წაგებული თამაშის შემდეგ, გვჭირდებოდა პოზიტივი - სვანაძე სადებიუტო თამაშის შედეგით კმაყოფილია
წაგებული თამაშის შემდეგ, გვჭირდებოდა პოზიტივი - სვანაძე სადებიუტო თამაშის შედეგით კმაყოფილია
28.09.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, „დინამო არენაზე" საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უეფა-ს ერთა ლიგის მეორე კალენდარული შეხვედრა გამართა. ამჯერად, ახალ, თუმცა, ამ თაობის ფეხბურთელებისთვის კარგად ნაცნობ მწვრთნელთან ერთად და ასევე, კარგად ნაცნობი უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ. თუმცა, ჩვენმა ნაკრებმა „უკრაინული ნავსი" ისევ ვერ გატეხა და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრები მთელ რიგ მომენტებში ბევრად კარგად გამოიყურებოდა მეტოქეზე, გოლის გატანა ვერ მოახერხა და საბოლოოდ, კვლავ ფრეს, 0-0-ს (იხილეთ მატჩის ტექნიკური ჩანაწერი) დასჯერდა. შესაძლოა, დღევანდელ შეხვედრაში ბევრი, ხვიჩა კვარაცხელიასა და ილია ზაბარნის დუელს ელოდა, თუმცა „პარიზელთა" დაპირისპირება დღეს არ შედგა, ზაბარნი სათამაშოდ არ შემოსულა.  


სტაბილურად კარგი იყო საქართველოს ნაკრების კაპიტანი, თუმცა, თამაშის შემდეგ, მედიაშიც და ალბათ, სამწვრთნელო შტაბშიც გაჩნდა კითხვები, „კვარა" უფრო სასარგებლო ხომ არ იქნებოდა, მისთვის ჩვეულ პოზიციაზე, რაზეც რამაზ სვანაძე, ოდნავ მოგვიანებით იტყვის, რომ შემადგენლობიდან გამომდინარე, საქართველოს ეროვნული ნაკრების ის გუნდია, რომელიც გარემარბებით, უნდა თამაშობდეს, თუმცა, ახლა მოსამზადებლად მხოლოდ ერთი დღე მქონდა და ფეხბურთელებამდე, რომ ის აზრი მიმეტანა, რის ნახვაც მოედანზე მინდოდა, გადაწყობის შემთხვევაში, ცოტა გაჭირდებოდაო.   




„დღევანდელი საქართველოს ნაკრები, რომელიც ახალა შეკრებაზეა და ის ფეხბურთელები, რომლებიც საქართველოში არსებობენ, გუნდი „ვინგერებით" უნდა თამაშობდეს. თუ შეტევის დალაგებაზე ვლაპარაკობთ, ამისთვის გვინდა დრო. ასევე გიდასტურებთ, რომ სისტემა უნდა ეტაპობრივად შეიცვალოს და არა სპონტანურად. დღეს, ეს სისტემა იმიტომ ვითამაშეთ, რომ გუნდი დიდი ხანია ამ სისტემით თამაშობს, თუმცა, მომავალში უნდა გავაუმჯობესოთ", - ამბობს რამაზ სვანაძე მატჩის დასრულების შემდეგ.


რაც შეეხება თამაშს, ის, ორი დღის წინანდელი მატჩისგან განსხვავებით, ბევრად საინტერესო, დაძაბული და ალბათ, გახსნილიც იყო. უკვე მესამე წუთზე, ორივე გუნდს ჰქონდა მეტოქის კართან შექმნილი თითო მომენტი. შესაძლოა, ამის „ბრალი" ტრიბუნაზე ქომაგის ფაქტორიც იყო. ამ მხრივ დღეს, ორივე გუნდის ქომაგი საკმაოდ კარგ ერთიან გარემოს ქმნიდა. თუმცა, თუ თამაშს გადავხედავთ, აქ, მაინც ორი განსხვავებული ტაიმი ვიხილეთ. ამასთან, განსხვავებული წინა თამაშისგან სასტარტო შემადგენლობით. სვანძემ სამი ცვლილება გააკეთა, საბა ხარებაშვილის, ანრი მექვაბიშვილისა და გიორგი კვერნაძის ნაცვლად, სასტარტო შემადგენლობიდან ოთარ კიტეიშვილს, გიორგი ჩაკვეტაძესა და გიორგი წიტაიშვილს დააწყებინა. ფაქტია, რომ გულშემატკივარმა მართალია უგოლო, თუმცა, საკმაოდ საინტერესო პირველი ტაიმი მიიღო.



„რა თქმა უნდა გვინდოდა ყველას გამარჯვება, მაგარმ  ყოველთვის ისე არ ხდება, როგორც გვინდა. კი, პირველი ტაიმი ხარისხობრივად იყო  კარგი. თუმცა, იყო ბევრი პოზიტივი. ერთი ვარჯიშისა და რამდენიმე თეორიული მეცადინეობით, დღეს გააკეთა მოედანზე ის, რასაც გუნდისგან ველოდით. მხედველობაში მაქვს დაცვით ფაზა, რადგან იშვიათი გამონაკლისების გარდა იყო იდეალური", - ამბობს სვანაძე.


ტრადიციულად უკრაინელები საკმაოდ ხისტად თამაშობდნენ და რამდენიმე მომენტში, უფრო ალბათ, პირველ ტაიმში აზერბაიჯანელ მსაჯს, სტუმარი გუნდის ფეხბურთელების მიმართ ცოტა სიმკაცრეც შეეძლო გამოეჩინა, თუმცა, ალიარ აღაევი ორივე გუნდს თამაშის საშუალებას აძლევდა. ერთი საინტერესო დეტალი, შეხვედრისას უკრაინელებს ამ შეხვედრაში კუთხური არ მოუწოდებიათ. თუმცა, მთლიანად მატჩშიც, უკრაინელებს „მამარდა" დიდად არ შეუწუხებიათ.


„შეტევა არ გამოგვივიდა, არ იყო ბევრი დარტყმა - არ გვქონდა მართლაც ბევრი მომენტში, შეგვიზღუდეს სივრცეები. საჯარიმოსთან გვხვდებოდა დიდი დაბრკოლება. ამ მხრივ ტაქტიკურად და ემოციურად ძალიან რთული მატჩი იყო", - ამბობს ანდრეა მალდერა, უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი.




მატჩის შემდეგ, სვანაძე იტყვის, რომ გუნდისთვის დავალებული ჰქონდა „ემუშავათ შუაში". ამით, ჩვენი გუნდის სამწვრთნელო შტაბში თვლიდნენ, რომ უფრო მეტი შანსი გვექნებოდა შეტევაში გადასვლის. რეალურად რამდენიმე მომენტში საქართველოს ნაკრებმა პრესინგის ხარჯზე მოახერხა მსგავსი სიტუაციის შექმნა. ზოგადად, დღეს, საქართველოს დაცვამ, კარგად გაართვა თავი ამოცანას. თუმცა, თუ არ ჩავთვლით, სასტარტო მატჩში ბოლო წუთებზე გასულ გუნდს, რა დროსაც რეალურად მცველები შეიცვალნენ, ჩვენმა დაცვის ხაზმა დღესაც საკმაოდ დამაჯერებლად გაართვა თავი „დავალებას". სხვათა შორის დღეს, ეროვნული ნაკრებს ოფიციალურ შეხვედრაში ირაკლი იეღოიანის პირველი თამაში იყო.


„როცა საუბრობ სიახლეებზე, პრესინგზე თუ, მაღალი ბლოკზე, დღეს, საკმაოდ მაღლა იყო დაცვის ბლოკი ამოწეული. სტანდარტულები არც ერთი შანსი არ მივეცით მეტოქეს. ჩვენ კი,  უბრალოდ ჩარჩოში ვერ მოვარტყით. ეს არ არის ალიბი, თავის მართლების საშუალება.  ეს არის სიმართლე. რაც დროს გავა, უფრო მეტი პოზიტივი უნდა დავინახოთ.



უკეთესები ვიყავით უფრო ბევრ მონაკვეთებში, უნდა გავითვალისწინოთ ბევრი ფაქტორი, მათ შორის დაღლილობა. წაგებული თამაშის შემდეგ, გვიჭირდებოდა პოზიტივი. მეორე ტაიმის ბოლო მეოთხედში, მოედნის ცენტრიდან ისეთი შეტევა მივიღეთ, რომ ეს ჩავთვალე სიგნალად, რომ იყო შანსი არა სასურველი შედეგი დამდგარიყო და შესაბამისად, რისკს მოვერიდეთ. ვინც გამოვიდა შეცვლაზე ყველა იყო შეტევის სტილის მოთამაშე. მოვერიდეთ ცვლას, რადგან არ გვგქონდა დროს სხვა სისტემა შეგვეთავაზებინა მეტოქისთვის. მაინც ნორმალურად დასრულდა დღე, საჭირო იყო პოზიტივი და ის ჩვენ მივიღეთ. გვჯერა დინამიკის, რომელიც მომავალში ქულების აღებაშიც წაგვადგება", - ამბობს სვანაძე.


თამაშის შემდეგ, უკრაინელთა იტალიელი მთავარი მწვრთნელი იტყვის, რომ მისმა გადაწყვეტილებამ გაამართლა და ანატოლი ტრუბინმა კარგად გაართვა თავი ამოცანას. მინიმუმ ორი უძლიერესი სეივით (ხუთიდან) დაგვამახსოვრა თავი, ასე, რომ გოლი რომ ვერ გავიტანეთ, მოწინააღმდეგის მეკარის „ბრალეულობაც" არის. უკრაინელთა მწვრთნელი ზოგადად, თავისი გუნდის თამაშით კმაყოფილია. ანდრეა მალდერა არ მალავს, რომ ზუსტად ასეთ თამაშს ელოდა - ვნახე კონცენტრირებული ქართული გუნდის წინააღმდეგ, რომელიც ყველა ბურთისთვის იბრძოდა. ორ დღეში, მას მერე რაც მწვრთნელი შეიცვალა, მეტის გაკეთება ტაქტიკურად ვერ მოხერხდებოდაო. გუნდმა კარგი სულისკვეთებით და განწყობაზე ითამაშაო. გამოდის, რომ განწყობა, რომელზეც სტატიის დასაწყისში ვთქვით, მარტო ჩვენ არ მოგვლანდებია.




სვანაძემ ვილის გუნდისგან განსხვავებით, ბუნებრივია ერთ დღეში ტაქტიკურად ვერ შეცვალა ვერაფერი, თუმცა, მოედანზე გამოუშვა ორი ჯოკერი - კიტეიშვილი, რომელიც არასდროს მომბეზრდება, რომ ვთქვა, არის ჩენი ეროვნული ნაკრების ხერხემალი და დღეს იყო ყველგან და იყო ბრძოლაში და ასევე ჩაკვეტაძე, რომელიც ქართველთა გუნდის მომენტების „კრეატორი" იყო. „ჩაკვე" და „კიტე" 73-ე წუთზე შეცვალეს. რეალურად, მათი გასვლის შემდეგ, ჩვენი გუნდის თამაშს, ცოტა ლაზათი თითქოს დააკლდა, თუმცა, მატჩის ბოლოს ამ გარემოებას, სვანაძე დაღლილობით ახსნის - შეგახსენებთ, რომ 10 დღეში გათამაშების ფორმატიდან გამომდინარე გუნდებს, 4-4 თამაშის ჩატარება უწევთ. შესაბამისად, ძალების გადანაწილებაც აუცილებელია. სხვათა შორის, შეცვლამდე კიტეიშვილის წინააღმდეგ, საკმაოდ უხეშად ითამაშეს და ოთარმა სათადარიგო სკამს ანიშნა შეცვლა, რამაც ცოტა არ იყოს მე დამაფიქრა, თუმცა, თამაშის შემდეგ, „სვანას" ვკითხეთ, ტრავმა ხომ არ იყო, რაზეც დამაიმედებელი არა მივიღეთ.



„ყველა გუნდს ჰყავს ერი-ორი ვინც ცვლის თამაშის შინაარს. „კიტე" და „ჩაკვე" ფასდაუდებელი ფეხბურთელები არიან. მოედნის ცენტრი სხვაა, როცა ეს ორი მოედანზეა. თუმცა, გვყავს ფეხბურთელები, რომლებითაც მათი არ ყოფნის შემთხვევაში შეგვიძლია დავაბალანსოთ მათი არ ყოფნა", - ამბობს სვანაძე.


ასეა თუ ისე, რამაზ სვანაძის პირველი ოფიციალური შეხვედრა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ამპლუაშია დადებითად შეიძლება შევაფასოთ. უეფა-ს ერთა ლიგის მეორე კალენდარული დღის ბოლოს, საქართველოს ნაკრებს 1 ქულა აქვს და ჯგუფში მესამე ადგილზეა. მესამ ტურში, 2 ოქტომბერს, ჩვენი გუნდი უნგრეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, რომელსაც ასევე 1 ქულა აქვს.


საქართველოს ეროვნული ნაკრები ბუდაპეშტში 30 სექტემბერს, შუადღეს გაემგზავრება.