გურამ მოდებაძე, მინიმუმ ორი წლით ქართველი ჯუდოკების ნაკრებს უხელმძღვანელებს
გურამ მოდებაძე, მინიმუმ ორი წლით ქართველი ჯუდოკების ნაკრებს უხელმძღვანელებს
23.10.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს საქართველოს ძიუდოს ეროვნულმა ფედერაციამ ოფიციალურად განაცხადა, რომ მომდევნო ორი წლის მანძილზე ნაკრებში მთავარი მწვრთნელის ადგილს, რომელიც ლაშა გუჯეჯიანის წასვლის შემდეგ, ოფიციალურად ვაკანტური იყო, გურამ მოდებაძე დაიკავებს. ოფიციალურად, რადგან რამდენიმე დღის წინ, ბაქოში დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე, ჩვენს გუნდს, სწორედ ის ედგა სათავეში.


ევროპის შერეულ გუნდურ პირველობაზე, რომელიც მიმდინარე წლის ნოემბრის პირველ დღეებში სერბეთში იგეგმება, გუნდის შემადგენლობასაც, დიდი ალბათობით, სწორედ მოდებაძე განსაზღვრავს, სამწვრთნელო შტაბთან ერთად.


ფედერაციის ცნობით, სანაკრებო დონეზე, ოლიმპიური ნაკრების მომზადების  მაქსიმალურად ინდივიდუალური  გეგმის შემუშავება და განხორციელება, რასაც  შეავსებს  ორი ახალი პროგრამა: „პროექტი 2029"  (რომელიც საქართველოში დაგეგმილ IJF-ის მსოფლიო ჩემპიონატს და მის საორგანიზაციო საკითხებს უკავშირდება) და „გამოწვევა 2032", რომელიც ახალგაზრდა პერსპექტიული ჯუდოკების განვითარებას მოემსახურება.  


ფედერაციის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ცნობაში ნათქვამია, რომ აღმასრულებელი კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე,  უახლოეს პერიოდში მთელი რიგი სტრუქტურული და სისტემური რეფორმები იგეგმება. ამავე  რეფორმების ფარგლებში ფედერაციის პრეზიდენტი ლევან ნოზაძე საქმიანობას გააგრძელებს აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე, რაც  მათ შორის მოიცავს აღმასრულებელი კომიტეტის  ხელმძღვანელობის ფუნქციას. 


ფედერაციის დნობით, ყოველივე ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით  უახლოეს დღეებში ძიუდოს ფედერაციაში გაიმართება პრესკონფერენცია, რა დროსაც დაინტერესებულ პირებს ექნებათ საშუალება მიიღონ დამატებითი ინფორმაცია.