სვანაძის 21-წლამდებმა წლის ბოლო შეხვედრა ფრედ ითამაშეს
სვანაძის 21-წლამდებმა წლის ბოლო შეხვედრა ფრედ ითამაშეს
21.11.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე  საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა, მიმდინარე წლის ბოლო მატჩი, უკრაინის ახალგაზრდული გუნდის წინააღმდეგ ითამაშა. შეხვედრა ფრედ, 1-1 დასრულდა. მშრალი პირველი ტაიმის შემდეგ, პირველი გოლი სტუმრებმა გაიტანეს. უკრაინელთაგან, 63-ე წუთზე ოლექსი კაშჩუკმა აიღო საქართველოს ნაკრების კარი. თუმცა, ამ მომენტიდან ძალიან მალე, 70-ე წუთზე, საბა ხვადაგიანმა წონასწორობა აღადგინა. „დინამო თბილისის" ფეხბურთელმა, საკუთარი საჯარიმოდან, სოლო რეიდი უძლიერესი გასროლით და გოლით დააგვირგვინა.


აღსანიაშნავია, რომ ორივე გუნდს, ორივე ტაიმში ჰქონდა მეტი გოლის გატანის შესაძლებლობა, თუმცა, რიგ მომენტებში მეკარეებმა იყოჩაღეს, დანარჩენში კი, დარტყმებს სიზუსტე აკლდა. შესაბამისად გორშიც, 21-წლამდები წლის ბოლო სანაკრებო შეხვედრა საყაიმოდ დასრულდა.




„ძალიან ნაყოფიერი შეკრება გვგქონდა. შეიძლება შედეგით არ იყო ნაყოფიერი, მაგრამ 10 დღე გავატარეთ ერთად. სელექციის კუთხით გვგქონდა დაკვირვების საშუალება, რადგან გვყავდა ბევრი ახალწვეული. ასევე, თავის წარმოჩენის საშუალება ჰქონდა ბევრ ახალგაზრდა ფეხბურთელს ეროვნული ჩემპიონატიდან. ამრიგად, ჩვენ უკვე გვაქვს მათზე ინფორმაცია და ეს ძალიან კარგია, ჩვენი სია იზრდება, შესაბამისად კონკურეცია. ეს გაგვიადვილებს არჩევანის გაკეთებას უკვე ევროპის ჩემპიონატისთვის. ნოემბრის თამაშებს რაც შეეხება, ვთვლი, რომ დღეს უკრაინასთან ფრე სამართლიანი შედეგია. ყველაზე საწყენია, რომ გვაქვს თამაშში მომენტები, როდესაც კონცენტრაციას ვკარგავთ, რაც ძალიან ძვირად გვიჯდება და ამაზე გვაქვს სამუშაო.


ეს შეკრება განიხილებოდა და ეს იყო ჩვენი პირველი შეკრება, მას შემდეგ რაც გაირკვა ჯგუფში მოწინააღმდეგეების ვინაობა. აქედან გამომდინარე ბევრი რამე შევცვალეთ, სხვანაირად გავაკეთეთ, სათამაშო კომპონენტები მაქვს მხედველობაში. იგივე დაცვით ფაზაში", - ამბობს რამაზ სვანაძე, საქრათველოს 21-წლამდეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი.




აქვე გეტყვით, რომ საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა, წლის ბოლო შეკრებაზე, ორი შეხვედრა გამართა. პირველში, ისრაელის ნაკრებთან 1-2 დამარცხდა. მეორე თამაში კი, უკრაინის ნაკრებთან ფრედ, 1-1 ითამაშა.  უკრაინელებთან მატჩისთვის 21-წლამდებს, 19 ნოემბერს, ეროვნული ნაკრებიდან დაბრუნებული სამი ფეხბურთელი, გიორგი გოჩოლეიშვილი, ანზორ მექვაბიშვილი და გიორგი წიტაიშვილი  შეუერთდნენ, საწვრთნელ პროცესშიც მიიღეს მონაწილეობა, თუმცა, ავადმყოფობის გამო, რამაზ სვანაძის გუნდს თამაშზე, მხოლოდ მექვაბიშვილი დაეხმარა.


მატჩის ფოტო-ამბავი




გამომდინარე იქიდან, რომ 2023 წლის ზაფხულში საქართველოს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მასპინძლობა გვიწევს, თვალში, ამ ტურნირზე მოასპარეზე ჩვენი გუნდის ქომაგების სიმცირე გხვდება. მიუხედავად იმისა, რომ დღეს გორში არც ქარი იყო, არც სიცხე, არც ყინვა, არც წვიმა, მოკლედ, იყო ძალიან მაგარი საფეხბურთო ამინდი, ამას გარდა, "სამსახურის" დროც წესით დასრულებული უნდა ყოფილიყო, სტადიონზე გულშემატკივარი, თითქმის არ იყო. ვინც იყო, უმეტესობა თბილისიდან ჩასული (ძირითადად ფეხბურთში დასაქმებულები), მცირე რაოდენობით ადგილობრივი ქომაგი კი, საოპერო, აკადემიური განწყობით, საქართველოს ნაკრებს შიგადაშიგ ამხნევებდა, ისიც, ჩემი აზრით „ზრდილობის" გამო.


ამას გარდა, შესაძლოა ჩვენ გამოგვრჩა, მაგრამ მთელი თამაშის მანძილზე ვათვალიერეთ და სტადიონის დროშის დასამაგრებლებზე პროტოკოლით გათვალისწინებულ დროშებს შორის აღმართული საქართველოს დროშის გარდა, ტრიბუნებზე ჩვენი ქვეყნის დროშას თვალი ვერ მოვკარით. ალბათ, ჩვენ „ჭკუა" არავის უნდა ვასწავლოთ, თუმცა, როდესაც შენი ქვეყნის ეროვნული თამაშობს, 21-წლამდები იქნებიან, თუ 10-წლამდე ასაკის ნაკრები, იმ თამაშზე ჯერ უნდა მიხვიდე (თუ სპორტის ამა თუ იმ, კონკრეტულ შემთხვევაში ფეხბურთის სიყვარულზე და „ცოდნაზე" გაქვს პრეტენტზია), ამასთან, მიხვიდე შენი გუნდის ატრიბუტიკით და მსაჯის პირველიდან, ფინალურ სასტვენამდე უქომაგო შენს გუნდს.




და კვლავ არადიდაქტიკურად, უბრალოდ, რჩევის სახით - #მევარსაქართველო და ეს უნდა ყველამ კარგად გავითავისოთ. არა მხოლოდ ფეხბურთელებმა, არამედ ჩვენც, ყველამ ერთად უნდა შევცვალოთ ფეხზემკიდია დამოკიდებულება მეტ-ნაკლებად პოპულარულ თამაშებზე, სადაც შესაძლოა არ იყვნენ კაშკაშა ვარსკვლავები, მაგრამ სადაც თამაშობს შენი ქვეყნის გუნდი, რომლის სიყვარულიც ლხინშიც საჭიროა და განსაკუთრებით რიგითი მატჩების დროს.