დამატებული სათამაშო დრო, VAR-ი, პროტესტები და რიშარლსონის მაკრატელა - პირველი ტურის შემდეგ...
დამატებული სათამაშო დრო, VAR-ი, პროტესტები და რიშარლსონის მაკრატელა - პირველი ტურის შემდეგ...
25.11.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, კატარში, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის თამაშები დაიწყო. ჩემპიონატის, რომელიც საკმაოდ საინტერესოდ და ბევრი ინტრიგით მიმდინარეობს. ამ მხრივ, ალბათ, რამდენიმე მომენტის გამოყოფა შეგვიძლია, მაგალითად ფიფა-ს მორჩილება კატარის წესრიგთან (კანონმდებლობა) - სადაცა ხარ, იქაური ქუდი დაიხურეო, ჰოდა, აქაც ყველამ, ყველაზე ევროპელებმაც კი, ქუფია (keffiyeh) მოირგეს და 18 დეკემბრამდე სრული მორჩილება გამოაცხადეს.

მაგალითად, გუნდების (ძირითადად ევროპულ ნაკრებებს) კაპიტნებს აუკრძალეს One Love-ის (ერთი სიყვარული) კაპიტნის სამკლაურების ტარება. არადა, ეს სამკლაური, ყველა სახის დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლო უნდა გამხდარიყო. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული კამპანია, რომელიც გასულ წელს დაიწყო, ნიდერლანდების საფეხბურთო ასოციაციის ინიციატივა იყო და რეალურად ჩაიშალა, თავად ნიდერლანდელების მხრივ იმ დოზით არ ყოფილა გაპროტესტებული, როგორც ეს გერმანელებმა გაბედეს. ერთადერათი, ვინც ეს აკრძალვა ოფიციალირად სავსე სტადიონის წინ გააპროტესტა მხოლოდ, გერმანიის ნაკრები იყო. მათ, ეს პროტესტი პირზე ხელის აფარებით გამოხატეს, თუმცა, შემდეგ, თამაშისას, იაპონიის ნაკრებთან „მანუს", ქულის ასაღებად, სწორედ იმ ხელის გაშვერა დააკლდა...




უკვე მეორე ტურის დაწყებიდან, მსოფლიო ჩემპიონატზე მომსახურე სტუარტებს დაავალებენ, ყველა პოლიტიკური შინაარსის პლაკატის ჩამოხსნას, თუმცა, „პოლიტიკური შინაარსის", მიმდინარე ჩემპიონატზე, ირანში, მაჰსა ამინის მკვლელობა და მას შემდგომ განვითარებული საპროტესტო მოვლენებია, რომელიც კატარსაც გადმოსწვდა. კატარის სტადიონებზე  კი, ირანის ნაკრების ფანებს შორის ბევრი ქალია, რომლებიც თამამად, ჰიჯაბებით თუ მის გარეშე, საკუთარი ქვეყნის გუნდს ქომაგობენ. თუმცა, ამას სტადიონის ტრიბუნიდან აკეთებენ, განსხვავებით საკუთარი სამშობლოსგან, სადაც, ქალებს საფეხბურთო მატჩებზე (მამაკაცთა თამაშები გვაქვს მხედველობაში) დასწრება ეკრძალებათ. ამ პროტესტს ირანის ნაკრების ფეხბურთელებიც შეუერთდნენ ინგლისთან მატჩის წინ და საკუთარი ქვეყნის ჰიმნი არ იმღერეს. თამაშის მსვლელობისას სოცქსელში დაიწერა, რომ ფეხბურელებს, სავარაუდოდ სასჯელი არ აცდებოდათ.




პროტესტების თემა, რომ მოვილიოთ, მე პირადად მაკლია, პროტესტი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. რაც შეეხება საფეხბურთო მხარეს, პირველმა ტურმა, იმის ნაცვლად, რომ ცოტა დაელაგებინა წინასაჩემპიონო ორომტრიალი, კიდევ უფრო დაძაბა ვითარება - აქ, პირველ რიგში არგენტინისა და გერმანიის ნაკრებების გასწვრივ 0 ქულას ვგულისხობთ.  აი, ამ მხრივ, მოლოდინი ვინც გაამართლა, საფრანგეთის ნაკრები იყო, რომელმაც პირველ სათამაშო დღეს, დამაჯერებლად, დაგეგმილი მოგება ჩაიწერა აქტივში და ეს, სტარტამდე საგრძნობლად შემცირებული სკამის მიუხედავად გააკეთა.


საფეხბურთო პერიპეტიებზე, მოლოდინებზე, პიტველი ტურის მატჩებიდან გამომდინარე გათვლებსა და შთაბეჭდილებებზე და საერთოდ, მიმდინარე ჩემპიონატზე, ჩვენ აზრი ვკითხეთ, ქართული სპორტული მედიის წარმომადგენლებს. დღეს, გთავაზობთ, ამ ბლიც-გამოკითხვის ერთ ნაწილს. ამავდროულად, მადლობას ვუხდით, კოლეგებს ამ გამოკითხვაში მონაწილეობისთვის.

 

 



პირველი ტურის შემდეგ, გაამართლა თუ არა თქვენმა მოლოდინებმა?

ამირან შაიშმელაშვილი (Live.ge) -  ფეხბურთი, ისევე, როგორც სპორტის სხვა სახეობები, ხელოვნება, მეცნიერება და ტექნოლოგია, ყოველწლიურად ვითარდება. მსოფლიოს ჩემპიონატები კი, ბოლო წლების ამ პროგრესის შეჯამებას და უახლოესი მომავლის ტენდენციების პროგნოზს წარმოადგენს. შესაბამისად, 2022 წლის მუნდიალმა 1 ტურის თავზე უკვე წარმოაჩინა ის სიხლეები, რომელსაც უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში ფეხბურთში აქტიურად ვიხილავთ.


დავით ერაძე (მთავარი) - ნაწილობრივ, მცირე უკმარისობის გრძნობა რჩება მაინც. ალბათ, მატჩების დაწყების დროც თავისას შვრება.


გიორგი პავლიაშვილი (სილკ სპორტი) - ზოგადად, მიჩვეულები ვართ, რომ დიდი ტურნირების საწყისი მატჩები შედარებით მძიმე და ნაკლებად სანახაობრივი გამოდის, ამის გათვალისწინებით ჩემპიონატის პირველმა ტურმა საკმაოდ ნორმალურად ჩაიარა, ვნახეთ რამდენიმე უხვგოლიანი და სანახაობრივი შეხვედრა, იყო დაძაბულობა და სენსაციებიც.


რატი შელეგია (ყოველკვირეული გაზეთი „კვირის პალიტრა")  - მეტ-ნაკლებად. იყო რამდენიმე მატჩი, რომლებისგანაც გაცილებით მეტს ველოდით.


ილია ბაბუნაშვილი (Sarbieli.com) - გაამართლა იმ თვალსაზრისით, რომ რასაც ველოდი დაახლოებით ის არის.


ანი კიკნაძე (ობიექტივი) - მეტნაკლებად გაამართლა. მაინც უჩვეულოა ჩემპიონატი ყატარში, უჩვეულოა სეზონი და განწყობა არ არის ტრადიციული, მაგრამ სანახაობრივად უინტერესო ჩემპიონატი ნამდვილად არაა. პირველი ტური ცოტაა, რაიმე კონტურების გამოსახატად, მაგრამ მაინც მგონია, რომ საინტერესოდ განვითარდება მოვლენები. პირველივე ტურში გაჩნდა ინტრიგა, სენსაციის მოლოდინი და ეს ყველაფერი დამატებით ემოციას სძენს ჩემპიონატს. ვფიქრობდი იმასაც, რომ ფეხბურთელებისთვის შუა სეზონი დამღლელი იქნებოდა და ეს ხარისხს დაეტყობოდა, მაგრამ არ მეჩვენება რომ ასეა.


ჯემალ ფარცახაშვილი (რუსთავი 2) - ჯერ-ჯერობით ამართლებს. უფრო მეტი ხარისხიანი,სანახაობრივი თამაშია. საორგანიზაციო კუთხით არის გარკვეული პრობლემები და ამის მოლოდინიც იყო პრინციპში. მთლიანობაში ჩემპიონატი კარგად მიმდინარეობს.


დავით სხირტლაძე (Crystalsport.ge) - პირველი წრის შემდეგ დადებით შვაფასებდი ტურნირს და ვფიქრობ რომ ჯერ ამართლებს.


სოფო ერქვანია (ტელეკომპანია იმედი) - სიმართლე გითხრათ პირველმა ტურმა მოლდინები გაამართლა, რადგან რამდენიმე მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა. ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტებში შესული არგენტინა და გერმანია საუდის არაბეთსა და იაპონიასთან თუ დამარცხდებოდნენ.


გიორგი ფულარიანი (Setanta Sports) - თუ არ ჩავთვლით, რომ ზედმეტად ბევრი 0-0 იყო, მაინც შემიძლია ვთქვა, რომ გაამართა. ყველა თამაშს აქვს ის დაძაბულობა, რაც მუნდიალს უხდება.




რა დადებითი და რა უარყოფითი მხარეები დაგანახათ ამ ერთმა ტურმა?

ამირან შაიშმელაშვილი (Live.ge)  - დადებითი და უარყოფითი მხარეების განხილვისას კვლავაც სიახლეებსა და ტენდენციებს უნდა შევეხო. პირველ რიგში, ჩემთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა პირდაპირი რეპორტაჟების ტრანსლირებისა და ორგანიზების ხარისხის გაუმჯობესება. თანამედროვე ტექნოლოგიების, ციფრული მოწყობილობების გამოყენება და აქტიურად აპრობირება ფეხბრუთთან ძალიან სასიამოვნოა. გამორჩეულად კარგი სანახავია უშუალოდ ტრანსლირების ხარისხი. ვფიქრობ, გადაღებისა და ჩვენების ამ დონის ხარისხი აქამდე არცერთ სხვა საფეხბურთო ტურნირსა და რეპორტაჟზე არ გვიხილავს. უარყოფითი მხარე არის ის, რასაც საფეხბურთო სამყარო ტურნირის დაწყებამდე ხანგრძლივი პერიოდით ადრე აპროტესტებდა - მუნდიალის ჩატარების დრო. მიმდინარე საფეხბურთო სეზონის შუაში ტურნირის ჩატარება არის მიზეზი, რომელიც იწვევს ფეხბურთელების ტრავმების სიხშირესა და სიმძიმეს.


დავით ერაძე (მთავარი) - გუნდების უმრავლესობა თამაშში შესვლას ვერ ახერხებს, თითქოსდა ჯერ ისევ მოსამზადებელი პერიოდია. არცაა გასაკვირი, მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად ნაკრებებს ერთი კვირა ჰქონდათ.


გიორგი პავლიაშვილი (სილკ სპორტი)  - ვფიქრობ, კარგი ტენდეციაა ტაიმებზე გაცილებით მეტი დროის დამატება, ვიდრე ჩვეულებრივ. განსაკუთრებული შეჩერებების გარეშეც, თამაშის მინდინარეობისას საკმაოდ დიდი დრო იკარგება, სასიამოვნოა რომ ამის კომპენსირება ხდება.


რატი შელეგია (ყოველკვირეული გაზეთი „კვირის პალიტრა") - ვნახეთ რამდენიმე შედეგიანი და საინტერესო შეხვედრა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ინგლისის, ესპანეთის, საფრანგეთის, ბრაზილიის (მეორე ტაიმში) თამაში და ძალდაუტანებელი გამარჯვებები. იმის მიუხედავად, რომ ამ გუნდების მეტოქეებმა სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს, ბევრი გოლი, პირველ რიგში, სწორედ ზემოთ აღნიშნული ნაკრებების კარგი თამაშის შედეგია. სასიამოვნო სიურპრიზი იყო რამდენიმე გუნდის (იაპონია, კანადა, ზოგიერთი აფრიკული ნაკრები) კარგი თამაშიც. რაც შეეხება პირველი ტურის უარყოფით მხარეს, პირველ რიგში, უგოლო ფრეების სიმრავლე (პირველი ტურის თექვსმეტ შეხვედრაში, ოთხი უგოლო მატჩი ვნახეთ) უნდა აღვნიშნოთ. უარყოფითის რა გითხრათ, მაგრამ საკმაოდ უჩვეულოა, რომ თითქმის ყველა მატჩს, საშუალოდ, 8-10 წუთი ემატება.


ილია ბაბუნაშვილი (Sarbieli.com) - ძალიან არ მომწონს VAR-ის ჩარევა, განსაკუთრებით თამაშგარე მდგომარეობების ინტერპრეტაცია. გარდა ამისა, მსოფლიოს ჩემპიონატი არ უნდა იყოს საკლუბო სეზონში ჩასმული. ეს ემოციურად ასვამს დაღს შეჯიბრებას.


ანი კიკნაძე (ობიექტივი) - დადებითი, ვფიქრობ არის ის, რომ თითქმს არცერთი გუნდი არ აღმოჩნდა უბრალოდ მონაწილე, იმის მიუხედავად, რომ აშკარა აუტსაიდერობის კანდიდატი იყო რამდენიმე მათგანი. რამდენად დადებითია არ ვიცი, მაგრამ ეს ჩემპიონატი აშკარად უფრო მეტი გახდა, ვიდრე ფეხბურთი. ვგულისხმობ პროტესტს მოედანზეც და ტრიბუნებზეც, არის ამაში რაღაც მომხიბვლელი, თუ შეიძლება, რომ კიდევ უფრო სოციალური გახდეს ფეხბურთი, ჩემი აზრით ასეთ ელემენტებს შეუძლიათ ეს. უარყოფითი იტალიის ნაკრების არყოფნაა, იმის მიუხედავად, რომ ერთხელაც კი არ მიგულშემატკივრია, მაკლია იტალიური სტილი და ყველაფერი, რაც მოედანზე გადმოაქვთ.


ჯემალ ფარცახაშვილი (რუსთავი 2) - დადებითია ის, რომ ფეხბურთის დონემ აიწია. ტაქტიკურად და ფიზიკურად ფაქტიურად ყველა ქვეყნის ნაკრები იდეალურად არის მომზადებული. კარგია, რომ შემტევი სტილი არის დომინანტი რაც სანახაობის გარანტიაა. უარყოფითს რაც შეეხება, მოკლედ ვიტყვი ეს არის VAR. ან უნდა დაიხვეწოს ეს სისტემა ან გააუქმონ.


დავით სხირტლაძე (Crystalsport.ge) - უარყოფითი და რაც ეგრევე გხვდება მაყურებელბის ნაკლებობა და დადებითი ბევრ დროს რო ამატებენ თამაშებს.


სოფო ერქვანია (ტელეკომპანია იმედი) - დადებით მხარეებზე საუბარი ძალიან გამიჭირდება, რადგან მასპინძელ ქვეყანაში არ არის ის განწყობა და ვითარება, რომელიც საფეხბურთო ზეიმს უხდება - მეტიც, აუცილებელია. თუმცა გამოვყოფდი ირანის ფეხბურთელების პროტესტს. ამ ფეხბურთელებმა ქვეყანაში არსებულ რეჟიმს პროტესტი შესაძლოა საკუთარი სიცოცხლის ფასადაც კი გამოუცხადეს, რაც ნამდვილად დასაფასებელია.


გიორგი ფულარიანი (Setanta Sports) - დადებითი არის თუნდაც ის, რომ საუდის არაბეთი და იაპონია გრანდებს უგებენ. უარყოფითი? ჩემი აზრით, მაინც ძალიან ბევრს ამატებენ ხოლმე მსაჯები და იმედია ამ ტენდენციას ჩემპიონთა ლიგაზე არ გადმოიღებენ.




როგორ ფიქრობთ, რა იყო ყველაზე დიდი მოულოდნელობა/ იმედგაცრუება და თქვენი აზრით, რა იყო ამის მიზეზი?


ამირან შაიშმელაშვილი (Live.ge)  - ჩემთვის და ალბათ, ფეხბურთის გულშემატკივრების უმეტესობისთვის ყველაზე დიდი მოულოდნელობა მატჩის პირველი და მეორე ტაიმებისთვის, ჩვეულზე ბევრად მეტი დროის დამატება იყო. კომპენსირებული წუთების რაოდენობა ცხადია, გამოწვეულია მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის ტენდენციიდან, რომ მატჩის დროს ყველაზე დიდი დრო დაეთმოს სუფთა სათამაშო დროს და მატჩის მონაწილე პირების მიერ დროის ხელოვნურად გაყვანის ჩვეული მცდელობები უსაფუძვლო და აზრდაკარგული აღმოჩნდეს.


დავით ერაძე (მთავარი) - არგენტინა და გერმანია, ორი ნაკრები, რომელიც ამ ჩემპიონატის მშვენება უნდა ყოფილიყო ძალიან ცუდი საცქერი გამოდგა.


გიორგი პავლიაშვილი (სილკ სპორტი) - ყველაზე დიდი მოულოდნელობა არგენტინის მარცხია. თუმცა ამ გუნდთან დაკავშირებით განსაკუთრებული და გადამეტებული მოლოდინია შექმნილი, რაც სავარაუდოდ, არც თავად ფეხბურთელებზე მოქმედებს კარგად. მეორე მხრივ, გამაკვირვა საუდის არაბეთის ნაკრების ტაქტიკამ და თამაშმა, გუნდი იდეალურად იყო მომზადებული უშუალოდ არგენტინასთან სათამაშოდ და ამავე შეხვედრაში გამოჩნდა რამხელა შეიძლება იყოს მწვრთნელის როლი და ზეგავლენა თამაშზე.


რატი შელეგია (ყოველკვირეული გაზეთი „კვირის პალიტრა") - ყველაზე დიდი მოულოდნელობა, რა თქმა უნდა, არგენტინის და გერმანიის ნაკრებების სენსაციური მარცხია. ტურნირის დაწყებამდე, ორივე გუნდი მიიჩნეოდა ჩემპიონობის პრეტენდენტად, მოულოდნელი წაგებების შემდეგ კი, ჯგუფიდან გასასვლელადაც მნიშვნელოვანი ძალისხმევა მოუწევთ.  რაც შეეხება ფავორიტების მარცხის მიზეზებს, საუდის არაბეთმა სარისკო, მაგრამ სწორი ტაქტიკის წყალობით მოახერხა ანგარიშის გათანაბრება, მერე კი, მოწინააღმდეგის შოკური მდგომარეობით ისარგებლა და გამარჯვების გოლიც გაიტანა. თამაშის პირველ ნახევარში მოპოვებული უდიდესი უპირატესობის მიუხედავად, გერმანიის ნაკრებმა მხოლოდ ერთი ბურთის გატანა შეძლო, მეორე ტაიმში კი იაპონიამ სწორი ტაქტიკის (და მცირედი გამართლების) წყალობით, სენსაციური გამარჯვება მოიპოვა.


ილია ბაბუნაშვილი (Sarbieli.com) - ორიგინალური ვერ ვიქნები: არგენტინის და გერმანიის წაგება. მიზეზებზე ლაპარაკი ჯერ ადრეა, რადგან შესაძლოა ეს მიზეზები მარტო პირველი ტურით არ შემოიფარგლება და უფრო სიღრმისეულია. ეს მომავალში გამოჩნდება


ანი კიკნაძე (ობიექტივი) - ცალსახად გერმანიის მარცხი იყო ყველაზე დიდი მოულოდნელობაც და ალბათ, იმედგაცრუებაც. თითქოს არგენტინაც, მაგრამ წესით ის, რომ ამ არგენტინის ნაკრებისგან გულშემატკივარი უფრო მეტს მოელის უფრო სურვილია, ვიდრე რეალობა. გერმანის შემთხვევაში, არ ვიცი რა იყო მიზეზი, არ მგონია, რომ მხოლოდ ბანალური მიზეზი "მეტოქის არ დაფასება" იყოს, მითუმეტეს რომ მშვენივრად და ლოგიკურად მიდიოდა ყველაფერი. არ მიყვარს არც ეს მიზეზი, მაგრამ იღბალს დავაბრალებ...


ჯემალ ფარცახაშვილი (რუსთავი 2) - ჯგუფური ეტაპის უკლებლივ ყველა შეხვედრა მიშვნელოვანია. თითოეულ ქულას შესაძლოა ჰქონდეს გადამწყვეტი მნიშვნელობა. თუმცა, მეორე ტური უფრო მიშვნელოვანი იქნება გუნდებისთვის. რაც შეეხება თუ ვინ გავა მომდევნო ეტაპზე: ნიდერლანდები, ეკვადორი, ინგლისი, აშშ, მექსიკა, არგენტინა, საფრანგეთი, დანია, ბელგია, ხორვატია, ესპანეთი, იაპონია, პორტუგალია, კორეა, ბრაზილია, სერბეთი.


დავით სხირტლაძე (Crystalsport.ge) - არგენტინის წაგება დიდი მოულოდნელობა იყო და ამის მიზეზი საუდთა მწვრთნელი ჰერვ რენარდია, რომელსაც ძალიან მაგრა ყავდა შესწავლილი მოწინააღმდეგე ნაკრები.


სოფო ერქვანია (ტელეკომპანია იმედი) - უკვე ვახსენე და განვმეორდები - ყველაზე დიდი მოულოდნელობა არგენტინისა და გერმანიის ნაკრებების წაგება იყო. თუმცა, ჩემთვის იმედგაცრუება ნამდვილად არ ყოფილა. გამომდინარე იქიდან, რომ გერმანიამ გაცილებით უკეთესი გუნდით წინა მსოფლიოს ჩემპიონატზეც ჯგუფური ეტაპი ვერ დაძლია, ვფიქრობ ახლაც იგივე შედეგი ექნებათ, რადგან ჯგუფში ესპანეთის სახით ძლიერი კონკურენტი ჰყავს. არგენტინას კი, ზედმეტად დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრა, რადგან ეს ბოლო მსოფლიოა მესისთვის და მათგან გამარჯვებას ელოდებიან, რაც წნეხს ზრდის, მაგრამ გერმანიასთან შედარებით არგენტინას უფრო მეტი შანსი აქვს, რადგან ესპანეთის დონის მეტოქე არ ჰყავს.


გიორგი ფულარიანი (Setanta Sports) - მოულოდნელობა იყო საუდის არაბეთის გამარჯვება, თან 0-1-დან არგენტინასთან, ხოლო იმედგაცრუება ჩემთვის, როგორც გერმანიის ნაკრების გულშემატკივრისთვის - მარცხი იაპონიასთან. მით უმეტეს მაშინ, როცა გუნდი კარგად გამოიყურებოდა, იგებდა, უბრალოდ ბევრი მომენტი გაანიავეს და მერე ბუნდესლიგელმა იაპონელებმაც მეტოქე დასაჯეს.




იქონიებს თუ არა და რა გავლენა ექნება ამ ტურის თამაშებს, ჯგუფური ეტაპის საბოლოო შედეგზე. თქვენი აზრით ვინ გავლენ ჯგუფიდან?

ამირან შაიშმელაშვილი (Live.ge)  - მუნდიალზე ნათამაშებ თითოეულ წუთს რა თქმა უნდა, გავლენა ექნება ტურნირის მიმდინარეობასა და შედეგებზე. უშუალოდ ჯგუფურ ეტაპს რაც შეეხება, ვიხილეთ 3 გამოკვეთილი სენსაცია და რამდენიმე მოულოდნელი შედეგი. არგენტინის და გერმანიის ნაკრებების მარცხი, ხოლო დანიის ნაკრების მოუგებელი მატჩი ტუნისის წინააღმდეგ, შემდეგი ტურებისთვის საკმაოდ დიდ ინტერესს აჩენს და შესაბამის ჯგუფებს დამატებით ინტრიგას მატებს. წინასწარი პროგნოზების გაკეთებისგან თავს შევიკავებ, თუმცა იმედს ვიტოვებ ლიონელ მესი და არგენტინის ნაკრები ჯგუფური ეტაპის ბარიერს მაინც დაძლევს და ნანატრი ტიტულისთვის იბრძოლებს.


დავით ერაძე (მთავარი) - სავარაუდოდ ექნება, განსაკუთრებით გერმანიისთვის, უკვე ჯგუფშივე უწევს ნაადრევი ფინალის ჩატარება ესპანეთის წინააღმდეგ, არგენტინა ვფიქრობ გავა, დანარჩენ ჯგუფებში მოულოდნელობას არ ველოდები, ბელგიის ჩარჩენა არ იქნება ჩემთვის მოულოდნელობა.


გიორგი პავლიაშვილი (სილკ სპორტი) - რა თქმა უნდა, პირველივე ტურში ფეხის დაცდენა შეიძლება ძვირად არაერთ ნაკრებს დაუჯდეს, პირობითად გერმანიას, რომელსაც ფინალის ტოლფასი მატჩი უკვე მეორე ტურშივე ელოდება ესპანეთის ნაკრებთან. ვფიქრობ, არგენტინა მაინც მოახერხებს ჯგუფური ეტაპის დაძლევას. ასევე გავლენ, ურუგვაი და დანია, უსახური 0:0 ების მიუხედავად.


რატი შელეგია (ყოველკვირეული გაზეთი „კვირის პალიტრა") - ცხადია, გავლენა იქნება. თუნდაც, იმ მხრივ, რომ დამარცხებულებს, მოულოდნელად დაკარგული ქულების ანაზღაურება გაცილებით ძლიერ მეტოქეებთან მოუწევთ. აუცილებლად მოსაგები თამაშებისთვის დამახასიათებელ წნეხს კი ყველა თანაბრად ვერ უძლებს! პირველ მატჩებში მოპოვებული სენსაციური გამარჯვებები სულაც არ ნიშნავს, რომ მაგალითად, საუდის არაბეთი, ან - იაპონია ჯგუფიდან გავლენ, თუმცა, ფაქტია, რომ ფავორიტების დამარცხება დადებითად აისახება მათ მენტალურ და სატურნირო მდგომარეობაზე. ჯგუფიდან გავლენ: ნიდერლანდები, სენეგალი; /ინგლისი, აშშ; / მექსიკა, არგენტინა; საფრანგეთი, დანია; /ხორვატია, ბელგია; /ესპანეთი, გერმანია; / ბრაზილია, სერბეთი; / პორტუგალია, განა;


ილია ბაბუნაშვილი (Sarbieli.com) - პროგნოზისტად არ ვვარგივარ, ამიტომ ვერ ვიტყვი ვინ გავა ჯგუფიდან. გავლენას კი რასაკვირველია იქონიებს.


ანი კიკნაძე (ობიექტივი) - ზოგიერთ შემთხვევაში პირველი ტური აშკარად თუ არა, მეტად გადამწყვეტი იქნება. A ჯგუფში ნიდერლანდები აშკარა ფავორიტად ითვლება და მერვედფინალში იქნება კიდეც, მეორე ადგილზე ალბათ, სენეგალი გავა. B ჯგუფში ინგლისია ფავორიტი და უელსისგან არც არაფერს ველოდი, როგორც ყოველთვის. აქ, მესამე ტურს ველოდები, ყველაზე საინტერესო და პოლიტიკური მატჩი იქნება ამერიკას და ირანს შორის. ლოგიკურად, ამერიკის გასვლას ველოდები, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატებში ლოგიკა ხშირად არ ჭრის. C უცნაური ჯგუფია, აუტსაიდერი ლიდერობს პირველი ტურის შემდგომ, თუმცა წარმოუდგენელია არგენტინის და პოლონეთის გასვლის გარდა სხვა რაიმე სცენარი. საუდის არაბეთს თამაშის ხარისხი არ უჩვენებია, არგენტინა იყო უბრალოდ უარესი, მაგრამ ეს მარცხი ცივი წყლის ფუნქციას შეასრულებს. D ჯგუფიდან, საფრანგეთი და დანია გავლენ შემდეგ ეტაპზე.  E  - ყველაზე რთული ჯგუფი და პირველი ტური, რომელიც უკვე საშიშროებას უქმნის გერმანიას. ლოგიკურად ესპანეთიუ და გერმანია ფავორიტები არიან, მაგრამ გულდასაწყვეტი სენსაციის სცენარით მგონია მოვლენების განვითარება. F -  ხორვატია და ბელგია,  G -  ბრაზილია დ სერბეთი, H პორტუგალია და განა.


ჯემალ ფარცახაშვილი (რუსთავი 2) - ჯერ-ჯერობით იმედგაცრუებაზე საუბარი ნაადრევია. თუმცა, ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ დარწმუნებული ვარ ამ მიმართულებით ბევრი გვექნება სალაპარაკო.


დავით სხირტლაძე (Crystalsport.ge) - ეგრე გადაწყვეტილად ჯერ ვერ იმოქმედებს პირველი წრის შედეგები ,მაგრამ რაღაცეები გამოიკვეთა. ჯგუფებიდან გავლენ:  ჰოლანდია, სენეგალი / ინგლისი, აშშ /  პოლონეთი,  არგენტინა / საფრანგეთი,  დანია / ესპანეთი, გერმანია / ბელგია ,  მაროკო / ბრაზილია, სერბეთი / პორტუგალია,  ურუგვაი.


სოფო ერქვანია (ტელეკომპანია იმედი) - რა თქმა უნდა იქონიებს გავლენას. ვფიქრობ, რომ ამ მსოფლიოს ფავორიტებად ბრაზილიის, საფრანგეთის, ესპანეთისა და პორტუგალიის ნაკრებები უნდა მოვიაზროთ. 4-ივე მათგანმა პირველ ტურში კარგად ითამაშა და უღიმღამო ჩემპიონატს „მუღამი" შესძინა. ზოგადად, ბევრი დანაკლისის მიუხედავად საფრანგეთი ერთ-ერთი გამორჩეულია და შესაძლოა დიდიე დეშამის გუნდმა ზედიზედ მეორე ჩემპიონობა იზეიმოს.




პირველი სათამაშო ტურის საუკეთესო გოლი რომელია?


ამირან შაიშმელაშვილი (Live.ge) - მეხუთე სათამაშო ტურის საუკეთესო გოლად ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელის, რიშარლისონის შესანიშნავ მაკრატელა დარტყმულს დავასახელებ, რომელიც მან სერბეთის ნაკრებს გაუტანა, მეორე ადგილს კი ესპანელი გავის კოსტა რიკასთან გატანილ გოლს მივაკუთვნებ.

დავით ერაძე (მთავარი) - ცალსახად, რიშარლსონის მაკრატელა.

გიორგი პავლიაშვილი (სილკ სპორტი) -  რიშარლისონი, სალემ ალ დავსარი, გავი

რატი შელეგია (ყოველკვირეული გაზეთი „კვირის პალიტრა") - რიშარლისონის ულამაზესი გოლი - ბრაზილია-სერბეთის მატჩში.

ილია ბაბუნაშვილი (Sarbieli.com) - რიშარლისონის გოლი სერბეთის კარში

ანი კიკნაძე (ობიქეტივი) - სალომ ალ დავსარის გოლი არგენტინის კარში და პაწკუნტელა გავის გოლი მომეწონა ყველაზე მეტად.

ჯემალ ფარცახაშვილი (რუსთავი 2) - ბრაზილია vs სერბეთი / რიშარლისონის მეორე გოლი

დავით სხირტლაძე (Crystalsport.ge) -რიშარლისონი

სოფო ერქვანია (ტელეკომპანია იმედი) - გამოვარჩევდი რა თქმა უნდა რიშარლისონის გოლს სერბეთის წინააღმდეგ. ასეთი გოლების გამო გვიყვარს ფეხბურთი და ასეთი გოლები ალამაზებს ნებისმიერ ტურნირს. ფინალში კი ბრაზილია - საფრანგეთს მოვიაზრებ.

გიორგი ფულარიანი (Setanta Sports) -  რიშარლისონი სერბეთთან.

 

 


სტატიაში გამოყენებულია FIFA.com -ის ფოტოები