
დღეს შენჟენში ISU-ს გრან პრის მესამე ეტაპზე მედლების პირველი კომპლექტი გათამაშდა. გამარჯვებულები სამ კატეგორიაში გამოვლინდნენ. აქედან ქართული გუნდის ანგარიშზე ორი მედია, ოქრო და ვერცხლი. თუმცა. მივყვეთ თანმიმდევრობით.
ყინულზე თავდაპირველად სპორტული ცეკვების წარმომადგენლები გამოვიდნენ. რიტმული ცეკვების შემდეგ, აქ საქართველოს წარმომადგენლები დიანა დევისი და გლებ სმოლკინი მეორე ადგილზე იყვნენ და პირველ ადგილზე მყოფ ბევრად სახელოვან ბრიტანულ წყვილს, ლაილა ფირისა და ლუის გიბსონს 0,69 ქულით ჩამორჩებოდნენ. შესაბამისად ჩვენს წყვილს, რომელიც ტურნირიდან ტურნირამდე უმატებს და ბევრად უფრო ანგარიშგასაწევი ხდება ვიდრე ეს გასულ სეზონში იყო, პროგრამის უშეცდომოდ შესრულების შემთხვევაში, შანსი ჰქონდა ბრიტანელებისთვის გადაესწროთ, თუმცა, ერთ-ერთი ელემენტის შესრულების დროს, დიანამ წამიერად დაკარგა ბალანსი, რაც პანელისთვის დამინუსების საბაბი გახდა, შესაბამისად, წყვილმა პირდაპირი გაგებით „ოქროს ქულები" დაკარგა. საბოლოოდ, კი, ბრიტანელებთან თავისუფალ პროგრამაში 0.7 ქულით წააგო. დიანამ და გლებმა, 114.23 (61.15/53.08) ქულით, თავისუფალ პროგრამაში მეორე ადგილი დაიკავეს. ორი პროგრამის ჯამშიც, 193.54 ქულით მეორენი იყვნენ და შესაბამისად, ვერცხლის მედლები მოიგეს. ქართულ წყვილს გრა პრის ორ ეტაპზე ორი ვერცხლი აქვს აღებული, რაც შესაბამისად, ზრდის შანსებს მოხვდნენ, გრან პრის ფინალში, რომელიც დეკემბერშია დაგეგმილი.
მედლების მომდევნო კომპლექტი ერთეულ ქალებში გათამაშდა. მოკლე პროგრამის შემდეგ, ქართული გუნდის წარმომადგენელი, ანასტასია გუბანოვა მეორე ადგილზე იყო, თუმცა, საკმაოდ მჭიდრო კონკურენციაში იაპონელ მონე ჩიბასთან და ნეიტრალური ქვეყნის სახელით მოასპარეზე რუს ალექსანდა იგნატოვასთან. თუმცა, აქ, სამივე მათგანს სიურპრიზი ელოდათ, რამეთუ, მოკლე პროგრამის შემდეგ მე-7 ადგილზე მყოფმა კორეელმა ჰაენ ლიიმ თავისუფალი პროგრამა საკმაოდ მაღალ დონეზე შეასრულა და 143.30 ქულით პირველი ადგილი, იგნატოვას გამოსვლამდე შეინარჩუნა. აქ კი, იგნატოვამ უძლიერესი პროგრამა უშეცდომოდ წარადგინა და 148.90 ქულით ლიის ლიდერობა გაუცვალა. მის შემდეგ კი, გუბანოვა ასპარეზობდა. შესაბამისად, გუბანობას პროგრამის სუფთად შესრულების გარდა, ფსიქოლოგიური მდგრადობა ესაჭიროებოდა, რაც ანასტასიამ მოახერხა და 133.53 (66.89/66.64) ქულა დაიმსახურა, რაც სპორტსმენისთვის, სეზონის საუკეთესო შედეგია, თუმცა, პირად რეკორდამდე ცოტა დააკლდა. ორი პროგრამის ჯამში კი, 208.58 ქულა დააგროვა. აჩვენა უკეთესი შედეგი ვიდრე ანჟიში გამართულ ეტაპზე, თუმცა ამჯერად, ეს არ გამოდგა საკმარისი კვარცხლბეკზე მოსახვედრად, ვინაიდან, ბოლო მოასპარეზემ, იაპონელმა ჩიბამ, ასევე უშეცდომოდ შეასრულა თავისუფალი პროგრამა, ვერ აჯობა ვერც მან რუსს, თუმცა, ორი პროგრამის ჯამში, მაინც მოახერხა ეტაპის მოგება.
დღეს ბოლო მედლები სპორტულ წყვილებში გათამაშდა. აქ საქართველოს ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა წარმოადგენდნენ, რომლებიც მოკლე პროგრამის შემდეგ, მეორე ადგილზე იყვნენ, თუმცა, წყვილის ბრძოლისუნარიანობიდან გამომდინარე, ვიმედოვნებდით, რომ რუსულ წყვილთან 7.63 ქულიან ჩამორჩენას ამოიღებდნენ. თუმცა, ყინულზე 5 წლის შემდეგ დაბრუნებული მეტოქეც არ აპირებდა დანებებას. ანასტასიამ და ლუკამ კი, მცირე შეცდომა, რაც ტექნიკური პანელისთვის საკმარისი აღმოჩნდა, მაინც დაუშვეს და შესაბამისად, ქულების მაქსიმუმი, რაც პირველ ადგილზე გასვლის შანსს დაუტოვებდა, რეალურად დაკარგეს. ჩვენებმა თავისუფალ პროგრამაში, რომელიც გრან პრის წინა ეტაპთან უკეთესად შეასრულეს 131.21 (62.27/68.94) ქულა აიღეს. პირველ ადგილზე გასულმა ანასტასია მიშინასა და ალეკსანდრ გალიამოვის წყვილმა კი, 135.15. შესაბამისად, ჩვენებს, ორი პროგრამის ჯამში 198.27 ქულა დაუგროვდათ, რაც ამჯერად, მხოლოდ ვერცხლის მედლების მომტანი აღმოჩნდა.
შეგახსენებთ, რომ ხვალ თავისუფალი პროგრამით კაცები იასპარეზებენ, სადაც მოკლე პროგრამის შემდეგ, ჩვენი ნიკა ეგაძე, ჯერ-ჯერობით, მხოლოდ მეშვიდე ადგილზეა.
სრული შედეგები იხილეთ ბმულზე.





ჩვენ







