31-ე ტურის პირველ დღეს ორი მატჩი იდენტური ანგარიშით, 0-0 დასრულდა
31-ე ტურის პირველ დღეს ორი მატჩი იდენტური ანგარიშით, 0-0 დასრულდა
31.10.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დასრულებამდე 5  ტურით ადრე და ამ ტურის ბოლო მატჩებამდე, სატურნირო ცხრილის პირველ ადგილს, 56 ქულით „იბერია 1999", ბათუმის „დინამოსთან" ერთად ინაწილებს. იბერიელებმა დღეს, 31-ე ტურში თბილისში, „დინამო არენაზე" საქართველოს ყველაზე ტიტულოვან გუნდს, „დინამო თბილისს", რომელმაც ამ შეხვედრაში აშკარად აჯობა უეფა-ს კონფერენს ლიგის ფაზაზე მოასპარეზე გუნდს, ორი ქულა წაართვა. თუმცა, ტური ხვალ დამთავრდება და „ბოლო სიტყვა" ბათუმის „დინამოზეა" და ისიც, მხოლოდ 31 ტურის გათვალისწინებით.


მოკლედ, ძალიან რომ არ ავხლართო, გეტყვით, რომ დღეს, სანაკრებო შესვენებამდე ერთი ტურით ადრე, 31-წ ტური წყალტუბოში დაიწყო. სატურნირო ცხრილის ქვედა ექვსეულში მყოფმა გუნდებმა, „სამგურალმა" და „სპაერმა" ქულები გაიყვეს. მატჩი მშრალად, 0-0 დასრულდა.


მშრალი ანგარიშით დასრულდა თბილისური დერბიც „დინამო არენაზე". როგორც უკვე აღვნიშნეთ, „დინამო თბილისისა" და „იბერია 1999"-ის დაპირისპირება, რომელიც მასპინძელთა დიდი უპირატესობით წარიმართა, გოლების გარეშე დასრულდა. არადა, ჩვენს სტენოგრაფიულ ჩანაწერს თუ გავყვებით, ანგარიშის გახსნის საშუალება მე-6 წუთზე ნიკა ნინუას ჰქონდა, ტრადიციულად სტანდარტულიდან. მომდევნო 15 წუთში მეტოქის კარის აღების შანსი ჰქონდათ ბასა და ტეიშეირას. თუმცა, როგორც მატჩის შემდეგ დინამოელთა მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ აღნიშნა, მის გუნდს ბრძოლა არ აკლდა, მაგრამ ოსტატობა დააკლდა. ქეცბაიამ, იმ გარემოებსაც გაუსვა ხაზი, რომ მიუხედავად იმისა, რომ თამაშები ჯერ კიდევ წინ არის, სეზონი დასასრულს უახლოვდება და ყველა თამაშს ვერ მოვიგებთო.


არადა, დღეს, ცოტა მეტი სიზუსტე და იღბალი, რომ მასპინძელთა მხარეს ყოფილიყო, მათ ეს თამაში უნდა მოეგოთ. რეალურად, მეტოქეს, პირველ ტაიმში, მხოლოდ ერთი მომენტი ჰქონდათ, 24-ე წუთზე, როდესაც საქმეში მასპინძელთა კარის მცველი, ლუკას ფლორესი ჩაერთო. შეხვედრის ამ მონაკვეთში „იბერია 1999", რეალურად, დინამოელთა ნახევარზე ვერ გადადიოდა.


მეორე ტაიმის დასაწყისსა და შემდეგ, ბოლო წუთებს არ ჩავთვლით, „დინამომ" ბურთის გაგორების შესაძლებლობა „იბერიასაც" მისცა. თან იმდენად, რომ „საქმეში" VAR-იც ჩაერია. თუმცა, პენალტის დანიშვნის აუცილებლობა ვერ დაინახა და თამაშ გაგრძელდა. საბოლოოდ, გუნდებმა კი, გაიყვეს ქულები, თუმცა, თამაშის შემდეგ, ქეცბაიამ აღნიშნა, რომ მიცემული დავალებების მიუხედავად, დღევანდელ შეხვედრაში, ორივე გუნდი ჩემპიონობისთვის იბრძოდა და ეს, თამაშის ხასიათზეც აისახა. ფაქტია, რომ დინამოელთა მთავარი მწვრთნელის თქმით, მისმა გუნდმა საკუთარ მოედანზე 2 ქულა დაკარგა.


ამ თამაშიდან, კიდევ ორ გარემოებაზე მინდა გავამახვილო ყურადღება - პირველ რიგში სტუმართა რიგებში ალექსანდრე ამისულაშვილის კარ თამაშზე, რომელიც ასაკის მიუხედავად (19 წლისაა) ის შესაშურად სტაბილურია ყველა თამაშში, სანაკრებოს ჩათვლით და კიდევ ანდრია ბართიშვილს, რომელიც დღეს 77-ე წუთზე შემოუშვა ლევან კორღალიძემ, თუმცა, 17 წლის ფეხბურთელმა სამედიცინო გუნდის წარმომადგენლების დახმარებით დატოვა მოედან.


ასეა თუ ისე, ამ მატჩის შემდეგ, 56 ქულით „იბერია 1999"-მა მეორე ადგილზე შეინარჩუნა პოზიცია, „დინამო თბილისი" კი, 55 ქულით, ამ მომენტში მე-3 საფეხურზეა.


31-ე ტური ხვალ 1 ნოემბერს გაგრძელდება:

17:00  „გაგრა" - „რუსთავი" / „პეტრო არენა"

19:00 „დინამო" ბთ - „მეშახტე" / „ბათუმი არენა"


2 ნოემბერი

19:00 „ტორპედო" - „დილა / „რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი"