სანაკრებო ფანჯრის შემდეგ, მძიმე ტური ქართული ლეგიონისთვის
სანაკრებო ფანჯრის შემდეგ, მძიმე ტური ქართული ლეგიონისთვის
23.11.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

კლუბებში დაბრუნებული ქართული ლეგიონის ნაწილი დღეს, მწვრთნელებმა დაასვენეს. მეორე ნაწილს კი, სანაკრებო „კვალი" ეტყობოდა. შესაბამისად, მედიამ, რომელიც კონკრეტულ ქვეყნებში მიმდინარე ჩემპიონატებს აშუქებს, ჩვენები კრიტიკისგან არ დაინდეს.


სანაკრებო შესვენების შემდეგ დაბრუნებული გიორგი მიქაუტაძისთვის ესპანეთის ლა ლიგაში ჩატარებული შეხვედრა უიღბლო გამოდგა. მოედანზე გატარებულ 86 წუთში მიქაუტაძეს კარისკენ ერთხელაც არ დაურტყამს და არც სახიფათო მომენტი შექმნია. „ბარსელონასთან" შეხვედრაში „ვილიარეალი" მე-7 წუთისთვის უკვე, 0-2-ს ლიდერობდა. შესაბამისად, „ყვითელმა წყალქვეშა ნავმა" ღრმად, დაცვაში ჩაყვინთა და ჟორჟიც, ამ ტაქტიკის დროს, საკუთარი ნახევრიდან ძალიან შორს დარჩა, პასებით ვეღარ მომარაგდა. რეალურად, მიქაუტაძე შეტევაში მოწყვეტილი აღმოჩნდა, თამაშის მანძილზე ბურთს სულ 21-ჯერ შეეხო და მხოლოდ 13, აქედან, 11 ზუსტი პასი გააკეთა. უეფა-ს ერთა ლიგაზე, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული ორი მძიმე მატჩისა და მგზავრობის შემდეგ კი, მიქაუტაძეს ჩვეული სისწრაფე და პრესინგის ინტენსივობა აკლდა, რაც მის უბურთოდ მოძრაობაზეც აისახა. ამას გარდა, როგორც მოსალოდნელი იყო, კატალონიელებმა მატჩის მსვლელობისას ბურთზე კონტროლი სრულად დაამყარეს და „ვილიარეალს" ცენტრიდან ბურთის მშვიდად ამოტანის საშუალება არ მისცეს. „ბარსელონამ" საბოლოოდ, მოახერხა გამარჯვება 3-2 და 36 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეშია. ისევ, ჟორჟის თემას, რომ დავუბრუნდეთ, მისი თამაში ესპანურმა მედია საკმაოდ გააკრიტიკა - კრიტიკას ისიც ამძაფრებდა, რომ მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე MARCA-სა და Mundo Deportivo-ში  გავრცელდა ჟორჟის ინტერვიუ, სადაც ის „ბარსელონას" თავის საოცნებო კლუბად მოიხსენიებდა. ამის გამო ესპანელი ჟურნალისტები მისგან „კამპ ნოუზე" განსაკუთრებულ მოტივაციასა და პერფორმანსს ელოდნენ, თუმცა, სწორედ ეს ვერ ნახეს.


ამავე ტურში გიორგი გულიაშვილის სანტანდერის „რასინგმა" საშინაო შეხვედრაში „რეალ სოსიედადი" 3-2 დაამარცხა. გიორგი განაცხადში იყო, თუმცა, მას სათამაშო დრო არ მიეცა. „რასინგი" 17 ქულით მე-7 ადგილზეა. მე-13 ტურში განაცხადში იყო, თუმცა, არ უთამაშია საბა საზონოვსაც, რომლის „ხეტაფემაც"  სამხრეთის დერბიში მადრიდის „ატლეტიკოსთან", 0-3 წააგო. სტუმრებმა, რეალურად მთელი თამაში გაუკონტროლეს მასპინძლებს, ასეთი „ხეტაფე" კი, სიმართლეს თუ თვალს გავუსწორებთ, 26 ნოემბერს თბილისური „იბერია 1999"-სთვისაც დასაძლევი ბარიერი უნდა იყო. შეგახსენებთ, რომ საზონოვის გუნდი, უეფა-ს კონფერენს ლიგის მორიგი ტურის შეხვედრას, თბილისში, მიხეილ მესხზე, საქართველოს ჩემპიონის წინააღმდეგ გამართავს. მანამდე კი, „ხეტაფე" გასავარდნ ზონასთან ერთ ქულაში 12 ქულით, მე-17 ადგილზეა.


იტალიის სერია A-ს მე-12 გიორგი კვერნაძის „ფროზინონე" მილანში „მილანთან" 5-1 განადგურდა. ანგარიში სტუმრების ავტოგოლით მე-4 წუთზე გაიხსნა. „კვერნა" სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო, კარის მიმართულებით ორჯერ დაარტყა და საბოლოოდ, 62-ე წუთზე შეცვალეს. სატურნირო ცხრილში, „ფროზინონეს" 20 ქულა აქვს და ამ ტურის შემდეგ, მას 1 ქულით გადაასწრო „იუვენტუსმა".


ამავე ტურში „უდინეზეს" შემადგენლობაში იყო, თუმცა, ამ გასვლით შეხვედრაში არ უთამაშია გიორგი ჩაკვეტაძეს. მიზეზი, რომელსაც იტალიური მედია ასახელებს სანაკრებო თამაშებში „ჩაკვეს" მონაწილეობაა, შესაბამისად ფეხბურთელი დაასვენესო. თუმცა, არის ერთი საინტერესო დეტალი, სანაკრებო პაუზის წინ „უდინეზემ" კოსტა რუნიაიჩი გაათავისუფლა და მის ნაცვლად პაოლო ძანეტი დანიშნა. ძანეტიმ კი, „ბოლონიასთან" დღევანდელ მატჩში, შეტევის ხაზში უპირატესობა ნიკოლო ძანიოლოს, იურგენ ეკელენკამპსა და სანდი ლოვრიჩს მიანიჭა. სხვათა შორის, 67-ე წუთზე სტუმრებმა სწორედ, ძანიოლის გოლით გაათანაბრეს. მწვრთნელმა კი, შეცვლები ანგარიშის, 1-1, შესანარჩუნებლად გააკეთა და შესაბამისად, „ჩაკვე" სკამდე დარჩა. მისი „უდინეზე" კი,  6 ქულით ბოლოს წინა, მე-19 ადგილზეა.


აქვე გეტყვით, რომ ხვალ, 23 ნოემბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე, საბა გოგლიჩიძის „მონცა" „ფიორენტინას" დაუპირისპირდება.


ინგლისის პრემიერ ლიგის მე-11 ტურში გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულმა" საშინაო შეხვედრაში, ტრადიციულად, საჩემპიონო მარათონში „მამარდას" გარეშე, 4-0 დაამარცხა „მანჩესტერ იუნაიტედი". საინტერესოა, რომ სტუმრები, მე-8 წუთზე კაცნაკლულნი დარჩნენ, შესაბამისად მერსისაიდელებს გოლების გატანა აღარ გასჭირვებიათ. „ლივერპული" 21 ქულით მე-4 ადგილზეა.


ავსტრიის ბუნდესლიგაში კვლავ გრძელდება გრაცის „შტურმის" წარუმატებელი სერია. ოთარ კიტეიშვილისა და გიზი მამაგეიშვილის გუნდმა ამჯერად, ქეშფოინთ-არენაზე „ალტახთან" მინიმალური ანგარიშით 1-0 წააგო. გრცელთა ქართველებიდან, ტრავმის გამო კვლავ გაუცდა მატჩი ოთარ კიტეიშვილს, გიზი კი, მოედანზე 61-ე წუთზე გამოჩნდა და სტაბილური მატჩიც ჩაატარა. "შტურმი" 19 ქულით მე-5 ადგილზეა.


ბულგარეთის პირველი ლიგის მე-15 ტური გამოტოვა ლაშა დვალმა, რომლის სოფიის „ცსკა 1948", გასვლით შეხვედრაში აუტსაიდერ „ბოტევ ვრაცასთან" ფრედ, 1-1 ითამაშა. სოფიელთა ქართველი კაპიტნის განაცხადში ვერ მოხვედრას, ბულგარული მედია მწვრთნელის მიერ როტაციის გადაწყვეტილებით ხსნის, მითუმეტეს, რომ დვალთან ერთად, გუნდის რამდენიმე წამყვანო მოთამაშე არ იყო. თანაც, სანაკრებო შესვენების შემდეგ, ქართველ მცველს აღდგენისთვის საკმაოდ ცოტა დრო ჰქონდა.  სოფიელები კი, 30 ქულით, მე-3 ადგილზე არიან, თუმცა, სატურნირო ცხრილში უკან მყოფ გუნდებზე მეტი თამაშიც აქვთ ჩატარებული.


ამ ეტაპზე ეს იყო, მომდევნო კვირაში უკვე უეფა-ს ევროტურნირების მოლოდინში ვართ.