მას შემდეგ, რაც ბოლო მატჩებში ცალ ხელზე დასათვლელი წუთებით ჩნდება მოედანზე, გოგა ბითაძემ ინდიანას შემადგენლობაში 15 წუთი ითამაშა. ეს მოხდა მინესოტასთან მატჩში, რომელიც პეისერსმა 101:115 წააგო. ამ 15 წუთის განმავლობაში ქართველმა ცენტრმა 4 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი, 2 ჩაჭრა და 3 დაფარება მიითვალა.
ქართველმა კალათბურთელმა 4-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამქულიანი ააცილა, ბურთი არ დაუკარგავს და მხოლოდ 1 პერსონალური ფოლი მიიღო. სტატისტიკიდანაც სჩანს, რომ გოგა არაერთ კომპონენტში იყო სარგებლიანი და ამაზე, ერთი მნიშვნელოვანი დეტალიც მეტყველებს: ბითაძის მოედანზე ყოფნის პერიოდში პეისერსმა სტუმრებზე 1 ქულით მეტი ჩააგდო. ქართველი ცენტრი მასპინძელთა რიგებში ერთადერთი იყო, ვისაც დადებითი +/- კოეფიციენტი ჰქონდა.
ინდიანელთა მხრიდან 31 ქულით (9-დან 7 სამქულიანი) სასტარტო ცენტრი მაილს ტერნერი გამოირჩა, წლევანდელი სეზონის ერთ-ერთმა აღმოჩენა ბენედიკტ მატურინმა კი ამჯერად 21 ქულა ჩააგდო.
მინესოტას მხრიდან შეუჩერებლები იყვნენ ცენტრები: კარლ ენტონი ტაუნსმა 23 ქულას 11 მოხსნა და 8 პასი წაამატა, ხოლო რუდი გობერის აქტივში 21 ქულა და 16 მოხსნა გახლდათ.
ინდიანას 10 მოგება და 7 მარცხი მოუგროვდა (ზედიზედ 5 გამარჯვების შემდეგ, პირველად წააგო) და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზე იმყოფება, რაც პლეი ოფში თამაშის უფლებას იძლევა, თუმცა, მანამდე ჯერ კიდევ ძალიან შორია. ბითაძის გუნდს მომდევნო შეხვედრა 26 ნოემბერს ბრუკლინ ნეტსთან ელის.
მატჩის ვიდეო-კოლაჟი