
ხვალ, „თბილისი არენაზე", პორტუგალიასთან გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები არაოფიციალურად გაიფორმებს მსოფლიო ჩემპიონატზე, ზედიზედ მეორედ თამაშის შანსს. პორტუგალიასთან საშინაო შეხვედრაში გამარჯვების შემთხვევაში საქართველო 17 ქულას დააგროვებს და პორტუგალიას 2 მოგებით გაუსწრებს. ამასთან, გამომდინარე იქიდან, რომ ჯიკიჩის გუნდს, გასვლაზე უკვე მოგებული აქვს (90-98), ურთიერთშეხვედრებში სრულ უპირატესობას ანიჭებს.
2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე I ჯგუფიდან სამი საუკეთესო ნაკრები გადის. 9 ტურის შემდეგ საქართველოს 15 ქულა აქვს და ოთხეულს მიღმა მყოფ უახლოეს მდევარს - პორტუგალიას 1 ქულით, ხოლო საბერძნეთსა და მონტენეგროს 2-2 ქულით უსწრებს.
როდესაც ვახსენე შანსი და არა თამაშის უფლება, ვიგულისხმე, რომ ხვალ გამარჯვების შემთხვევაში, დარჩენილ ორ თამაშში (2027 წლის თებერვალ-მარტში), საქართველოს ერთი მოგებაც ეყოფა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვოს. პორტუგალიასთან მოგების შემთხვევაში საქართველო 17 ქულას დააგროვებს, დარჩენილ ორ თამაშში ერთი მოგების შემდეგ კი, 19 ქულა გაუხდება და უშუალო მდევრებისა და კონკურენტებისთვის (პორტუგალიას, საბერძნეთს, მონტენეგროს) 8 მოგებით მიუწვდომელი გახდება.
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ინფორმაციით, პორტუგალიასთან, ხვალინდელ თამაშზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია. ჯიკიჩის გუნდმა დღეს, „თბილისი არენაზე" ბოლოჯერ ივარჯიშა. ვარჯიშამდე, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები სრული შემადგენლობით თორნიკე შენგელიას ბებიის სამძიმარზე იმყოფებოდა.
ვარჯიშის შემდეგ კი, ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ის 12 კალათბურთელი დაასახელა, რომლებიც ხვალ, პორტუგალიის წინააღმდეგ ითამაშებენ - რატი ანდრონიკაშვილი, მარკის რიდი, გიორგი ოჩხიკიძე, დუდა სანაძე, კახაბერ ჯინჭარაძე, გიორგი კობახიძე, თორნიკე შენგელია, ალექსანდრე მერკვილაძე, ალექსანდრე ფევაძე, ვილი ისიანი, გიორგი კორსანტია, გიორგი ტურძილაძე.
შეგახსენებთ, რომ NBA-ის სეზონის გამო, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ამ ფანჯარაში გოგა ბითაძე და სანდრო მამუკელაშვილი ვერ ეხმარებიან.
რაც შეეხება ჩვენს მოწინააღმდეგეს, პორტუგალიის მთავარმა მწვრთნელმა მარიო გომესმა მატჩის აღნიშნა, რომ 9, ან მეტი ქულით გამარჯვება სჭირდებათ, რათა თანაბარი ქულების შემთხვევაში საქართველოს ურთიერთშეხვედრებში აჯობოს. ჩვენს მოწინააღმდეგეს, ხვალინდელ შეხვედრაში დანაკლისი აქვს, თუმცა, საქართველოს ნაკრების ანალოგიური. აკლია ნეემიას კუეტა, NBA-ის ერთადერთი მოთამაშე და პორტუგალური ნაკრების უპირობო ლიდერი. აგვისტოში საქართველოსთან მატჩში მან 20 ქულა და 11 მოხსნა დააგროვა. სტუმრებს აკლიათ რუბენ პრეცი, რომელიც NCAA-ში ასპარეზობის გამო ვერ ჩამოვიდა. პრეცი გუნდის ერთ-ერთი მთავარი მექულეა და შესარჩევ ეტაპზე საშუალოდ 15 ქულას აგდებს.
საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებების შეხვედრა, მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ხვალ, 29 ნოემბერს, „თბილისი არენაზე" 19:15 საათზე დაიწყება.





ჩვენ







