26 ნოემბერს გორი, ძიუდოში მთავარ საკლუბო ტურნირს უმასპინძლებს. IJF-ის გვერდზე ამ მომენტისთვის 26 ქვეყნის 161 სპორტსმენია რეგისტრირებული. შოთა ჩოჩიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ ევროპის საკლუბო ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე მრავალრიცხოვანი 56 ჯუდოკათი და მათ შორის ლეგენდარული ტედი რინერით, რომელიც PSG-ს ძიუდოს კლუბს წარმოადგენს, საფრანგეთი იასპარეზებს. ტურნირამდე 2 დღით ადრე, რინერი უკვე თბილისშია და აქ აგრძელებს მზადებას. გორში, კიდევ სხვა ბევრ ვარსკვლავს ელიან.
ევროპის ძიუდოს კავშირის გადაწყვეტილებით, საერთო ჯამში, საქართველოში დაგეგმილ ტურნირზე, ევროპის 15 კლუბი იასპარეზებს, როგორც მამაკაცთა, ასევე ქალთა შორის. საქართველო, საფრანგეთის შემდეგ, ყველაზე მეტი 30 ძიუდოისტით გამოვა, თუმცა, ისინი სამი კლუბის „გოლდენ გორის" (2021 წლის ბრინჯაოს მედალოსანი), „მებრძოლისა" და „არეას" სახით იქნებიან წარმოდგენილები. ამასთან აღსანიშნავია, რომ ქართველებს, ამ ჯერზე ქალი წარმომადგენლები არ გვეყოლება (გოგონების ძირითადი ბირთვი, იაპონიაში, საწვრთნელ შეკრებაზეა და ტოკიოს გრან სლემისთვის ემზადება). აი ბიჭები კი, საკმაოდ „ხმაურიანი" სახელებით და გვარებით იასპარეზებენ.
გეტყვით იმასაც, რომ გორის დარბაზში, ერთდღიან შეჯიბრში, რომლის წილისყრაც 25 ნოემბერს გაიმართება, გუნდი უნდა შედგებოდეს 5 წევრისგან თითო, თითო წონით კატეგორიაში:
ქალთა გუნდები: -52 კგ; -57 კგ; -63 კგ; -70 კგ; +70 კგ
მამაკაცთა გუნდები: -66 კგ; -73 კგ; -81 კგ; -90 კგ; +90 კგ
და ალბათ, ცოტა რამ საპრიზო ფონდზეც უნდა ვთქვათ, რომელიც 60000-ს ევროს შეადგენს. აქედან, როგორც ქალთა, ისევე მამაკაცებს შორის პირველ ადგილზე გასული კლუბი 12000, მეორეზე - 8000, ხოლო მესამედაგილოსანი კი, 5000-5000 ათას ევროს მიიღებს.
26 ნოემბერს, გორში, ადგილობრივ სპორტის სასახლეში ტურნირი დილის 10:00-ზე დაიწყება და მასზე დასწრება უფასო იქნება.
სტატიაში გამოყენებულია live.ge-ს კადრი, ასევე გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ფოტო