
ათენში, Telekom Center Athens-ზე დღეს საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა შეიძლება ითქვას პატარა სენსაცია მოახდინა. ალექსანდრ ჯიკიჩის გუნდმა დაძაბულ და თანაბარ ბრძოლაში გამარჯვება ოვერტაიმში მოახერხა. თან ისე, რომ ბოლო წამებამდე, მდევრის როლში იყო. აგებდა, ოვერტაიმის დასრულებამდე 57 წამით ადრე 7 ქულას (88-81) თუმცა, დარჩენილ დროში დუდა სანაძის (2), გიორგი კორსანტიას (3), მარკის რიდის (2) და თოკო შენგელიას 4 ქულით წყალობით, საქართველოს ნაკრებმა მასპინძელი, საბერძნეთის ნაკრები ოთხი ქულით, 88-92 დაამარცხა (იხილეთ მატჩის მსვლელობის ჩანაწერი).
18000-იან დარბაზში დაახლოებით 250-300 ქართველი ქომაგის წინაშე, მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის შეხვედრამ ბერძნებთან, რომლებსაც ჰაერივით სჭირდებოდათ გამარჯვება, ქართული გუნდის 9 კალათბურთელზე გადაირა. საქართველოს ნაკრებმა შემდეგი სასტარტო ხუთეულით დაიწყო: რატი ანდრონიკაშვილი, მარკის რიდი, გიორგი ტურძილაძე, კახაბერ ჯინჭარაძე და თოკო შენგელია. ამ უკანასკნელმა, რომელიც განრიგის მიხედვით, დღეს, თამაშამდე უნდა შეერთებოდა ნაკრების საწვრთნელ პროცესს, ათენში გზად მიმავალმა შეიტყო, ბებიის გარდაცვალების ამბავი, თუმცა, კაპიტანი გუნდთან ერთად დარჩა და ბოლომდე დაეხმარა ნაკრებს. მატჩის შემდეგ, მარგი ქმედების კოეფიციენტის მხრივ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თოკო შენგელიას ჰქონდა, 26 %, მის ანგარიშზე იყო ორმაგი დუბლიც - 25 ქულა, 11 მოხსნით. ჰქონდა 5 შედეგიანი გადაცემა და ორიც მოპარვა.
ანგარიში კი, ამ შეხვედრაში მარკისმა გახსნა, რომელიც თოკოსთან ერთად, დღეს საქართველოს ნაკრების ლიდერი იყო. ჩვენმა ნატურალიზებულმა კალათბურთელმა, საბოლოოდ, ორივე გუნდში ყველაზე მეტი 30 ქულა დააგროვა. პირველი მეოთხედი მასპინძლებმა 27-20 მოიგეს. ერთი საინტერესო დეტალი, პირველად ქართულმა გუნდმა, პერიმეტრიდან მონაკვეთის დასრულებამდე 40 წამით ადრე ვისროლეთ და საბედნიეროდ დუდა სანაძის მცდელობა შედეგიანიც იყო. ქართული გუნდიდან კი, ამ მონაკვეთში 11 ქულით თორნიკე შენგელია იყო.
აქვე უნდა ვთქვათ, რომ გუნდის სათამაშო სქემაში კარგად ჩაჯდნენ გიორგი კორსანტია და ალექსანდრე მერკვილაძე. მეორე მეოთხედი კი, გიორგი ოჩხიკიძის ზუსტი სროლით გაიხსნა. მის სამქულიანის შემდეგ კი, მალევე საქართველოს ნაკრებმა დაწინაურება მოახერხა, 29-30. ზოგადად ეს მონაკვეთი კარგად დავიწყეთ და 2-10 წავიყვანეთ. დაახლოებით სამი წუთით ადრე კი, მონაკვეთს, 7-18-ს ვიგებდით. საბოლოოდ, ეს მონაკვეთი ჩვენ მოვიგეთ, 10 ქულით, 11-21 და დიდ შესვენებაზე სამბურთიანი უპირატესობით (38-41) გავედით. ერთი დეტალი, პირველი მეოთხედისგან განსხვავებით, აქ, ჩვენმა გუნდმა ნელ-ნელა გაბედა პერიმეტრიდან სროლა და რაც მთავარია ამ კომპონენტში ქულების აღება. შესაძლოა ბევრი არა, მაგრამ 9 ქულაც (მერკვილაძე, ანდრონიკაშვილი, ოჩხიკიძე) ხეირია.
მესამე მეოთხედში საქართველოს ნაკრებმა მოახერხა ლიდერობის შენარჩუნება, მიუხედავად იმისა, რომ მონაკვეთი ერთი ქულით 21-20 წააგო, საერთო ანგარიშში ჩვენი გუნდი დასკვნით მონაკვეთამდე წინ იყო, 59-61. თუკი, პირველი ორი მეოთხედი, თოკო იყო ჩვენი ნაკრების მექულე, მესამე პერიოდიდან ეს მისია მარკის რიდმა ითავა. მის ანგარიშზე 18 ქულა იყო.
ბოლო, ძირითადი დროის დასკვნით მონაკვეთში, ორივე გუნდში იმატა დაძაბულობამ და ალბათ, დაღლამაც. იყო ბავშვური შეცდომებიც, მაგალითად, როგორც მონაკვეთის დასრულებამდე, 9 წამით ადრე, საქართველოს ნაკრები ანგარიშში წინაა, 73-75. თუმცა, ვჯარიმდებით, თან სამი სასროლი ჯარიმით, თუმცა, ჩვენდა საბედნიეროდ, დორსიმ, მეტოქე გუნდიდან, მხოლოდ ორი გამოიყენა და ანგარიში გათანაბრდა, 75-75. შეხვედრაც დამატებით დროში გადავიდა, სადაც მასპინძლებმა დაწინაურება მოახერხეს, და გარკვეული მონაკვეთი, ოთხქულიანი სხვაობაც შეინარჩუნეს. თუმცა, ამ მატჩის მთელი დრამატიზმი ბოლო წამებზე განვითარდა და ამის შესახებ სტატიის დასაწყისში გიამბეთ.
ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრებმა, რომელიც მორიგ შეხვედრას 29 ნოემბერს, პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს, უშუალო კონკურენტს საბერძნეთის ნაკრებს 2 მოგებით უსწრებს.
ფოტო: (c) FIBA





ჩვენ







