დაძაბული დრამა სლოვენიასა და რუმინეთში, ცხოვრებაძის სტაბილურობა ზაგრებში
დაძაბული დრამა სლოვენიასა და რუმინეთში, ცხოვრებაძის სტაბილურობა ზაგრებში
22.11.2026
ავტორი: ხელბურთის ფედერაცია

ევროპის ეროვნულ ჩემპიონატებში მოთამაშე ქართველმა ხელბურთელებმა მორიგი ტურის შეხვედრები ჩაატარეს. მათ შორის რამდენიმე მატჩი განსაკუთრებით გამორჩეული გამოდგა.


საფრანგეთი


სტარლიგაში ზედიზედ მეორე მარცხი იწვნია ნიკოლოზ კალანდაძის „ექს-ან-პროვანსმა". „ლიმოჟთან" მე-11 ტურის გასვლით შეხვედრაში ქართველი ლეგიონერის გუნდი 35-38 დამარცხდა. კალანდაძემ შეხვედრაში 1 ბურთი გაიტანა და 6 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.


იმავე ტურში ითამაშა ერეკლე არსენაშვილის „ტრამბლემც", თუმცა ზედიზედ სამი გამარჯვების შემდეგ გასვლაზე პარიზულ გრანდთან, „პარი სენ-ჟერმენთან" 33-40 წააგო. ქართველ ლეგიონერს ამჯერად გამორჩეული მატჩი არ ჰქონია.


ხორვატია


ხორვატიის პრემიერლიგაში მოულოდნელი მარცხის შემდეგ „ზაგრებმა" მე-11 ტური დამაჯერებელი გამარჯვებით დაასრულა - მასპინძლის რანგში „დუგო სელოს" 35-26 სძლია. ქვეყნის მოქმედ ჩემპიონთა რიგებში საუკეთესო გიორგი ცხოვრებაძე გახლდათ, რომელმაც წინა ტურის მსგავსად ახლაც ხუთი ბურთი შეაგდო.


რუმინეთი


ეროვნული ლიგის მერვე ტურში „კონსტანტა" „სუჩევას" ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში 32-31 იმარჯვა. სტუმართა შემადგენლობაში ქართველმა ლეგიონერმა ხაზეინ რუსტამოვმაც ითამაშა და აქტივში ერთი გოლი ჩაიწერა.


ამავე ტურში საკუთარ არენაზე „დინამო ბუქარესტს" დაუპირისპირდა ირაკლი კბილაშვილისა და თეიმურაზ ორჯონიკიძის „პოტაისა ტურდა", თუმცა მასპინძლები 34-44 დამარცხდნენ. ტრავმირებული კბილაშვილის არყოფნაში მოედანზე თეიმურაზ ორჯონიკიძე ვიხილეთ, რომლის სტატისტიკამაც ერთი შედეგიანი გადაცემა და ერთი ჩაჭრა შეადგინა.


ტურდელებმა ნორვეგიაში, ევროპის თასზე „რუნართან" გამართული შეხვედრაც მოასწრეს. სამწუხაროდ, სტუმრები დაძაბულ მატჩში ერთი ბურთის სხვაობით, 31-32 დამარცხდნენ. ორჯონიკიძის ანგარიშზე ამჯერად ერთი შედეგიანი გადაცემაა.


სლოვენია


ლიგა 1-ის მე-12 ტურში გიგი რუხაძის „აიდოვშინა" სტუმრად ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერ „სლოვანს" გაეჯიბრა და 35-46 წააგო. სტუმართა ქართველმა ლეგიონერმა შეხვედრაში 5 ბურთი მოიგერია.


თორმეტგუნდიან ჩემპიონატში „აიდოვშინას" 2 მოგება, 2 ფრე და 9 მარცხი უგროვდება და სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა, მე-11 პოზიციაზე იმყოფება.