
დღეს, პუშკაშ არენაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი რამაზ სვანაძე ქართველ და უნგრელ ჟურნალისტებს შეხვდა და მათ კითხვებს უპასუხა. მანამდე, ბუდაპეშტიდან, დაახლოებით საათის სავალზე, უნგრეთის ფეხბურთის ფედერაციის საწვრთნელ ბაზაზე ჩვენი გუნდის მასპინძელმა უნგრეთის ნაკრებმა ივარჯიშა და იქვე, ადგილობრივი მედიის კითხვებს უპასუხა. რეალურად ჩვენ, დროის სიმცირისა და შიშის გამო, რომ შესაძლოა ვერ მოგვესწრო ქართველთა პრეს-კონფერენციაზე დასწრება, „პუშკაშ არენაზე" მოსვლა ვამჯობინეთ.
„ჩემი პირველი გასვლით თამაშია, რა თქმა უნდა განწყობა ჩვეულებრივია. სახლში მარტივია თამაში. თუმცა, სახლს თავის პლუსი აქვს, გასვლას თავისი. ჩემი მიზანია გუნდმა იცის, თუ რა უნდა გააკეთოს მოედანზე და რა თქმა უნდა რთულ თამაშს ველოდები", - ამბობს სვანაძე.
ამასობაში, უნგრული მედია ხაზს უსვამს, რომ უნგრეთის ნაკრებს ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ჯერ გოლი არ გაუტანია და არც გამარჯვება მოუპოვებია. ჟურნალისტები წერენ, რომ მარკო როსის გუნდმა „პუშკაშ არენაზე", საკუთარი გულშემატკივრის წინაშე, ეს მშრალი სერია აუცილებლად უნდა დაასრულოს. მშრალი სერია აქვს დასასრულებელი საქართველოს ნაკრებსაც, რომლის რიგებშიც არიან ფეხბურთელები, რომლებსაც საკლუბო თამაშებში, ევროპის სხვადასხვა ჩემპიონატებში, მიმდინარე სეზონში უკვე დაუგროვდათ გოლები. სხვათა შორის, უნგრული მედია, ბუდუ ზივზივაძითა და ამჟამად უნგრეთში მოთამაშე ილია ბერიაშვილითაც (მტკ „ბუდაპეშტი") დაინტერესდნენ. რამაზ სვანაძის პასუხი იყო შაბლონური - ითამაშებს ის, ვინც კონკრეტულ მომენტში მზად იქნებაო.
„უნგრეთის ნაკრები კარგი გუნდია სახლში თამაშობენ. შეთამაშების პრობლემა არ აქვთ. თუ ჯგუფის მოგება უნდათ შანსია, რომ ხვალ მოიგონ, ისევე, როგორც ჩვენ. ჩვენს მოწინააღმდეგეს დიდ პატივს ვცემ", - ამბობს სვანაძე.
აი, ქართული მედია კი, ორი საკითხით უფრო იყო დაინტერესებული - პირველი თუკი, პენალტი დაგვინიშნეს, ვინ დაარტყამს მას და მეორე, გაუარა თუ არა წყენა გიორგი მიქაუტაძეს, რომელიც ბომბარდირმა უკრაინასთან შეცვლის შემდეგ გამოხატა.
„ნებისმიერი ფეხბურთელისთვის, ვინც შეცვლაზე მოედნიდან გამოდის ნორმალურია, რომ ეწყინა. ეს ფეხბურთის ნაწილია და თამაშის შემდეგ ველაპარაკე. ველოდებით ხვალინდელ თამაშს. ხვალ ვინ იქნება ბუდუ თუ იეღოიანი აქ ვერ ვუპასუხებ. არის საკითხები რაზეც არ ვსაუბრობთ. არის პატარა მიკროტრავმები და ამას გარდა წინ ოთხი თამაშია", - ამბობს სვანაძე.
უნგრული პრესა აქტიურად განიხილავს საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბში მომხდარ როტაციასაც. მედია აღნიშნავს, რომ ვილი სანიოლის წასვლის შემდეგ, „ჯვაროსნების" მთავარი მწვრთნელის პოსტზე რამაზ სვანაძის დებიუტი შედგა, რადგან გუნდმა ჩრდ. ირლანდიასთან განცდილი მარცხის შემდეგ უკრაინასთან ფრედ, 0-0 ითამაშა. უნგრელები თლიან, რომ საქართველოს ნაკრებში „უფრო ბევრი ნიჭიერი და სახიფათო ინდივიდუალია", ვიდრე უნგრეთის წინა მეტოქეებთან იყო და განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, „კვარას" უფრთხიან.
შეგახსენებთ, რომ უეფა-ს ერთა ლიგაზე, უნგრეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. ამ მომენტისთვის ორივე გუნდს თითო ქულა აქვს, თუმცა, საქართველოს ეროვნული ნაკრები მე-3, ხოლო უნგრეთი მე-4 ადგილზეა.





ჩვენ







