმა 6 ტურში მეოთხედ წააგო და 11-გუნდიან ლიგაში მე-8 ადგილს იკავებს. სანაძის კლუბი მომდევნო ტურში აპოლონს შეხვდება, რომელიც ჩემპიონატში მე-6 ადგილზეა.
2 მატჩი 24 საათში. სანდრო მამუკელაშვილმა ნბა-სა და განვითარების ლიგაში ზედიზედ ითამაშა. ჯერ მან მილუოკის მაისური მოირგო და 3 ქულა ჩააგდო, განვითარების ლიგაში კი "ვისკონსინ ჰერდის" მაისურით ითამაშა და გამარჯვებაში სოლიდური წილი დაიდო.
მილუოკიმ კლივლენდი ანგარიშით 117:102 დაამარცხა. 23 წლის ქართველმა ფორვარდმა სათამაშო დრო 9:26 წუთი მიიღო და 3 ქულა და 1 მოხსნა მიითვალა. სანდრომ ერთხელ პერიმეტრიდან არაზუსტად ისროლა, ერთი ორქულიანი კი ჩააგდო. მისი ორი საჯარიმო სროლიდან ზუსტი ერთი აღმოჩნდა.
მეორე დღეს მამუკელაშვილმა G ლიგაში გადაინაცვლა, სადაც ვისკონსინს სქაიფორსთან მოგებულ მატჩში ორმაგი დუბლით დაეხმარა და ამ სეზონში პირადი რეკორდით გამოირჩა - 27 ქულა ჩააგდო.
ქართველმა კალათბურთელმა სათადარიგო სკამიდან ითამაშა და მოედნაზე 33 წუთი დაჰყო, რა დროშიც 27 ქულასთან ერთად, 10 მოხსნა (5 შეტევაში, 5 დაცვაში) და 4 პასი მიითვალა. სანდრომ თამაშიდან 19-ჯერ ესროლა და 11 ჩააგდო, 4 საჯარიმოდან კი 3 გამოიყენა. მის ანგარიშზე ასევე 3 დაკარგვა და 2 ფოლი იყო.
ვისკონსინ ჰერდს 5-5 მოგება-წაგება აქვს, მომდევნო შეხვედრას კი სტუმრად 30 ნოემბერს, გრანდ რაპიდს გოლდსთან ჩაატარებს.
მატჩის ვიდეო-კოლაჟი