ქართველმა მოციგურავეებმა მორიგ წარმატებას გერმანიაში მიაღწიეს. 24-26 ნოემბერს დორტმუნდმა საერთაშორისო ტურნირს, NRW TROPHY-ის უმასპინძლა. აღნიშნულ შეჯიბრში, ქართული გუნდიდან მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილმა იასპარეზა და სპორტულ ცეკვებში გაიმარჯვა კიდეც.
ქართველების წყვილი, რომელიც მცირე შესვენების შემდეგ, რეალურად ოლიმპიური თამაშების წინ დაუბრუნდა ყინულს, ტურნირიდან ტურნირამდე „უმატებს" და შედეგს აუმჯობესებს. კაზაკოვა-რევიას წყვილმა ამჯერად, ორი პროგრამის ჯამში, 188.38 (74.73 / 113.65 ) ქულა დააგროვა. ამასთან, ჩვენები ორივე პროგრამაში გამოკვეთილი ლიდერები იყვნენ.
„ქართველმა სპორტსმენებმა 7 ქვეყნის წყვილს შორის პირველი ადგილი და ოქროს მედლები დაიმსახურეს. ორი პროგრამის ჯამში მიღებული 188,38 ქულა მარია და გიორგისათვის სეზონის საუკეთესო შედეგია, რაც მიანიშნებს, რომ ქართველი მოციგურავეები ყოველ ტურნირზე აუმჯობესებენ თავიანთ შედეგს, რაც ევროპის ჩემპიონატის წინ მათი სპორტული ფორმის შენარჩუნებასა და პროგრამების მეტად სრულყოფას უწყობს ხელს", - თვლიან საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციაში.
სწორედ, ევროპის ჩემპიონატია ქართველი სპორტსმენებისათვის ყველაზე საპასუხისმგებლო მომდევნო შეჯიბრი, რომელიც 2023 წლის 23-29 იანვარს, ფინურ ესპოოში გაიმართება. შეჯიბრში, ქართული ციგურაობის ისტორიაში ყველაზე მრავალრიცხოვანი და ამასათანავე სოლიდური გუნდი 2 სპორტული წყვილი, 2 ეღეული მამაკაცი , 1 ქალი და ერთიც მოცეკვავე წყვილი იასპარეზებს.