
მაშინ, როცა დოჰაში, ხვიჩა კვარაცხელია ოპერაციის წინა ღამეს ატარებდა, ლონდონში კი, „ოქროს ბურთის" საზეიმო ცერემონიისთვის იკრიბებოდნენ, ცნობილი გახდა, რომ ქართველი, მთავარი ჯილდოს ნომინანტთა ათეულში მოხვდა. ათეულში, რომელიც დაახლოებით 23:20 საათისთვის თბილისის დროით ასე გამოიყურებოდა.
კილია მბაპე (საფრანგეთი)
ჰარი კეინი (ინგლისი)
ლამინ იამალი (ესპანეთი)
ლიონელ მესი (არგენტინა)
როდრი (ესპანეთი)
ხვიჩა კვარაცხელია (საქართველო)
მაიკს ოლისე (საფრანგეთი)
უსნაბ დემბელე (საფრანგეთი)
ერლინგ ჰაალანდი (ნორვეგია)
ფაბიან რუისი (ესპანეთი)
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და პსჟ-ს შვიდიანი, გახდა მესამე ქართველი ფეხბურთელი, რამაზ შენგელიასა და ალექსანდრე ჩივაძის შემდეგ, რომელიც ამ პრესტიჟული დაჯილდოების ათ საუკეთესოში მოხვდა. ათეულთან ყველაზე ახლოს, მე-11 ადგილზე დავით ყიფიანი იყო, რომელსაც ათეულში მოსახვედრად, სულ რაღაც ერთი ქულა დააკლდა. მათ გარდა, კიდევ უფრო ადრე, 1961 წელს მიხეილ მესხი მე-17, სლავა მეტრეველი კი, 23-ე ადგილზე გავიდნენ.
2026 წლის „ოქროს ბურთის" (Ballon d'Or) საიუბილეო, რიგით მე-70 დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც ლონდონში, ლეგენდარულ „ლონდონ პალადიუმში" 2200-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა.
ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც როგორც აღვნიშნეთ 30-დან 10 საუკეთესო ფეხბურთელს შორის მოხვდა, საბოლოოდ მე-6 ადგილზე გავიდა. ამ ეტაპზე არ ვიცით რამდენი ქულა დააგროვა ქართველმა. გამოკითხვაში 100 საფეხბურთო ჟურნალისტი მონაწილეობდა. 2026 წელს კი, მთავარი ჯილდოს მფლობელი ინგლისის ნაკრებისა და „ბაიერნის" ფეხბურთელი ჰარი კეინი გახდა, რომელმაც გერდ მიულერის ჯილდოც მიიღო და წლის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 73 გატანილი გოლით ერთ სეზონში.
სხვათა შორის ქალთა შორის ამავე ჯილდოს (ბომბარდირი) შარლინ კორალი (მექსიკა, „პაჩუკა") გახდა. ქალთა შორის ოქროს ბურთის გამარჯვებული ალექსია პუტელიასი (ესპანეთი, „ბარსელონა"), რომლისთვისაც ეს მესამე Ballon d'Or-ი იყო.
იყო თუ არა საქართველოში მოლოდინი, რომ ჯილდოს მფლობელი ქართველი გახდებოდა? რა თქმა უნდა იყო, რადგან ხვიჩას 2025-2026 სეზონი შესაშურად კარგი ჰქონდა, თუმცა, ზურგს არ უმაგრებდა მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც როგორც ჩანს საბოლოო არჩევანისას, გადამწყვეტი დეტალი გახდა. ერთი, რაც მნიშვნელოვანია, ხსენებული ქართველებიდან, ხვიჩა, ყველაზე მეტად მიუახლოვდა ყველა ფეხბურთელის ოცნებას. ასე, რომ ოპერაციისა და რეაბილიტაციის შემდეგ, უფრო ძლიერ „კვარას" ველოდებით.
Ballon d'Or-ის დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც დათქმულ დროსთან შედარებით ერთი ტაიმით გვიან დაიწყო და დაახლოებით ორ საათნახევარს გაგრძელდა, ხსენებული ნომინაციებისა და გამარჯვებულების გარდა, კიდევ რამდენიმე ლაურეატი გამოავლინეს, როგორც ქალებს, ასევე კაცებს შორის.
კოპას ჯილდო, საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი:
კაცები: ლამინ იამალი (ესპანეთი, „ბარსელონა")
ქალები: ვიკი ლოპესი (ესპანეთი, „ბარსელონა")
იაშინის ჯილდო - საუკეთესო მეკარე:
კაცები: უნაი სიმონი (ესპანეთი, „ატლეტიკი ბილბაო")
ქალები: კატა კოლი (ესპანეთი, „ბარსელონა")
სპეციალური პრიზები:
იოჰან კრუიფის ჯილდო - წლის საუკეთესო მწვრთნელი:
კაცები: ლუის დე ლა ფუენტე (ესპანეთის ნაკრები, რომელთან ერთადაც 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო)
ქალები: პერე რომეუ („ბარსელონა")
წლის საუკეთესო კლუბი:
კაცები: „პარი სენ-ჟერმენი"
ქალები: „ბარსელონა"
და ბოლოს ცოტა რამ პრიზის შესახებაც: „ოქროს ბურთი" (Ballon d'Or) მსოფლიო ფეხბურთში ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოა. მას გააჩნია როგორც ვიზუალური, ისე სპორტული და საორგანიზაციო მახასიათებლები. თასის სიმაღლე 31 სანტიმეტრი არის, სიგანე (დიამეტრი)23 სანტიმეტრი, ხოლო საერთო წონა 7 კილოგრამზე მეტს შეადგენს. ჯილდო მთლიანად მყარი ოქროსგან არ არის დამზადებული. მისი ბირთვი ივსება სპეციალური ცვილისებრი მასალით, ზემოდან კი, თავსდება ერთმანეთზე მიდუღებული თითბერის (ლატუნის) ორი ფირფიტა, რომელსაც ბურთის ფორმა აქვს. ამ გზით დამზადებული ბურთი იძირება 18-კარატიან ოქროს აბაზანაში. მასზე სულ დაახლოებით 5 კილოგრამი ოქრო იხარჯება.
ოქროს ბურთი დგას „პირიტისგან" დამზადებულ ბაზაზე. ეს არის ბუნებრივი მინერალი, რომელსაც ვიზუალური მსგავსების გამო „ტყუილ ოქროსაც" უწოდებენ. რადგან პირიტის ყოველი ქვა უნიკალურია, არ არსებობს ორი აბსოლუტურად იდენტური „ოქროს ბურთის" თასიც.
რაც შეეხება თასის ღირებულებას - მხოლოდ ნედლეულის ფასი დაახლოებით 3000 ევროა, თუმცა, მისი ისტორიული და სიმბოლური ფასი 500000 ევროს აჭარბებს. ფეხბურთელებს კი, ორიგინალის ნაცვლად მის ზუსტ ასლს (რეპლიკას) უტოვებენ. აი, ასლის ფასი კი, 1500-2000 ევრომდე მერყეობს. თუმცა, მთავარი მაინც სახელია, რომელიც ისტორიაში იწერება და Ballon d'Or-ის რიგით 70-ე დაჯილდოებაზე ჰარი კეინისა და ალექსია პუტელიასის სახელები ჩაიწერა ისტორიაში.
ფოტო: (c) Ballon d'Or
#ოქროსბურთი #ქართველი #kvara7 #Ballon d'Or





ჩვენ







