
სანაკრებო შესვენების შემდეგ ქართულმა ლეგიონმა საკლუბო ჩემპიონატების მარათონი განაახლა. უფრო მეტიც, ჩვენებმა გოლებიც გაიტანეს. თუმცა, მივყვეთ თანმიმდევრობით.
ნიდერლანდების ერედივიზიონში ირაკლი ეგოიანმა გაიტანა. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა, როგორც მოსალოდნელი იყო, „ფეიენოორდთან" გასვლით შეხვედრაში, სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და სრული მატჩი ჩაატარა. ანგარიში მასპინძლებმა მე-2 წუთზე, სწრაფი გოლი გაიტანეს, თუმცა, დიდხანს ვერ იზეიმეს, რადგან, მე-6 წუთზე „ექსელსიორმა" გაათანაბრა. აი, ტაიმის მიწურულს კი, „ფეიენოორდის" კარში 11-მეტრიანი დაინიშნა, რომელიც ზუსტად შეასრულა ირაკლი ეგოიანმა და საკუთარი კლუბი დააწინაურა. მეორე ტაიმში ქართველის გუნდელებმა კიდევ ორი გოლი გაიტანეს, თუმცა, ერთი საკუთარ კარში. მიუხედავად ამისა, თამაში გამარჯვებამდე მიიყვანეს და რასაც ჰქვია, ნავსიც გატეხეს. საქმე ისაა, რომ „ექსელსიორს" 5 სექტემბრის შემდეგ, 8 შეხვედრაში, თუ არ ჩათვლით სათასო შეხვედრას, ერედივიზიონის მატჩებში გამარჯვება არ ჰქონდა. ამას გარდა, რვიდან, მხოლოდ, ორ მატჩში ჰქონდა ორი ქულა აღებული. 13 ტურის შემდეგ, „ექსელსიორმა" 14 ქულა დააგროვა და მინიმუმ ტურის დასრულებამდე სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზე აინაცვლა. რაც შეეხება ეგოიანს, მას ერედივიზიონის მიმდინარე, 2026-27 წლების სეზონში 13 მატჩში 4 გოლი და 5 საგოლე გადაცემა, საერთო ჯამში 9 საგოლე მოქმედება აქვს დაგროვებული.
საფრანგეთის ლიგა 2-ში ზურიკო დავითაშვილის გოლით „სენტ ეტიენმა" მე-13 ტურის გასვლითი შეხვედრა „რეიმსთან" 0-1 მოიგო. აღსანიშნავია, რომ ქართველმა სათადარიგო შემადგენლობიდან დაიწყო თამაში და შეცვლაზე 58-ე წუთზე შევიდა. გოლი კი, შეცვლაზე შესვლიდან სამ წუთში, 61-ე წუთზე, ავგუსტინ ბოაკიეს გადაცემის შემდეგ გაიტანა. სხვათა შორის, გოლი VAR-ზეც გადამოწმდა და საბოლოოდ, ჩაითვალა. ეს დავითაშვილისთვის მიმდინარე სეზონში, ლიგა 2-ში მეორე გოლი გაიტანა. ამ გამარჯვებით „სენტ-ეტიენმა" 31 ქულა დააგროვა და ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი გაიმყარა, მე-4 ადგილზე მყოფ „რეიმსთან" უპირატესობა კი, 10 ქულამდე გაზარდა.
ბუდუ ზივზივაძის სწრაფი გოლით გაიხსნა მეორე ბუნდესლიგაში მე-12 ტურის შეხვედრა, რომელშიც „ჰაიდენჰაიმი" გასვლაზე „დარმშტადთან" 3-1 დამარცხდა. ქართველმა მე-5 წუთზე გაიტანა და 90 წუთის მანძილზე საუკეთესო იყო სტუმართა შემადგენლობაში. აღსანიშნავი და სიმბოლურიც არის ბუდუსთვის ეს გოლი, რადგან მე-10 მატჩში ეს მისი მეხუთე გოლი იყო, თანაც მე-5 წუთზე გატანილი. არასრულ ტურში, „ჰაიდენჰაიმს" 16 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა.
გერმანიის ბუნდესლიგაში კი, ლუკა ლოჩოშვილის „კიოლნი" გასვლით შეხვედრაში „ბაიერნს" დაუპირისპირდა და ფრედ, 1-1 ითამაშა. ეროვნულ ნაკრებში დამღლელი ორი თამაშის შემდეგ, რომელიც „ლოჩოსთვის" წითელი ბარათით დაბოლოვდა, ჩემპიონატში, სადაც ძალისმიერ ფეხბურთს პატივს სცემენ, ქართველმა სრული მატჩი ჩაატარა. აღსანიშნავია, რომ ქართველი „კიოლნის" ძირითად შემადგენლობაში სამმატჩიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა და გერმანული მედიისგანაც მაღალი შეფასება დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ „ალიანს არენაზე" ანგარიში მე-12 წუთზე სტუმრებმა, მაიკი მურის გოლით გახსნეს. „ბაიერნმა" კი, მხოლოდ 37-ე წუთზე ნათანიელ ბრაუნის შორეული დარტყმით მოახერხა გათანაბრება. მიუხედავად იმისა, რომ მიუნხენელები ბურთს 73%-ით ფლობდნენ, „კიოლნმა" თავი ორგანიზებულად დაიცვა, მეორე ტაიმში კონტრშეტევებზე მოგების შანსებიც ჰქონდა. ფაქტია, „კიოლნმა" მრისხანე ლიდერს ქულა წაართვა. თუმცა, ამ მატჩში „ბაიერნს" ჰარი კეინი და მაიკლ ოლისე დაუშავდნენ. აი, სექტემბრის შემდეგ კი, პირველად ითამაშა ჯამალ მუსიალამ. 10 ტურის შემდეგ, „კიოლნს" 10 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში, მე-13 ადგილზეა.
გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში, გიორგი ქვილითაიას „ჰოლშტაინ კილი" გასვლით შეხვედრაში 3-0 დამარცხდა „ვოლფსბურგთან". ქართველმა სათადარიგო შემადგენლობიდან დაიწყო და მოედანზე 73-ე წუთზე გამოჩნდა. 12 ტურის შემდეგ, „ქვილითას" გუნდი 8 ქულით, უიმედოდ, ყოველ შემთხვევაში ჯერ-ჯერობით ბოლო ადგილზეა.
ესპანურ ლა ლიგაში ითამაშეს დღეს ქართველებმა. მე-13 ტურში გიორგი წიტაიშვილის „რაიო ვალეკანო" საშინაო შეხვედრაში მინიმალური ანგარიშით, 0-1 დამარცხდა „ვალენსიასთან". ერთადერთი გოლი, ამ შეხვედრაში სტუმრებმა 41-წ წუთზე გაიტანეს. რაც შეეხება „წიტას", მან სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და 61-ე წუთზე შეცვალეს. წიტაიშვილს შეხვედრის მანძილზე კარისკენ არ დაურტყამს, თუმცა, არც რაიმე უხეში შეცდომა დაუშვია. მისმა გუნდმა კი, ზედიზედ მეორე მატჩი წააგო და 12 ქულით გასავარდნ ზონას მიუახლოვდა, რაც „რაიო ვალეკანოს" აშკარა კრიზისზე მიუთითებს. ქართველის გუნდი, მე-14 ადგილზეა.
13 ტურის შემდეგ, 19 ქულით მე-6 ადგილზეა გიორგი ქოჩორაშვილის „სევილია", რომლის გუნდმაც დღეს მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მოახერხა „ბეტისთან" არ დამარცხებულიყო. ანგარიში, 50-ე წუთზე გაიხსნა. „ქოჩორა" კი, მოედანზე 59-ე წუთზე გამოვიდა და საკმაოდ აქტიურიც იყო. მათ შორის, გოლის მომენტშიც. სხვათა შორის, მანამდე, რამდენიმე წუთით ადრე, ქართველს ცოტა დააკლდა გოლამდე - ქოჩორაშვილმა უძლიერესად დაარტყა სტანდარტულიდან და ვალესიმ ბოლო მომენტში მოახერხა ბურთის მოგერიება. სხვათა შორის, იმავე ვალესის შეცდომას მოჰყვა გოლი ბეტისის კარში, როდესაც სტუმართა მეკარეს უძლიერესი დარტყმული ხელებში გაუძვრა. შეხვედრა ფრედ, 1-1 დასრულდა.
ესპანურ ლა ლიგა 2-ში სრული მატჩი ჩაატარა გიორგი გოჩოლეიშვილმა. მისმა „კადიზმა" კი, მე-15 ტურის გასვლით შეხვედრაში, „რეალ სოსიედადი B" 0-3 დაამარცხა. გასავარდნ ზონაში მყოფმა კლუბებმა ამ შეხვედრის შემდეგ ადგილები გაცვალეს. „კადიზმა" 14 ქულა დააგროვა და მე-17 ადგილზე აინაცვლა, რითაც დროებით, თავი დააღწია გასავარდნ ზონას.
პოლონურ ექსტრაკლასაში დამაჯერებლად გაიმარჯვა ოთარ კაკაბაძის „კრაკოვიამ", რომელმაც მე-15 ტურში „იაგელონია" დამაჯერებლად, 3-1 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, რომელიც პოლონური კლუბის კაპიტანიც არის, სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და სრული მატჩი ჩაატარა. აღსანიშნავია, რომ ბოლო კვირებში პოლონური მედიის მთავარი თემა „კრაკოვიას" ცუდი სერია იყო. „კაკაბას" გუნდს, ამ ტურამდე მხოლოდ, 12 ქულა ჰქონდათ და გასავარდნ ზონასთან ახლოს, მე-15 ადგილზე იყვნენ. ამ მიზეზით კლუბმა მთავარ მწვრთნელად სერბი სპეციალისტი ალექსანდარ ვუკოვიჩი დანიშნა. დღეს კი, ახალი მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით, „კრაკოვიამ" თვენახევრის მანძილზე, საკმაოდ კარგი მატჩი ჩაატარა და რაც მთავარია გაიმარჯვა. ამ ტურის შემდეგ, ქართველის გუნდს 15 ქულა აქვს და მე-12 ადგილზეა.
ისევ, საფრანგეთის ლიგა 2-ს დავუბრუნდეთ. მე-13 ტურის მოგება შეძლო გიგი აბუაშვილის „მეცმაც". ქართველის გუნდმა ამ ტურში „ბულონის" უმასპინძლა და 2-1 დაამარცხა. ქართველო მოედანზე 67-ე წუთზე გამოვიდა. ამ დროისთვის ანგარიში 1-1 იყო. 81-ე წუთზე, მასპინძლებს კაცი გაუგდეს, თუმცა, ამისდა მიუხედავად, „მეცმა" მაინც მოახერხა გოლის გატანა და გამარჯვება. ტურის შემდეგ, „მეცი" 20 ქულით, მე-6 ადგილზეა.
უკრაინის პრემიერ ლიგის მე-13 ტურში დონეცკის „შახტარმა" ფრედ, 1-1 ითამაშა „ლივი ბერეგთან". ირაკლი აზაროვმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და მოედანზე 71 წუთი გაატარა. ანგარიში სტუმრებმა მე-14 წუთზე გახსნეს, თუმცა, VAR-მა გოლი გააუქმა. თუმცა, 5 წუთში, მე-19 წუთზე კიდევ გაიტანეს და დაწინაურდნენ. „შახტარმა" ქულის გადარჩენა 61-ე წუთზე ალისონის გოლით მოახერხეს. სატურნირო ცხრილში „შახტარს" 30 ქულა აქვს 13 ტურის შემდეგ და პირველ ადგილზეა. თუმცა, ერთი საინტერესო დეტალი, ორი თამაშით და ორი ქულით ნაკლები აქვს „ჟიტომირს" (რომლის ღირსებასაც გიორგი მაისურაძე იცავს), ხუთი ქულით ნაკლები და ასევე ორით ნაკლები თამაში „დინამო კიევს".
სლოვაკეთის ნაიკის ლიგაში მორიგი გამარჯვება იზეიმა სანდრო ნარიმანიძის „ჟილიმანამ". ქართველის გუნდმა, მე-15 ტურის საშინაო შეხვედრაში „ბანსკა ბისტრიცა" 2-0 დაამარცხა. ახალგაზრდა ქართველმა მცველმა ტრადიციულად სტაბილური მატჩი ჩაატარა. მისმა გუნდმა კი, გოლები მეორე ტაიმში გაიტანა. „ჟილინა" სატურნირო ცხრილში, 31 ქულით მე-3 ადგილზეა და 7 ქულით ჩამორჩება გიორგი მოისწრაფიშვილის „დუნაისკა სტრედას".
ჩეხეთის პირველ ლიგაში მე-15 ტური გაიმართა. ვახტანგ ჭანტურიშვილის „იაბლონეცი" 3-1 დამარცხდა „არტისი ბრნოსთან". მასპინძლებმა სამივე გოლი პირველ ტაიმში გაიტანეს და შესაძლოა მატჩის ბედიც, პირველ ტაიმში გადაწყვიტეს. „ჭანტურას" გუნდმა, რომელიც სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა, გასავარდნ ჯგუფში მყოფ გუნდს, მხოლოდ 75-ე წუთზე გაიტანა პრესტიჟის გოლი.
მეზობელი აზერბაიჯანის პრემიერ ლიგაში მორიგი გოლი გაიტანა დავით ვოლკოვმა, რომელიც მიმდინარე სეზონში, მეხუთეა. „იშიმლისთან" დაპირისპირებაში, ვოლკოვმა „ზირას" სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო თამაში და სრული მატჩი ჩაატარა. კლუბის მეორე ქართველი გიორგი პაპუნაშვილი კი, მოედანზე, 71-ე წუთზე გამოჩნდა. რაც შეეხება 44-ე წუთზე „ვოლკის" გატანილ დღევანდელ გოლს, ქართველისთვის, რიგით მე-12 ჩატარებულ მატჩში მე-5 გოლია და 2 საგოლე გადაცემასთან ერთად. საბოლოოდ, დღევანდელი შეხვედრა ფრედ, 2-2 დასრულდა. „ზირა" სატურნირო ცხრილში, 20 ქულით მე-4 ადგილზეა, თუმცა, მის უკან არიან გუნდები, რომლებსაც ნაკლები თამაშები აქვთ ჩატარებული.
და ბოლოს, ოკეანის გადაღმა, აშშ-ს MLS-ის ფლეი-ოფის 1/16 ფინალში საბა ლობჟაიძის „რეალ სოლტ ლეიკმა" პენალტების სერიაში 2-4 დაამარცხა „სიეტლ საუნდერსი". შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ, 1-1 დასრულდა. დებულების შესაბამისად კი, გუნდებს 11-მეტრიანების შესრულება მოუხდათ.
დღეისათვის ეს იყოს, ლეგიონის ამბებით ხვალ დაგუბრუნდებით.





ჩვენ







