
დღეს თბილისის დროით 16:00 საათზე ნიონში უეფა-ს ქალთა ერთა ლიგის 2027 წლის წილისყრა გაიმართა. საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები, C ლიგაში, ოთხიდან მესამე კალათში იყო. აღნიშნულ ლიგაში კი, 6 ჯგუფი შედგა, საიდანაც ბოლო ორი ჯგუფი სამ-სამი ნაკრებით დაკომპლექტდა. ირის ანტმანის გუნდი მე-2 ჯგუფში ლატვიის, აზერბაიჯანისა და ლიხტენშტეინის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.
„იმის შესახებ ლაპარაკი, იყო წილისყრა ხელსაყრელი თუ არა, ნაკლებად მნიშვნელოვანია. უფრო მთავარი ისაა, რამდენად მოვახერხებთ ჩვენ მატჩებისთვის მომზადებას, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, როდესაც ქალთა ლიგის ახალი გათამაშება ჯერ არ იქნება დაწყებული. ფეხბურთელებს მოუწევთ ბევრი მუშაობა და ბევრს მოუწევს ამის გაკეთება ზამთარში ინდივიდუალურად, რადგან სრულად მომზადებულნი იყვნენ. მე ძალიან მჯერა ჩვენი ეროვნული ნაკრები და ვიმედოვნებ, ყველა მოთამაშე იქნება ჯანმრთელი და შესაძლებლობა ექნებათ ითამაშონ ნაკრებში. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია კარგად თამაში და ისეთი გუნდების დამარცხებაც, რომელიც ჩვენზე რეიტინგით მაღლა არის", - ამბობს ირის ანტმანი, ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, წილისყრის დასრულების შემდეგ.
საქართველოს ნაკრებს სხვადასხვა პერიოდში ჰქონდა კვეთა ლატვიისა და აზერბაიჯანის ნაკრებებთან. ლატვიასთან, ჩვენს გუნდს სხვადასხვა წლებში სამი შეხვედრა აქვს გამართული, 1 მოგებული, 1 წაგებული და 1 ფრედ დასრულებული. უფრო მეტი შეხვედრა გვაქვს ჩატარებული მეზობელ აზერბაიჯანელებთან, ოფიციალურ-ამხანაგური შეხვედრებიანად 8, საიდანაც 3 ქართველმა ქალებმა მოიგეს, 3 დასრულდა ფრე და 2-შიც აზერბაიჯანელებმა მოიგეს. აქვე გეტყვით, რომ პირველად ეს გუნდები 2009 წელს დაუპირისპირდნენ და მატჩი ფრედ, 2-2 დასრულდა, ბოლოს კი, თბილისში, 2024 წელს, ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპზე დავუპირისპირდით და 1-0 მოვუგეთ. რაც შეეხება მესამე მეტოქეს ლიხტენშტეინს, ამ გუნდთან საქართველო ქალთა ეროვნულს კვეთა არ ჰქონია. ჩვენი მომავალი მეტოქე გუნდი, მხოლოდ 2021 წელს შეიქმნა, ერთა ლიგაზე კი, პირველად, 2025 წელს იასპარეზა. თუმცა, ამ ქვეყნის ქალთა ფეხბურთზე, წარმოდგენა გვაქვს. საქმე ისაა, რომ 2025 წლის აპრილში, 19-წლამდეთა შორის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოსა და ლიხტენშტეინის გოგონათა ნაკრებების დაპირისპირება, ჩვენი გუნდის გამარჯვებით დასრულდა, ანგარიშით 2-0. გოლები ლიზი კანკიამ და ელენე ბოლქვაძემ გაიტანეს.
უეფა-ს ერთა ლიგის ფორმატიდან გამომდინარე, საქართველოს ქალთა ეროვნულ ნაკრებს ჯგუფის მოგების შემთხვევაში კარგი შანსი აქვს დაწინაურდეს B ლიგაში, სადაც შესარჩევი ეტაპის შემდეგ, ექვსი ჯგუფის გამარჯვებული გადავა. ამას გარდა, B ლიგის ფლეი-ოფში დაწინაურების დამატებითი შანსი C ლიგის ორ საუკეთესო მეორე ადგილოსანსაც ექნება.
ქალთა ერთა ლიგის გათამაშება ტრადიციულად თებერვალში გაიმართება და ჩვენს ნაკრებს, საერთო ჯამში ექვსი მატჩის გამართვა მოუწევს სახლი-გასვლის პრინციპით. კონკრეტული თარიღები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, მანამდე კი, უეფა-ს სათამაშო თარიღებს გაგაცნობთ, რა პერიოდშიც საქართველოს ნაკრებს მოუწევს თამაში.
1 და 2 მატჩი: 2027 წლის 23 თებერვლისა და 6 მარტის შუალედში
3 და 4 მატჩი: 2027 წლის 13 და 24 აპრილის შუალედში
5 და 6 მატჩი: 2027 წლის 7 და 15 ივნისს.
საერთო ჯამში, 2027 წლის ქალთა ერთა ლიგის გათამაშებაში უეფა-ს წევრმა 54-მა ქვეყანამ, მათ შორის პირველად, სან-მარინომაც გამოთქვა.





ჩვენ







