
დღეს თბილისი არენაზე საქართველოს ხელბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2028 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე კალენდარული შეხვედრა გამართა და კვლავ დამარცხდა. ამჯერად ავსტრიის ნაკრებთან 23-35.
თავიდანვე უნდა აღნიშნოთ, რომ ჩვენს ნაკრებს ხუთი გამოცდილი მოთამაშე აკლდა - გიორგი დიხამინჯია, ნიკოლოზ კალანდაძე, მირიან გავაშელიშვილი და ირაკლი კბილაშვილი, რომლებსაც ტრავმები აწუხებთ და ნაკრების მთავარი მეკარე ზურაბ ცინცაძე, რომელსაც ტრავმა არა, მაგრამ საბუთებთან დაკავშირებული ტექნიკური (არასპორტული) პრობლემის წინაშე აღმოჩნდა და ნაკრებს, საქართველოში ვერ ჩამოჰყვა. შესაბამისად, ავსტრიის ნაკრების წინააღმდეგ, რუბენ გარაბაია, კიდევ უფრო რთულ ვითარებაში აღმოჩნდა საკადრო კუთხით.
ალბათ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ავსტრიელებმა ჰიმნი უფრო ომახიანად იმღერეს, ვიდრე თბილისი არენაზე შეკრებილმა გულშემატკივარმა, ქართულ გუნდთან ერთად და ალბათ, ამის მიზეზი დარბაზში გაჟღერებული ვერსია იყო, რომლის აყოლაც ბევრისთვის გართულდა. ფაქტი კი ისაა, რომ დღეს მეტოქემ პირველი გოლი ჰიმნის დროს გაგვიტანა.
უშუალოდ თამაშში კი, პირველი დარტყმა სტუმრების იყო და შესაბამისად, დავით ნიქაბაძის სეივიც, რომელიც პირადად მე, ტაიმის ბოლო წამზე, მისსავე მოგერიებულ ბურთთან ერთად დამამახსოვრდა. დამამახსოვრდა შეტევაში დაშვებული შეცდომები, რომელთა შემდეგ, საქართველოს ნაკრები ყოველ ჯერზე გოლით ისჯებოდა. შესაბამისად, ანგარიში ნელ-ნელა იზრდებოდა და იზრდებოდა სხვაობაც. პირველი ტაიმი, მოვლენებს გადავასწრებ და გეტყვით, 8 ბურთიანი სხვაობით 9-17 წავაგეთ. შეხვედრის ამ მონაკვეთში 6 გოლი იყო გიორგი ცხოვრებაძის ანგარიშზე, თითო ირაკლი გოგოლაძის, ნიკოლოზ მამულაშვილისა და ერეკლე არსენაშვილის ანგარიშზე. სხვათა შორის, ამ შეხვედრაში ქართული გუნდიდან გოლების ათვლა სწორედ, არსენაშვილმა დაიწყო.
პირველი ტაიმის სცენარით განვითარდა მომდევნოც. საქართველოს ნაკრებს, სამწუხაროდ, არაფერი გამოდიოდა. სხვაობა კი, ნელ-ნელა იზრდებოდა და ერთ მონაკვეთში, სხვაობამ 14 ქულასაც მიაღწია, თუმცა, აქ ქართული გუნდის დაცვამ ერთ მომენტში გამართულად ითამაშა და ამასთან შეტევაშიც მოახერხა ზედიზედ სამი გოლის ისე გატანა, რომ საპასუხოდ არც ერთი მიიღო. ალბათ, აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ მეორე ტაიმში, გარაბაიამ, საქართველოს ნაკრების კარი, გიგი რუხაძეს მიანდო.
„ვერ ვიტყოდი, რომ ვინმეს მოტივაცია აკლია. რაც მართლა გვაკლია არის მოთამაშეები. პირველი შვიდეული ვინც არის, ნახევარი ტრავმირებულია და ვინც არის ნახევარი ფეხით თამაშობს. ეს არის რეალურად დიდი დანაკლისი, თორემ ყველას რომ ბრძოლა და მოგება უნდა, ამაში, ეჭვი არავის უნდა შეეპაროს. რა თქმა უნდა, რთული იქნება გასვლა, მაგრამ კიდევ ოთხი თამაში გვაქვს და როგორც დავამტკიცეთ, რომ უნგრეთს მოვუგეთ გასვლა, ყველას ეგონა, რომ ვერ გავიდოდით და გავედით, მაინც ყოველთვის, ვიდრე არ მორჩება ყველაფერი, ყოველთვის არის შანსი. ასე, რომ ყურები არ უნდა ჩამოვყაროთ, თავი ზევით ავწიოთ და მაქსიმალურად შევეცადოთ საქმე გავაკეთოთ", - ამბობს გიორგი ცხოვრებაძე, რომელმაც საბოლოოდ, 21 მცდელობიდან 12 გოლი გაიტანა, რაც ორი გუნდში საუკეთესო შედეგი იყო.
საქართველოს ნაკრებმა შესარჩევი ციკლის მეორე შეხვედრაც წააგო (იხილეთ მატჩის სტატისტიკური ჩანაწერი ბმულზე).
მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები უკვე 2027 წელს, 11 მარტს გამართავს გასვლაზე, თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ.





ჩვენ







