თუშიმ რინერი დაამარცხა, "მებრძოლმა" ჯერ რევანში აიღო და შემდეგ, საკლუბო ჩემპიონთა ლიგაც მოიგო
თუშიმ რინერი დაამარცხა, "მებრძოლმა" ჯერ რევანში აიღო და შემდეგ, საკლუბო ჩემპიონთა ლიგაც მოიგო
26.11.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ერთი დღის მანძილზე გორმა, ძიუდოში, ევროპის საკლუბო ჩემპიონატს, ევროპის ჩემპიონთა ლიგას უმასპინძლა. ტურნირზე, რომელიც ლეგენდარული  შოთა  ჩოჩიშვილის სახელობისაა, არაერთმა ლეგენდამ, მათ შორის, ტედი რინერმა, ნიკოლოზ შერაზადიშვილმა, დარია ბილოდიდიმ იასპარეზეს. ბუნებრივია, ქართული ძიუდოს მოქმედ ლეგენდებთან ერთად. ტურნირის გამარჯვებული კი, ქართული კლუბი „მებრძოლო" გახდა, რომელმაც ფინალში, სერბული „რედ სტარი" 3-2 დაამარცხა. ქართული გუნდიდან, ფინალურ დაპირისპირებაში ტატო გრიგალაშვილმა (81კგ), ბაგრატ ნინიაშვილმა (66) და გურამ თუშიშვილმა (+90) აიღეს მომგებიანი ქულები. აღსანიშნავია, რომ თბილისურმა კლუბმა მეოთხედფინალში ჯერ, ლეგენდარული ტედი რინერის ფრანგული კლუბი „პარი სენ-ჟერმენი" დაამარცხა ანგარიშით 4-1, 1/2 ფინალში კი, მეორე ქართულ კლუბს, „გოლდენ გორს" მოუგო. აქ, გორელთაგან, ქულის აღება მხოლოდ ლუკა მაისურაძემ მოახერხა (90კგ). „მებრძოლიდან" კი, გურამ თუშიშვილმა (+90), გიორგი ჩიხელიძემ (73), ტატო გრიგალაშვილმა (81) და ბაგრატ ნინიაშვილმა (66) იბრძოლეს. აქვე გეტყვით, რომ ზემოთაღნიშნული ორი ქართული კლუბი, 2021 წელს ერთმანეთს, მესამე ადგილისთვის შეხვდნენ და მაშინ, გორელებმა, „მებრძოლოს" დამარცხება და ბრინჯაოს მედლის აღება მოახერხეს. ახლა კი, ამ ორი ქართული კლუბის ბედი, ცოტა ადრე გადაიკვეთა. „მებრძოლმა" წინა წლის რევანშიც აიღო და საბოლოოდ, ტურნირიც მოიგო.


„გოლდენ გორი" ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში გადაერთო, სადაც კიდევ ერთ ქართულ კლუბს, „არეას" დაუპირისპირდა. დაძაბულ შეხვედრაში გამარჯვება, მსგავს ტურნირებში მონაწილეობის მქონე უფრო გამოცდილმა გორელებმა მოიპოვეს 3-2. გადამწყვეტი ორთაბრძოლა კი, ამ კლუბისთვის ლუკა მაისურაძემ მოიგო. უნდა ითქვას, რომ „არეა", ძირითადად ახალგაზრდა ჯუდოკებით იყო დაკომპლექტებული.


რაც შეეხება, გორში გამართული ევროპის ჩემპიონთა ლიგის ყველაზე საინტერესო შეხვედრას, ის, უდავოდ, გურამ თუშიშვილისა და ტედი რინერის დაპირისპირება იყო, რომელშიც ქართველმა, მსოფლიოს 10-გზისა და ორი ოლიმპიადის გამარჯვებული, ვაზარით დაამარცხა.


და ბოლოს, ნიშანდობლივია, რომ გორში გამართულ ევროპის საკლუბო ჩემპიონთა ლიგა, გორის სპორტის სასახლის სავსე ტრიბუნებისა და მხურვალე ქომაგობის ფონზე ჩატარდა.

 


ძიუდოს ფედერაციის ფოტო