ქალთა ლიგა განახლდა, ბომბარდირთა სიას ნათია დანელია ლიდერობს
03.11.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს ქალთა ლიგა განახლდა. თამაშები, როგორც ზედა ასევე ქვედა ჯგუფებში გაიმართა.


ზედა ოთხეულში, სადაც შეგახსენებთ „ნიკე-ლუსო", „ლანჩხუთი", „კვარტალი" და „ბათუმი" ასპარეზობენ, დღევანდელი ტურის შემდეგ არც ცხრილის ლიდერი შეცვლილა და არც მეორეადგილოსანთან სხვაობა შემცირებულა. თამაშები პარალელურად სფფ-ის ორ საფეხბურთო ცენტრში გაიმართა.


სფფ-ის ნუცუბიძის პლატოს საფეხბურთო ცენტრში „კვარტალმა", ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან კლუბს „ლანჩხუთს" უმასპინძლა და 1-5 დამარცხდა. პირველი ტაიმის შემდეგ ნათია დანელიას მიერ, 26-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით, სტუმრები 0-1-ს იგებდნენ და ალბათ, მეორე ტაიმში საერთო ჯამში, ხუთ გოლსაც არავინ ელოდა, თუმცა, მეორე ტაიმის საწყისი წუთებიდან, მოვლენები საინტერესოდ განვითარდა. 48-ე წუთზე, მასპინძლებმა ანგარიშ გაათანაბრეს, გოლი ანანო წიქარიძემ გაიტანა. 63-ე წუთზე სტუმრები კვლავ დაწინაურდნენ. დანელიამ დუბლი შეასრულა და ბომბარდირთა დავაში, 42 გატანილი გოლით, კიდევ უფრო გაიმყარა ლიდერი პოზიცია. აი, შეხვედრის ბოლო ათწუთეული კი, ეთერ სულაშვილის იყო, რომელიც დღეს მეორე ტაიმში შემოვიდა შეცვლაზე და თანაგუნდელთა შორისაც ყველაზე ენერგიულად გამოიყურებოდა. სულაშვილმა, 10 წუთიან მონაკვეთში მე-80, 86-ე და 90- წუთებზე ჰეთ-თრიკი შეასრულა და თავის გუნდს, დამაჯერებელი გამარჯვება მოუტანა. ზედა ჯგუფში 6 ტურის შემდეგ, „კვარტალს" 28 ქულა აქვს და ოთხეულში ბოლო ადგილზეა, თუმცა, ერთი თამაშით ნაკრები აქვს ჩატარებული. აი, „ლანჩხუთმა" კი, 63 ქულა დააგროვა და  ამ მომენტისთვის მე-2 ადგილზეა.


ერთი თამაშით ნაკლები აქვს გამართული „ბათუმსაც", რომელიც დღეს თბილისში სფფ-ის დიდი დიღმის საფეხბურთო ცენტრში მოქმედ ჩემპიონს, „ნიკე-ლუსოს" დაუპირისპირდა. ანგარიში მე-9 წუთზე სტუმრების ავტოგოლით გაიხსნა, თუმცა, დაახლოებით 15-20 წუთი, ორივე გუნდს ჰქონდა გოლის გატანის შანსები, მაგალითად, ბათუმელთაგან ორჯერ თათია შაინიძეს და ერთხელ გამოცდილ ხატია ჭყონიას. თუმცა 31-ე წუთზე, გოლი მათ კარში გავიდა. მასპინძლები ქეითი გოდენმა დააწინაურა, რომელმაც ამის შემდეგ, კიდევ ორი გოლი გაიტანა 32-ე და მე-40 წუთებზე. ტაიმის მიწურულს, 43-ე წუთზე ემილი ბროუმაც გაიტანა და პირველი ტაიმიც, მასპინძლებმა 5-0 მოიგეს. მეორე ტაიმშიც, მასპინძლებმა ბურთი გააკონტროლეს და კიდევ ორი გოლი გაიტანეს. 54-ე წუთზე მაია ჟიოვანამ გაიტანა. თამაშის მიწურულს, 79-ე წუთზე, მეტოქის კარი აიღო თეონა ბაქრაძემ, რომელმაც ბათუმელთა მცველებისა და მეკარის შეუთანხმებელი თამაშით კარგად ისარგებლა და ბუნებრივია, რომ არც გოლის გატანა გაუჭირდებოდა. „ნიკე ლუსომ" 7-0 მოიგო და სატურნირო ცხრილს, 69 ქულით უდგას სათავეში.


შეგახსენებთ, რომ გათამაშების ამ ეტაპზე ჩემპიონობისთვის მებრძოლი გუნდები, ოთხ-ოთხჯერ ხვდებიან ერთმანეთს, ასე, რომ ჯერ კიდევ ბევრი რა არის გასარკვევი.


რაც შეეხება ქვედა ჯგუფის, საიდანაც 2027 წლის სეზონზე, ფორმატის ცვლილებიდან გამომდინარე (ახალი სეზონიდან ქალთა ლიგაში რვა გუნდი იასპარეზებს, ახლანდელი ათის ნაცვლად), ქალთა ლიგაში დასარჩენად მებრძოლი ექვსი გუნდიდან, ძლიერთა ლიგას სამი ავტომატურად დაემშვიდობება. ამრიგად, ამ ჯგუფშიც, საკმაოდ დაძაბული თამაშებია დარჩენილი. თუმცა, რეალურად და სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე, გამოიკვეთა ის სამი კლუბი, რომელიც მომავალ სეზონში ქალთა ლიგაში ადგილს შეინარჩუნებს.


ამ სამეულს ქუთაისის „მართვე" ლიდერობს, რომელმაც დღეს გასვლაზე, „რაჭა 2020" 0-3 დაამარცხა. ამბროლაურში, აგრანო ვაჩაძის სახელობის სტადიონზე, მასპინძლებმა პირველი ტაიმის 31-ე და 32-ე წუთებზე გაუშვეს გოლები, რომლებიც მანინო საღარაძემ ჩაიწერა აქტივში. შეხვედრის მიწურულს, 84-ე წუთზე კი, ნინი ჯანელიძემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. „მართვეს" 43 ქულა აქვს და ქვედა ექვსეულს უდგას სათავეში.


41 ქულა აქვს, ქალთა ლიგის დებიუტანტს „თეთრიწყაროს", რომელიც დღეს სტუმრად, „ავაზაზე" სოხუმის „დინამოს" დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 0-13 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ შავიზღვისპირა ქალაქის გუნდს, რომელიც წელს ტრავმიანობამ გააწამა, კვლავ აკლდა გუნდის ლიდერი ლიზი კაკულია. გუნდი კი, ასაკობრივი გუნდის ფეხბურთელებით იყო შევსებული, რომელთათვისაც, ქალთა ლიგის მატჩის ინტენსიობას, მაინც, მიჩვევა უნდა. ამას დაემატა პირველივე წუთზე გაშვებული გოლი, რომელიც მეგი ირემაძემ გაიტანა. მე-19 წუთისთვის კი, მარიამ მოდრეკილაძის ჰეთ-თრიქით (13', 15', 19', 64'), რომელმაც საბოლოოდ ოთხი გოლით დაასრულა ასპარეზობა, „თეთრიწყარო" უკვე 0-4-ს იგებდა. პირველი ტაიმის მიწურულს ლანა გორგაძემ გაიტანა კიდევ ერთი გოლი და საბოლოოდ, სტუმრებმა მონაკვეთი 0-5 მოიგეს. მეორე ტაიმში კი, სტუმრებმა კიდევ რვა გოლი გაიტანეს - ანა გრიგალაშვილმა (49', 61'-პ), თამარ კვალიაშვილმა (51', 74'), ნათია სხირტლაძემ (68'), ქეთევან ქართველიშვილმა (73') და ნინო გოშაძეს (85') და ორ ქულაში მიუახლოვდნენ ქვედა ჯგუფის ლიდერს.


ქვედა ჯგუფში 38 ქულით, მომდევნო ადგილზეა თბილისის „ვერე", რომელმაც დღეს, თბილისურ დერბიში, სფფ-ის გლდანის საფეხბურთო ცენტრში „ელიტა" 0-4 დაამარცხა. ანგარიში 39-ე წუთზე სესილი გაბრელიანმა გახსნა. მალევე, 41-ე წუთზე ანა პავლიაშვილმა გაიტანა, რომელმაც მეორე ტაიმში კიდევ ორჯერ (63', 86') მოახერხა მეტოქის კარის აღება.


აქვე გეტყვით, რომ ქალთა ლიგის მომდევნო, მე-7 ტური, როგოც ზედა, ასევე ქვედა ჯგუფებში 8 ნოემბერს გაიმართება.