მარტში ორი მატჩი ფარერებთან - ეროვნულის მეტოქე B ლიგაში დასარჩენად ცნობილია
მარტში ორი მატჩი ფარერებთან - ეროვნულის მეტოქე B ლიგაში დასარჩენად ცნობილია
20.11.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

უეფა-ს ერთა ლიგის მე-5 გამოშვების დასასრულს, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ფლეი-ოფში მოწევს ბრძოლა, რადგან B ლიგაში შეინარჩუნოს ადგილი. ეს ჩვენმა გუნდმა ერთხელ უკვე მოახერხა, წინა შესარჩევში. ასე რომ, ახლა, კიდევ ერთხელ შევეცდებით ამის გაკეთებას რამდენიმე თვეში. თამაშები 2027 წლის 20-30 მარტს გაიმართება. საქართველოს ეროვნულს კი, ფარერის კუნძულების ნაკრებთან მოუწევს თამაში. კალენდრის მიხედვით პირველი შეხვედრა 25-27 მარტს გასვლაზე გაიმართება, 28-30 მარტს კი, საშინაო შეხვედრაში ვეცდებით B ლიგაში დარჩენას. წილისყრა, რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.


ისტორიულად, საქართველოსა და ფარერის კუნძულების ეროვნული ნაკრებები სამჯერ არიან შეხვედრილები ერთმანეთს და სამივე შეხვედრა ქართველთა გუნდის სასარგებლოდ არის დასრულებული. პირველად, 20 წლის წინ, 2006 წლის 16 აგვისტოს, ევრო 2008 წლის შესარჩევ ციკლში ვეთამაშეთ გასვლაზე და 0-6 დავამარცხეთ (შოთა არველაძე (37', 62', 82'), დავით მუჯირი (16'), ალექსანდრე იაშვილი (18') და ლევან კობიაშვილი (51'-პ)); მეორედ, ამავე შესარჩევში, უკვე თბილისში ვეთამაშეთ და ამჯერად 3-1 (ალექსანდრე იაშვილი (45'+1, 90+5'/პ), დავით სირაძე (25')) მოვიგეთ. მატჩი, 2007 წლის 28 მარტს გაიმართა. სხვათა შორის ის რიცხვია, რომელშიც 20 წლის შემდეგ, 2027 წლის 20 მარტს, კვლავ მოგვიწევს ჩვენი უპირატესობის დამტკიცება. თუმცა, ალბათ, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ბოლო წლებია ფარერები, ბევრად უფრო განწყობით (ხასიათით) თამაშობს და უფრო ნაკლებად კლასით, რაც ზოგჯერ უფრო სახიფათო და ყურადსაღებია. სწორედ ამ „დეტალით", მიაღწიეს წარმატებას მიმდინარე C ლიგის ჯგუფშიც, სადაც ერთადერთი დაუმარცხებელი ნაკრები, სწორედ ფარერებია. მოკლედ, ამ გუნდს ბოლოს, მესამედ, ამხანაგურ შეხვედრაში 2025 წელს  5 ივნისს დავუპირისპირდით, და მინიმალური ანგარიშით, 1-0 გავიმარჯვეთ. ერთადერთი გოლის ავტორი კი, ლუკა ლოჩოშვილი იყო, რომელიც ამჯერად, ფლეი-ოფის მატჩებზე საქართველოს ეროვნულს ვერ დაეხმარება.


ფეხბურთის მოყვარულებს შევახსენებთ, რომ უეფა-ს ერთა ლიგის პირველი გათამაშების პირველი გოლი გიორგი ჩაკვეტაძემ გაიტანა, ყაზახეთის ეროვნული ნაკრების კარში. აი, მე-5 გათამაშება კი, ისე ჩავასრულეთ, რომ 6 შეხვედრაში გოლი არ გაგვიტანია. სხვების არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის პირადად, შფოთვის საფუძველს სწორედ, ეს გარემოება იწყება.


გეტყვით იმასაც, რომ მარტში საქართველოს ნაკრებში, რომელსაც რამაზ სვანაძის „ქირურგიული" ჩარევის შემდეგ, ალბათ გადახალისებულს ვიხილავთ, უპირველესად მენტალური კუთხით, დიდი ალბათობით, ცვლილებები იქნება შემადგენლობის თვალსაზრისითაც. ეროვნულს დაემატება ტრავმის შემდეგ დაბრუნებული ოთარ კიტეიშვილი, რომლის გარეშეც  ფაქტია, ქართულ გუნდს ძალიან უჭირს. მარტის თამაშებში, როგორც უკვე ვთქვით, არ გვეყოლება ლუკა ლოჩოშვილიც, რომელმაც უეფა-ს ერთა ლიგის ბოლო შეხვედრაში, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში წითელი ბარათი მიიღო. არ გვეყოლება ხვიჩა კვარაცხელიაც, რომელიც მარტისთვის სარეაბილიტაციო ფაზის, სავარაუდოდ, მესამე ეტაპს დაიწყებს.


მაშ ასე, საქართველოსა და ფარერების ურთიერთშეხვედრების საერთო ბალანსი: 3 მოგება, 0 ფრე, 0 წაგება, გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობა შეფარდება 10/1-ზე არის. ისე, ფარერების კარში გატანილი ქართველი მეგოლეებიდან, სამი აუცილებლად დაესწრება ამ თამაშებს. ასე, რომ ბევრი აჟიოტაჟისა და ვარაუდების გარეშე, ცივ გონებაზე, უახლესი გაკვეთილების ანალიზით, ვემზადებით და ვეთამაშებით, ჯერ ხელოვნურსაფარიან მოედანზე, შემდეგ კი ჩვენთან, ბუნებრივზე, თან 20 წლის შემდეგ, შესაძლოა იმ რიცხვში, როდესაც ფარერები ერთხელ უკვე დავამარცხეთ.