
უეფა-ს ერთა ლიგაზე საქართველოსა და უკრაინის ეროვნული ნაკრებების შეხვედრის დასრულების შემდეგ, კომენტარები ქართველმა ფეხბურთელებმა გააკეთეს:
ხვიჩა კვარაცხელია: „უპირველეს ყოვლისა, მადლობას ვუხდით ვილი სანიოლს. მან ძალიან ბევრი რამ გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის. ეს 6 წელი, რა თქმა უნდა, წარმატებული იყო, გავედით ევროპის ჩემპიონატზე და უდიდესი მადლობა მას კიდევ ერთხელ.
რაც შეეხება თამაშს, პირველი ტაიმი ძალიან კარგად ჩავატარეთ. უპირატესობას ვფლობდით და ალბათ გოლიც უნდა გაგვეტანა. მეორე ტაიმს რაც შეეხება, მეტოქემ ცვლილებები განახორციელა. ჩვენც მხოლოდ ერთი დღე გვქონდა რამაზ სვანაძესთან მოსამზადებლად. რა თქმა უნდა, ყველაფერს დრო სჭირდება. უკრაინის ნაკრები არის ერთ-ერთი გამორჩეული ნაკრებია ევროპაში. მოგება უკეთესი იქნებოდა, გვქონდა მომენტები, რომლებიც უნდა გამოგვეყენებინა, მაგრამ ვერ შევძელით. საერთო ჯამში, ვფიქრობ, დადებითად შევაფასებ ამ თამაშს, იმიტომ რომ უკრაინის ნაკრები ძლიერი მეტოქეა."
ლუკა ლოჩოშვილი: „ძალიან ახლო ჯგუფია და ყველა გუნდი თანაბარი დონისაა. ჯერ არ არის გარკვეული, ვინ იქნება ფავორიტი. ვფიქრობ, შემდეგ თამაშებში ყველაფერია შესაძლებელი. რა თქმა უნდა, პირველი თამაშის მერე, ვფიქრობ, ხასიათი ვაჩვენეთ ფეხბურთელებმა. მოედანზე იგრძნობოდა, რომ ერთი გუნდი ვიყავით, უფრო აგრესიულები ვიყავით, გამარჯვება გვინდოდა. შემდეგ უკვე არის ტაქტიკური დავალებები, რომლებიც, ვფიქრობ, ასე თუ ისე კარგად შევასრულეთ, რადგან პირველი თამაში იყო ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით. თუმცა, ამით არ უნდა დავკმაყოფილდეთ. ვფიქრობ, მოგებას ვიმსახურებდით, მაგრამ საბოლოოდ ფრე ვითამაშეთ. გამოვავლინეთ ხასიათი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. შემდეგ თამაშებში უფრო მეტად უნდა გამოვასწოროთ ეს მცირე დეტალები, რომ დადებით შედეგს მივაღწიოთ."
გიორგი წიტაიშვილი: „ჩემთვის დადებითი და პოზიტიური იყო, რომ ერთი ოჯახივით ვიბრძოდით თითოეულ ბურთზე. არსად არ ვუთმობდით მეტოქეს არაფერს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი.
არავის ეპარება ეჭვი, რომ მაღალი დონის ფეხბურთელები გვყავს და თამაში შეგვიძლია. მთავარია, რომ ვიყოთ ერთად და ვიბრძოლოთ ერთად."
შეგახსენებთ, რომ შეხვედრა ფრედ 0-0 დასრულდა. უეფა-ს ერთა ლიგის მეორე კალენდარული დღის ბოლოს, საქართველოს ნაკრებს 1 ქულა აქვს და ჯგუფში მესამე ადგილზეა. მესამ ტურში, 2 ოქტომბერს, ჩვენი გუნდი უნგრეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, რომელსაც ასევე 1 ქულა აქვს.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ბუდაპეშტში 30 სექტემბერს, შუადღეს გაემგზავრება.





ჩვენ







