
ჯაბა კანკავამ, რომელიც ტრადიციულად არ გამოირჩევა სოციალურ ქსელში აქტიურობით, დღეს ბევრისთვის მოულოდნელი განცხადება გამოაქვეყნა. „დინამო თბილისის" მოქმედი ლეგენდა, ეროვნული ჩემპიონატის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე გუნდს დაემშვიდობა, თუმცა, ჯაბამ, ეს გადაწყვეტილება გორის „დილას" წინააღმდეგ, 32-ე ტურის თამაშამდე ორი დღით ადრე მიიღო.
„დინამოს" და მის გულშემატკივარს, ფეხბურთელებს, მინდა მადლობა გადავუხადო და დავემშვიდობო. ამ გადაწყვეტილების მიღება არ იყო ჩემთვის ადვილი, თუმცა, იყო დროული. „დინამო" ჩემთვის ყოველთვის იქნება გამორჩეული და მშობლიური გუნდი. გუნდი, სადაც შედგა ჩემი პროფესიული კარიერის პირველი და უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები. ყოველთვის თქვენს ქომაგად მიგულეთ", - წერს ჯაბა კანკავა პირად სოციალურ ქსელში.
დღის განმავლობაში, კანკავას გუნდიდან წასვლის შესახებ განაცხადა კლუბმაც. „დინამო თბილისის" მიერ გაკეთებულ განცხადებაში წერია, რომ კლუბმა გაითვალისწინა ფეხბურთელის თხოვნა და კონტრაქტი ორმხრივად შეწყდა.
„დედაქალაქური გუნდი მადლობას უხდის დინამოსა და ქართული ფეხბურთის ლეგენდას ერთგულებისთვის და პროფესიონალიზმისთვის. წარმატებას გისურვებთ ყველაფერში კაპიტანო", - წერია „დინამო თბილისის" განცხადებაში.
ჯაბა კანკავა, რომელმაც 2003-2004 წლების სეზონში „დინამო თბილისში" დაიწყო თამაში და მშობლიურ კლუბში 2024 წელს დაბრუნდა 2025 და 2026 წლების სეზონში, „დინამო თბილისის" მაისურით ეროვნულ ლიგაში 37 მატჩი ჩაატარა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ „დინამო თბილისში" დაბრუნების შემდეგ, ჯაბა გახდა მაგალითი ახალგაზრდა დინამოელებისთვის, რომლებიც მთავარ გუნდში, პერიოდულად „ამოდიოდნენ" სათამაშოდ. არა მონათხრობით, ვარჯიშებზე თავად ვხედავდი, „წყლის შესვენების" დროს, აკადემიელები, როგორ ცდილობდნენ, ეს წუთები ჯაბას გვერდით გაეტარებინათ. ცდილობდნენ მიებაძათ მისთვის დისციპლინის მხრივაც. იმედია, ჯაბას ეს ფაქტორი, მის გვერდით მოთამაშე ახალგაზრდა თაობას წაადგება. ჯაბას კი, მომავალ კარიერაში წარმატებას ვუსურვებთ.
ამ ეტაპზე უცნობია, კანკავამ, მხოლოდ „დინამო თბილისის" რიგები დატოვა, თუ, ლეგენდა, სანაკრებო კარიერის დასრულების შემდეგ, საფეხბურთო კარიერასაც ასრულებს.





ჩვენ







