
დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა თბილისის „იბერია 1999"-მა ესპანური ლა ლიგის გუნდი დაამარცხა. მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულ მომენტში „ხეტაფეს" არ უდგას კარგი ხანა, ქართული გუნდის წარმატება უეფა-ს ევროტურნირის მონატრებულ ლიგის ფაზაზე ისტორიულია. „იბერიამ 1999"-მა 25-ე წუთზე გოირგი ქობულაძის მიერ გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით გაიმარჯვა. მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე თბილისელთა მთავარი მწვრთნელი ლევან კორღალიძე და კაპიტანი გიორგი ჯინჯოლავა გამოვიდნენ.
ლევან კორღალიძე: „კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ ქართველებმა, რომ ძალა ერთობაშია. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გულშემატკივარს, თქვენ, მედიის წარმომადგენლებს, რომ ასე გულწრფელად გვიდგახართ გვერდში და კიდევ ერთხელ, მინდა მადლობა გადაგიხადოთ. ამ კლუბმა კიდევ ერთ-ერთი ისტორია დაწერა და ეს ძალიან სასიხარულოა.
„იბერია 1999"-ს და ზოგადად, ქართულ გუნდებს შეუძლია, რა თქმა უნდა, მაღალ ინტენსივობაში თამაში, ეს გამოჩნდა დღესაც. უბრალოდ, ასე ვიტყოდი, ცოტა მიუჩვევლები ვართ ამ ტემპს და ნელ-ნელა ვეჩვევით. კარგი იქნება, თუ ყოველ წელს რომელიმე ქართული კლუბი, ამ შემთხვევაში „იბერია 1999"-ს ვისურვებდი, სისტემატურად ითამაშებს ასეთი მაღალი ინტენსივობის ტურნირებს. ზუსტად ეს გვაძლევს მეტი განვითარების საშუალებას, რათა მივეჩვიოთ თანამედროვე, ევროპულ ფეხბურთს, რაც გვჭირდება და საითკენაც მიისწრაფის ქართული ფეხბურთი.
რა თქმა უნდა, გოლიც რომ გავიტანეთ, იყო დაგეგმილი. ამაზე ბევრი ვილაპარაკეთ. რადგანაც ერთი თამაში მოვიგეთ, იმას არ ნიშნავს, რომ გავჩერდებით. ადგილზე დგომა არის რეგრესი და ამიტომ, ნელ-ნელა წინ უნდა წავიდეთ. საბედნიეროდ, სტერეოტიპი - "კარგად ვითამაშეთ, მაგრამ წავაგეთ" ამ კონკრეტულ შემთხვევაში დავარღვიეთ და ეს, ორმაგად სასიხარულოა. ჩვენ კარგად ვითამაშეთ და მოვიგეთ, თან გუნდთან, რომელიც ერთ-ერთ საუკეთესო ლიგაში თამაშობს.
ჩემთვის დღეიდან, ფეხბურთელებისთვის ხვალ-ზეგიდან პირველი საზრუნავი „დინამო ბათუმის" წინააღმდეგ თამაშია, რომელიც ძალიან ძლიერი გუნდია და ორივე ჩემპიონობისთვის ვიბრძვით. შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ერთ-ერთი საჩემპიონო თამაში იქნება. ჩემი სურვილია, რომ ეროვნული ლიგის თამაშებზეც მაყურებელი, თუნდაც იმდენი, რამდენიც დღეს იყო, ესწრებოდეს, ვფიქრობ, ქართული ფეხბურთიც უფრო მალე წავა წინ და უფრო მალე ვნახავთ იმ სანახაობას, რასაც ქართველი გულშემატკივარი ელის. მიმაჩნია, რომ ფეხბურთს სანახაობას გულშემატკივარი სძენს და არა ფეხბურთელები".
გიორგი ჯინჯოლავა: „მინდა მადლობით დავიწყო. თითოეულ გულშემატკივარს მინდა მადლობა ვუთხრა, რომ სიცივის მიუხედავად, სტადიონზე მოვიდა და მთელი გულით გვიქომაგა, რამაც შედეგი გამოიღო. მჯერა, რომ გულშემატკივარი რომ არ მოსულიყო, ამ თამაშს ვერ მოვიგებდით. რა თქმა უნდა, მატჩს დადებითად შევაფასებ. ნამდვილად ისტორიული გამარჯვება იყო და დიდი ნაბიჯი გადავდგით იმ მიზნისკენ, რასაც კონფერენს ლიგის ჯგუფიდან გასვლა ქვია. ვფიქრობ, რომ თამაში ხარისხობრივად, როგორც ტაქტიკურად ასევე ფიზიკურად, საკმაოდ კარგი იყო. თითოეულ ასპექტში ყველა ფეხბურთელმა მაქსიმუმი გააკეთა, რამაც შედეგი გამოიღო".





ჩვენ







