
დღეს, „დინამო არენაზე" საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ტრადიციულად მატჩის წინ ივარჯიშა. ვარჯიში საათზე ოდნავ მეტხანს გაგრძელდა და ის მედიისთვის ტრადიციულად, 15 წუთი ღია იყო. თუმცა, მანამდე, ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ხვალინდელ მატჩთან დაკავშირებით პერს-კონფერენციაზე მოსული მედიის კითხვებს უპასუხა.
„ტაქტიკურ ნაწილზე, რა თქმა უნდა, არ ვილაპარაკებ. ველოდები იმას, რომ გვექნება სწორი რეაქცია იმ ყველაფერზე, რაც მოხდა ბოლო თამაშში. ყველაფერი მიმართული იქნება გამოსწორებისკენ. სამწუხაროდ მარცხით დავიწყეთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ გამოსასწორებლად. რა თქმა უნდა, მუშაობს მწვრთნელის ცვლილების ფაქტორი ემოციურად და ფსიქოლოგიურად. ამიტომ, ველოდები ერთიანობას და ყველას მხრიდან, რომელშიც ვგულისხმობ ფეხბურთელებს, გულშემატკივარს და მედიას.
საქართველოს ნაკრების მთავარი მიზანი იქნება სტაბილურობა. რა თქმა უნდა რთულია, ნაბიჯ-ნაბიჯაა გასავლელი გზა, თუმცა, სწორად მუშაობის შემთხვევაში მიღწევადია.
ხვალინდელი თამაშის ანგარიშზე კომენტარს არ გავაკეთებ. ჩემი მთავარი მისია ნებისმიერ თამაშში, ნებისმიერი მოწინააღმდეგის წინააღმდეგ, არის გუნდი გავიდეს დადებითი შედეგის დასაფიქსირებლად. მენტალურად გუნდი უნდა განეწყოს იმისთვის, რომ ყოველი თამაში არის მნიშვნელოვანი.
კრიტიკა იქნება თუ შენიშვნა, ამის მიმღებლობა მქონდა და ყოველთვის მექნება, მთავარია ეს კრიტიკა და შენიშვნა უნდა იყოს სწორად მიმართული.
მას შემდეგ რაც უკრაინის ნაკრებში შეიცვალა მთავარი მწვრთნელი, შეინიშნება პროგრესი თამაშიდან თამაშამდე, დომინანტური თამაში, ბურთის ფლობა, ვემზადებით ამისთვის, რთული იქნება, თუმცა, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ.
მინდა გულშემატკივარს მივმართო, არაერთხელ გვიგრძნია თქვენი მხარდაჭერა. ვიცი, რას ნიშნავს როდესაც ქართველი საქართველოს ნაკრების მწვრთნელია, ეს არ არის იგივე, რაც უცხოელის მწვრთნელის შემთხვევაში. დარწმუნებული ვარ, ერთად ყოფნის შემთხვევაში, ყველაფერი მიღწევადია და ისე გავიხარებთ, როგორც 2 წლის წინ.
მატჩის წინა დღის ფორმატი, არც ამჯერად დარღვეულა და რამაზ სვანაძესთან ერთად პრეს-კონფერენციაზე ფეხბურთელიც პასუხობდა მედიის კითხვებს. ამჯერად, ახალ მთავარ მწვრთნელს გუნდის ვიცე-კაპიტანი ოთარ კიტეიშვილი ახლდა.
„მადლობას გადავუხდი ვილი სანიოლს, ეს პერიოდი ყველა ჩვენგანისთვის ძალიან გამორჩეული იყო და ყველაფრისთვის მადლობა მას. გზა, რომელიც ერთად გამოვიარეთ ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევით - ევროპის ჩემპიონატზე გასვლით და თამაშით დაგვირგვინდა. უბრალოდ, გარკვეული შედეგები, რომლებიც ბოლო პერიოდში ნაკრების მიერ დაფიქსირდა, არ იყო შესაბამისი. ვაცნობიერებთ, რომ ეს ჩვენი, ფეხბურთელების ბრალიც არის. ფეხბურთში გუნდი იგებს და გუნდი აგებს. იმედი გვაქვს, რომ შემდეგ შეხვედრებში, ახალი მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით, ყველაფერი დადებითად შეიცვლება.
დამერწმუნეთ, ფეხბურთელი ყოველთვის ცდილობს მოედანზე მაქსიმალურად დაიხარჯოს. ყოველთვის ასეა. უბრალოდ, შეიძლება მოედნიდან ზოგჯერ სხვანაირად გამოჩნდეს. გულშემატკივარს ერთადერთი, რასაც ვპირდები, არის ის რომ ფეხბურთელი ყოველთვის ცდილობს მაქსიმალურად დაიხარჯოს მოედანზე. მე და ეს ნაკრები ყოველთვის ამას ვცდილობთ, დარწმუნებულები იყავით, რომ ხვალინდელ თამაშში იგრძნობთ იმ მუხტს და სიყვარულს, რომელიც გვაქვს ამ გუნდის და ქვეყნის მიმართ.
სტატისტიკა ალბათ, უფრო ჟურნალისტებისთვისაა. 11 თამაშია, უკრაინასთან გამარჯვება არ გვქონია. პირადად მე რაც მახსოვს, უკრაინის ნაკრებთან ორი თამაში მაქვს ჩატარებული. იმ ფორმაციის უკრაინის ნაკრებს დღევანდელ გუნდს თუ შევადარებთ, საკმაოდ ბევრი ცვლილებაა. ამიტომ, ახლა გვიწევს თამაში უკრაინის ნაკრებთან, რომელიც ხვალ ითამაშებს ჩვენს წინააღმდეგ და ამისთვის უნდა მოვემზადოთ".
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და უკრაინის ნაკრებების შეხვედრა, ხვალ, 28 სექტემბერს „დინამო არენაზე" 20:00 საათზე დაიწყება.
ფოტო: თამარ ჯიშკარიანი





ჩვენ







