
დღეს თელავის სპორტის სასახლეში საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მეორე ამხანაგური მატჩი გამართა ლიბანის ნაკრებთან და უფრო დაძაბულ ბრძოლაში, ვიდრე პირველი იყო, 2-1 გაიმარჯვა. ვიდრე უშუალოდ, თამაშის შესახებ გიამბობთ, აუცილებლად უნდა აღვნიშნო ფაქტი, რომელიც რა დაგიმალოთ და ჩემთვის პირადად, მიუღებელია. საქმე ისაა, რომ ხშირად და წლებია, ის, რომ თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი და გორი, სხვადასხვა სპორტული ღონისძიების, რა თქმა უნდა, საერთაშორისოების მასპინძელია, ხდება სალაპარაკო - რატომ იქ და რეგიონებში არაო. წლებია, ფეხბურთის ფედერაცია, სხვადასხვა სპორტული ტურნირით, ან თუნდაც, საქართველოს ჩემპიონატში, მნიშვნელოვანი თამაშით, ცდილობს რეგიონებში გავიდეს, თუმცა, იმ რეგიონებშიც, ხსენებული ქალაქების სიახლოვიდან გამომდინარე თუ მიდიან გულშემატკივრები. გამონაკლისი, არც ეს ორი ამხანაგური შეხვედრა იყო ფუტსალში. დასანანია, რომ შაბათ დღეს, თელავში, ადგილობრივებისთვის ქვეყნის ნაკრების თამაშმა, რომელ სახეობაშიც არ უნდა იყოს, ინტერესი არ გამოიწვია. ვინმემ, შესაძლოა თქვა, აბა „კვარა" ჩამოგეყვანათ და ნახავდითო, თუმცა, ამაშიც ეჭვი მეპარება.
რაც შეეხება დღევანდელ დაპირისპირებას საქართველოსა და ლიბანის ნაკრებს შორის, პირველ სპარინგთან შედარებით, ბევრად უფრო დაძაბული გამოდგა. თავიდანვე უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ნაკრების კარში ამჯერად, კარგად იდგა ლუკა ხარშილაძე, რომელსაც ავთანდილ ასათიანმა, დღეს სასტარტო შემადგენლობიდან დართო თამაშის უფლება და ამასთან მთელი მატჩი სათამაშო დრო მისცა.
ლიბანთან პირველი სპარინგისგან განსხვავებით, ამჯერად ასათიანის სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ ერთი ცვლილებები იყო - ლუკა ხარშილაძე, მინდვრის მოთამაშეები კი, მთავარმა მწვრთნელმა იგივე დატოვა - ვახტანგ კეკელია, ვახტანგ ჯვარაშვილი, ნიკოლოზ კურტანიძე, ლევან სვანიძე. ხარშილაძე, თამაშში პირველივე წუთებიდან ჩაერთო და კარგი „სეივიც" შემოგვთავაზა. ზოგადად, სტუმრებს, ამ შეხვედრაში, საკმაოდ ჰქონდათ მომენტები. აი, ანგარიში კი, დღევანდელ შეხვედრაში მე-17 წუთზე გავიდა. ბევრი მცდელობის შემდეგ, ასათიანის გუნდმა მეტოქის დაცვაში „ღრიჭო" იპოვა და შორი მანძილიდან გაიტანა. 16'29" წუთზე ნიკა ხარატიშვილის გადაცემით, საქართველოს ნაკრები ნიკოლოზ გაბრიჩიძემ დააწინაურა.
თამაშის ხასიათიდან გამომდინარე, ქართული გუნდისთვის აუცილებელი იყო, მეორე გოლის გატანა, მეტ-ნაკლებად, თავი ქუდში, რომ გვეგრძნო. მაგალითად, ერთ მომენტში გადავრჩით, ჩვენებმა დაცვაში თამაში უყურადღებოდ ითამაშეს, ლიბანელებს კი, ამ მომენტში ორჯერ მიეცათ საშუალება ქართველთა კარის მიმართულებით დაერტყათ, ერთხელ ძელმა გვიხსნა, მეორედ, ბურთი ოდნავ ასცდა ჩვენს კარს. საბედნიეროდ, აქ გადავრჩით. 27'55" როგორც იქნა, ქართული გუნდის კომბინაცია გოლით დასრულდა - ლევან სვანიძის გადაცემა ჯანიკო გიორგაიამ დაასრულა გოლით. სხვათა შორის, რამდენიმე წუთის შემდეგ, მსგავს სიტუაციაში აღარ გაგვიმართლა. არადა, 2-0-ზე უკეთ, 3-0-ზე ვიქნებოდით. რეალურად, ჩვენი გუნდის სიფრთხილის საფუძველი ჰქონდა. მატჩის დასრულებამდე არასრული 5 წუთით ადრე, სტუმრებმა მეკარე გაიყვანეს და მოედანზე მეხუთი მინდვრის მოთამაშე შემოუშვეს. შედეგი მომენტალური იყო, ლიბანელებმა რამდენიმე წამში ანგარიში შეამცირეს. 35'03" ალი აქუმმა, ანგარიში შეამცირა. თუმცა, ამის შემდეგ ქართულმა გუნდმა მოახერხა დაცვაში გამართულად თამაში და მატჩი მოგებამდე მიიყვანა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფუტსალის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მეინ რაინდის კალენდარულ მატჩებს შორის, ფორმას, ამხანაგურ შეხვედრებში ინარჩუნებს.
ფოტო: სფფ





ჩვენ







