უნგრელი ფანების სექტორი თბილისში ცარიელი იქნება, უეფა-მ ჩვენი მოწინააღმდეგე უკრაინასთან ინციდენტის გამო დასაჯა
უნგრელი ფანების სექტორი თბილისში ცარიელი იქნება, უეფა-მ ჩვენი მოწინააღმდეგე უკრაინასთან ინციდენტის გამო დასაჯა
27.10.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

19 დღეში საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის მეოთხე სათამაშო ტურში თბილისში, მიხეილ მესხზე უნგრეთის ნაკრებს უმასპინძლებს. ამ გუნდების პირველი შეხვედრა 2 ოქტომბერს, ბუდაპეშტის „პუშკაშ არენაზე" მასპინძელთა გამარჯვებით, მინიმალური ანგარიშით 1-0 დასრულდა. ჩვენი გუნდი რევანშის მოლოდინშია, სტადიონზე დასასწრები ბილეთები კი, ბოლო წლებისთვის უჩვეულოდ, ჯერ კიდევ გაყიდვაში. ვიცით, რომ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ვერ ითამაშებს ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც დღეს დოჰაში ოპერაციას იკეთებს. თუმცა, ალბათ, უნგრელთა შემადგენლობაში იქნება დომინიკ სობოსლაი, რომელიც ოქტომბრის შეხვედრაში, მოედანზე „10 კლონით" იყო გამოსული, თუმცა, მოგვიანებით, კლუბში დაბრუნებულმა ტრავმა მიიღო.


ბოლო ინფორმაციით სობოსლაი უკვე დაბრუნდა მოედანზე და ინდივიდუალურ ვარჯიშს შეუდგა. ამავე წყაროზე დაყრდნობით, უნგრელი ნახევარმცველის რეაბილიტაციის პროცესი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. ფეხბურთელი „კარგ მდგომარეობაშია" და უახლოეს დღეებში გუნდთან ერთად, სრული დატვირთვით ვარჯიშსაც განაახლებს. აღსანიშნავია, რომ „ლივერპული" მაქსიმალურად ერიდება ფეხბურთელისთვის ზედმეტი დატვირთვის მიცემას, რადგან წინა ჯერზე „ბრენტფორდთან" ნაადრევმა დაბრუნებამ სობოსლაის ტრავმა გაურთულა.  შესაბამისად,  ის გამოტოვებს მომავალ  სათასო შეხვედრას „ჩელსისთან", თუმცა, დიდი შანსია, განაცხადში იყოს „არსენალთან" მატჩისთვის, რომელიც 1 ნოემბერს არის დაგეგმილი. ამ მოცემულობით, არაა გამორიცხული, ფეხბურთელი 14 ნოემბერს, უნგრელთა რიგებში მიხეილ მესხზეც ვიხილოთ.



თუმცა, თამაშზე არ იქნებიან უნგრელი ფანები. საქმე ისაა, რომ უეფა-მ უნგრელი ქომაგები, „პუშკაშ არენაზე" უკრაინასთან მატჩის დასრულების შემდეგ მომხდარი ინციდენტის გამო დასაჯა. კერძოდ, უკრაინის ნაკრებთან გამართული საშინაო მატჩის დროს, უნგრელმა ფანებმა სტადიონზე გამოიყენეს პიროტექნიკა, დააზიანეს ინფრასტრუქტურა და მატჩის მსვლელობის დროს, ჰქონდათ დისკრიმინაციული ქცევები. შესაბამისად, უეფა-მ უნგრელ ფანებს, უახლოეს გასვლით თამაშზე დასწრება აუკრძალა. ამას გარდა, უნგრეთის ფეხბურთის ფედერაციას 80 000 ევრომდე ჯარიმის გადახდაც დააკისრა.


სანქციის გამოცხადების შემდეგ, „უახლოესი გასვლითი" შეხვედრა კი, უნგრეთს თბილისში უწევს. შესაბამისად, უეფა-ს ამავე გადაწყვეტილების საფუძვლით, უნგრეთის ფეხბურთის ფედერაციას აუკრძალა თბილისში გასამართ მატჩზე სტუმართა სექტორის ბილეთების გაყიდვა. შესაბამისად, უნგრელი ულტრასები, „შავი კდედელი" და ვერც ის გულშემატკივარი, რომელიც მათთვის განკუთვნილ ადგილებზე ყიდულობს ბილეთებს, 14 ნოემბერს „მიხეილ მესხზე" ოფიციალურად ვერ ჩამოვლენ და სტუმრების სექტორი ცარიელი იქნება, „შავის" ნაცვლად, წითელი.