
ბუდაპეშტში, „პუშკაშ არენაზე" უნგრეთსა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის უეფა-ს ერთა ლიგის მატჩის დასრულების შემდეგ, რომელშიც მასპინძლებმა, მინიმალური ანგარიშით 1-0 დაამარცხეს საქართველოს ნაკრები, რამაზ სვანაძემ ქართულ და უნგრულ მედიასთან მატჩი შეაჯამა. პირველი კითხვა კი, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, მოწინააღმდეგის მთავარი მწვრთნელის მიერ რამდენიმე წუთით ადრე გაკეთებული შეფასებიდან გამომდინარეობდა - კერძოდ, „კვარას" ამოკეტვას, რასაც უნგრელთა მთავარი მწვრთნელი თვლის, რომ მის გუნდს გამოუვიდა:
ველოდით კიდეც, რომ მარცხენა მხარე უფრო დატვირთული იქნებოდა. როცა ხვიჩა კვარაცხელია ფლანგზე თამაშობს, დიდი გამოცნობა ამას არ სჭირდება, მეტოქის მხრიდან აქცენტი იმ ზონაში გაკეთდებოდა. ეს ჩანდა უკრაინასთან თამაშშიც და ნებისმიერი მწვრთნელი, ასე მოიქცეოდა.
იყო ეპიზოდები, განსაკუთრებით მარჯვენა ფლანგიდან, როცა ძალიან მძიმე დასაწყისის შემდეგ, მეტ-ნაკლებად ამოვიწიეთ მეტოქის ნახევარზე. ლაპარაკია, პირველი ტაიმის მეორე მონაკვეთზე და დღეს იეგოიანის დაყენება, სიმართლე რომ გითხრათ, განპირობებული იყო იმით, რომ ჩვენ მას მივეცით თავისუფლება, ხაზებს შორის ბურთი აეღო და უფრო მეტი მხარდაჭერა ჰქონოდა კაკაბაძეს, რათა მარჯვენა ფლანგზე უფრო მეტი აქცენტი გაგვეკეთებინა. 3-4 ეპიზოდი პირველ ტაიმში გვქონდა მარჯვნივ, მაგრამ შემდეგ განვითარება არ ჰქონდა შეტევას ისეთი, როგორიც დაგეგმილი იყო. საერთო ჯამში, თამაში რომ შევაფასო, ძალიან მაღალ ინტენსიობასთან და პრესინგთან გამკლავება დასაწყისში გაგვიჭირდა და ეს იყო მთავარი ნახევარ საათში".
არ გვაქვს ამ ეტაპზე იმის ფუფუნება, რომ მთლიანად შევცვალოთ შემადგენლობა. ვცდილობთ, დავაბალანსოთ. ინტენსიობას რაც შეეხება, სამწუხაროა, ამ ეტაპზე გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც გუნდის ხერხემალს წარმოადგენენ, თუმცა, მათ ჰქონდათ ტრავმები, უთამაშებელი პერიოდი, ამიტომ მათთვისაც რთულია ასეთი გრაფიკი. თუმცა, როდესაც ვსაუბრობთ, თამაშის ამა თუ იმ ეტაპზე, სიტუაციაზე, პირველ რიგში გუნდია. გუნდში ჩვენ ვგულისხმობთ, ყველას - მთავარ მწვრთნელს, ფეხბურთელებს, ყველა არის პასუხისმგებელი რა და როგორ გამოვა.
სხვა მხრივ, ჩრდ. ირლანდიას რაც შეეხება, ჩვენ მივდივართ იმისთვის, რომ დადებითი შედეგი დავაფიქსიროთ. ჩვენ ერთხელ უკვე ვითამაშეთ ირლანდიასთან. მართალია, რომ მძიმე დროება გვაქვს, ორი მარცხი და ერთი ფრე, ყველაზე გულსატკენი რაცაა, სამი თამაშია გოლი ვერ გაგვაქვს. ამიტომ, ეს ყველაფერი აუცილებლად დამთავრდება, ამაში დარწმუნებული ვარ, მეც და ჩემი გუნდიც. ისიც კარგია, რომ თამაში სამ დღეში არის. ვეცდებით, არა, დარწმუნებული ვარ, ჩრდილოეთ ირლანდიაში ყველაფერი სხვანაირად იქნება. რთულია ეს ყველაფერი, ვიცი, რომ მარცხი რთულია, ჩვენთვის კი არის ტრაგედიაა, მაგრამ ეს ფეხბურთია, სადაც მარცხი იმისთვის არსებობს, რომ დასკვნები გამოვიტანოთ და შემდგომში ასეთი რამ არ განმეორდეს.
რა თქმა უნდა, მარცხმა ყველას გული დაგვწყვიტა, თუმცა არ შეიძლება მომავალს ოპტიმისტურად არ ვუყუროთ. რთულ დროს მომიწია საქართველოს ნაკრების ჩაბარება, მაგრამ აქ მუშაობა და მწვრთნელობა ძალიან დიდი პატივია. რამაზ სვანაძეს თავის ცხოვრებაში არასდროს ჰქონია ისეთი სამუშაო, სადაც მიზნისთვის ვერ მიუღწევია. გარწმუნებთ ყველას, რომ ძალიან მალე, ძალიან მოკლე დროში ჩადგება თავის კალაპოტში და ვიბრძოლებთ მიზნისთვის, რაც არის ევროპის ჩემპიონატზე გასვლა. ერთა ლიგის გარდა, კიდევ გვექნება შანსი საკვალიფიკაციო ეტაპზე და კიდევ მომეცემა დრო, რომელიც აუცილებელია ყველა მწვრთნელისთვის, რომ გუნდს თავისი ხელწერა დაატყოს. გვაქვს ბევრი პოზიტიური მომენტი, მაგრამ ბევრი რამ არის გამოსასწორებელი, რისთვისაც დრო გვჭირდება. მესმის, რომ ეს საქართველოს ნაკრებია, ისიც ვიცი, რომ კრიტიკა იქნება, მაკრიტიკონ, წერონ რაც უნდათ, ჩვენც ვილაპარაკოთ ერთმანეთში, უბრალოდ, კითხვები უნდა იყოს ისეთი, რომელიც ფეხბურთს შეეხება. სამ დღეში კიდევ შევხვდებით ერთმანეთს და გპირდებით, რომ ასეთ ხასიათზე პრესკონფერენციაზე არავინ ვიქნებით.
მეტოქეზე: უნგრეთის ნაკრებიდან სიმართლე გითხრათ, ინდივიდუალურად არავის გამოყოფა მინდა. მთლიანად გუნდი იყო დღეს კარგი, განსაკუთრებით, საწყის 30 წუთში. წარმატებას ვუსურვებ უნგრეთს, ჩვენთან თამაშის გარდა, რომელიც თბილისში გაიმართება, სადაც რევანშის წყურვილით დაველოდებით უნგრეთის ნაკრებს.
სპეციალურად ბუდაპეშტიდან





ჩვენ







