საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ დღეს, რამდენიმე საათის წინ, საკუთარ ინსტაგრამ-გვერდზე სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ გააკეთა განცხადება:
„დგება დრო, როდესაც შეძლებისდაგვარად მოკლედ, ბევრი რამის თქმა გსურს. ეს, სწორედ ასეთი შემთხვევაა. სიტყვა მადლობა ჩემ ცხოვრებაშიც გამორჩეულია, ამიტომ მადლობა ღმერთს, რისი კეთების შესაძლებლობაც მომცა, მადლობა ჩემ ქვეყანას, რადგან თავის წარმოჩენის საშუალება ასეთ დონეზე და ამ დოზით მქონდა. მადლობა ხალხს, თითოეულ გულშემატკივარს, ვისგანაც ვგრძნობდი სიყვარულს, გვერდში დგომას, პატივისცემას წლების განმავლობაში. გამორჩეული და განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა დედას, სწორედ მისი და ჩემი ოჯახის თითოეული წევრის, და ახლობელი ადამიანის, დიდი დამსახურებაა რომ მქონდა მოტივაცია და შესაძლებლობა ამდენი ხნის განმავლობაში ვყოფილიყავი ეროვნული ნაკრების წევრი. მინდა გამოვყო და გამოვარჩიო, ჩემ მიმართ ლევან კობიაშვილის და ალექსანდრე იაშვილის გვერდში დგომა. მათმა დამოკიდებულებამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში კვლავ ნაკრების წევრი ვყოფილიყავი.
მადლობა თითოეულ მწვრთნელს, ფეხბურთელს, სამედიცინო პერსონალს, ყველა იმ ადამიანს ვისთან ერთადაც, თუნდაც ერთი თამაში ჩავატარე და სანაკრებო გარემოში ვიმუშავე. მადლობა იმ პატივისცემისთვის და უერთიერთობებისთვის, რაც ერთმანეთის მიმართ გვქონდა. მე ვარ ამაყი, რომ ვიყავი საქათველოს ეროვნული ნაკრების წევრი 17 წლის განმავლობაში. რამდენად გამომივიდა, არვიცი, მაგრამ მე ნამდვილად მაქსიმუმს ვაკეთებდი, რომ ჩემი ქვეყნის წარმატებაში ჩემი წვლილი შემეტანა. მივიღე გადაწყვეტილება დავასრულო სანაკრებო კარიერა, წარმატებებს ვუსურვებ მთელ საქართველოს და ეროვნულ ნაკრებს, დარწმუნებული ვარ და მჯერა მათი წარმატების მომავალში. ქვეყნის და საქართველოს ნაკრების დიდი გულშემატკივარი ჯაბა კანკავა".
ჯაბა კანკავამ ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო მატჩი, 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაცი ეტაპის მატჩში ჩაატარა. 8 სექტემბერს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, საქართველოს ეროვნული ნაკრები, იმ დღეს, ალბანეთს დაუპირისპირდა და 2-0 გაიმარჯვა. გოლები, იმ შეხვედრაში ალექსანდრე იაშვილმა და გიორგი დემეტრაძემ გაიტანეს. ჯაბა კი, თამაშში, 58-ე წუთიდან ჩაერთო და მალხაზ ასათიანი შეცვალა.
თამაში -100
თამაში შეცვლაზე -4
გოლი -10
საგოლე პასი - 2
მოგება -33
წაგება -48
ფრე -19
ყვითელი ბარათი -35
წითელი ბარათი -3
მთელი ამ ხნის მანძილზე, მედია ჯაბასთან ინტერვიუებით არ იყო გათამამებული. მას შემდეგაც კი, რაც მას ეროვნული ნაკრების კაპიტნის სამკლაური ჩააბარეს. თავიდან, გვწყინდა, თუმცა, შემდეგ შევეგუეთ და მხოლოდ, კაპიტნის კარგი და სტაბილური თამაშის სტატისტიკურად აღწერას მივყევით. საქართელოს ეროვნულ ნაკრებში, ახალი სამწვრთნელო შტაბის მოსვლის შემდეგ, გაჩნდა მოსაზრება, რომ ეროვნულ ნაკრებში კაპიტანი შეიცვლებოდა. თუმცა, ვილი სანიოლმა, მედიის ნაწილს, ვისაც კანკავას კაპიტნობა „აღელვებდათ", იმედები, პირველივე პრეს-კონფერენციაზე გადაუწურა.
ბოლო წლების მანძილზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კანკავა უგუნდოდ იყო, TSFF.Ge-სთვის, სანდრო წყაროებზე დაყრდნობით, ცნობილი იყო კანკავას სურვული, სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ. თუმცა, კაპიტანმა, მაშინ ეს გადაწყვეტილება არ მიიღო და მხოლოდ დღეს განაცხადა.
ჩვენი გვერდი, მადლობას უხდის ჯაბა კანკავას, წლების მანძილზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით ჩატარებული თამაშებისთვის და წარმატებას უსურვებს მომავალში.