
ევროპის ეროვნულ ჩემპიონატებში მოთამაშე ქართველმა ხელბურთელებმა მორიგი ტურის შეხვედრები ჩაატარეს. მათ შორის რამდენიმე მატჩი განსაკუთრებით გამორჩეული გამოდგა.
საფრანგეთი
სტარლიგის მე-8 ტურში ნიკოლოზ კალანდაძის „ექს-ან-პროვანსმა" საკუთარ მოედანზე „ტულუზა" მიიღო და 32-26 დაამარცხა. მასპინძელთა შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო ქართველი ლეგიონერი, რომელმაც აქტივში 5 გოლი და 9 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა.
ამავე ტურში საკუთარ კედლებში ითამაშა ერეკლე არსენაშვილის „ტრამბლემც". შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით, 34-29 დასრულდა. ქართველმა ხაზის მოთამაშემ ერთი გოლი გაიტანა და ერთიც შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
ხორვატია
„ზაგრებში" მოთამაშე გიორგი ცხოვრებაძე შესანიშნავ ფორმაშია. პრემიერლიგის მე-7 ტურში, „არდიეისთან" გასვლით მატჩში, ხორვატიის მოქმედმა ჩემპიონმა 39-21 გაიმარჯვა. წინა ტურის მსგავსად, ორივე გუნდიდან საუკეთესო სწორედ ზაგრებელთა ქართველი ლეგიონერი იყო, რომელმაც მეტოქის კარში 7 ბურთი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
პოლონეთი
სუპერლიგის მე-7 ტურში ქართველ ლეგიონერთა დერბი შედგა - მირიან გავაშელიშვილის „ოსტროვიამ" საკუთარ კედლებში ზურაბ ცინცაძის „ლეგიონოვოს" უმასპინძლა. მატჩი ფრედ (32-32) დასრულდა, მაგრამ სრულფასოვანი დერბი არ გამოვიდა, რადგან გავაშელიშვილი ჯერჯერობით ოპერაციის შემდგომ სარეაბილიტაციო პერიოდს გადის. სამაგიეროდ, საქართველოს ნაკრების მეკარე და პოლონური კლუბის ერთ-ერთი ლიდერი მოედანზე იყო: გარდა იმისა, რომ 6 მოგერიება ჰქონდა, მან ერთი გოლიც გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემაც შეასრულა.
„ლეგიონოვომ" მე-8 ტურის მატჩიც ჩაატარა. „პიუტრკუვიანინთან" გასვლით შეხვედრაში ცინცაძემ 6 ბურთი მოიგერია და აქტივში 4 შედეგიანი გადაცემაც ჩაიწერა.
P.S. ევროპის თასზე ირაკლი კბილაშვილისა და თეიმურაზ ორჯონიკიძის „პოტაისა ტურდამ", ასევე ვახტანგ ხარებაშვილისა და თემურ ქამადაძის „დრაგუნას კლაიპედამ" ითამაშეს. მიუხედავად იმისა, რომ ქართველ ლეგიონერთა კლუბებმა გამარჯვებები მოიპოვეს, თავად ჩვენს ხელბურთელებს მატჩებში მონაწილეობა არ მიუღიათ.





ჩვენ







