
დღეს, მიხეილ მესხზე, საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევროპის 2027 წლის ჩემპიონატის ბოლო საშინაო შეხვედრა გამართა. დღეს დილით, ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის რამაზ სვანაძის ეროვნულ ნაკრებში გადაყვანის შემდეგ, თან, უშუალოდ თამაშამდე რამდენიმე საათით ადრე, ბუნებრივია, რომ 21-წლამდების განწყობაზეც აისახა. თამაშით კი, ჩვენი გუნდი, მიმდინარე გათამაშების ჯგუფის ერთ-ერთ ლიდერს, საბერძნეთის საკმაოდ ძლიერ გუნდს ეთამაშებოდა. სამწუხაროდ, ისევე, როგორც ბერძნებთან პირველ შეხვედრაში, ამჯერადაც 0-3 დავმარცხდით. თუმცა, მომენტების გარეშე არც ჩვენი გუნდი ყოფილა.
მატჩის დასრულების შემდეგ, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრებმა მედიასთან კომენტარები გააკეთეს, მათ შორის რამაზ სვანაძის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაწინაურებასთან დაკავშირებითაც:
ვახტანგ სალია: „რამაზ სვანაძეს დიდი სიამოვნებით გავყვებოდი ეროვნულ ნაკრებში. ჩემი ოცნებაა ეროვნულ გუნდში თამაში და იმედი მაქვს, მალე ამიხდება".
ალექსანდრე ნარიმანიძე: ნამდვილად ფანტასტიკური მწვრთნელია რამაზ სვანაძე და იმსახურებდა ეროვნულ ნაკრებს, რადგან ორჯერ ევროპის ჩემპიონატზე გვათამაშა და მისი ეროვნული ნაკრების მწვრთნელად დანიშნვნაც დამსახურებული იყო. დარჩენილ ორ მატჩში კი მოსაგებად გავალთ, რომ ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდეთ".
ნიკოლოზ დადიანი: „რამაზს მადლობა მინდა გადავუხადო ჩემი და გუნდის სახელით. წარმატებებს ვუსურვებ და დარწმუნებული ვარ, ეროვნულ ნაკრებთან ერთად წარმატებას მიაღწევს და აუცილებლად ითამაშებს ან ევროპის, ან მსოფლიო ჩემპიონატზე. მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთა."
გურამ ჯაფარიძე: „რამაზ სვანაძემ თავისი შედეგებითა და მიდგომით, პროფესიონალიზმით დაიმსახურა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელობა და წარმატებას ვუსურვებთ მას, როგორც ეროვნული ნაკრების დარჩენილ შეხვედრებში, ასევე შემდგომ შესარჩევ ციკლში".
შეგახსენებთ, რომ რამაზ სვანაძე საქართველოს 21-წლადე ნაკრებს, 2021-2026 წლებში ხელმძღვანელობდა. მან ახალგაზრდულ ნაკრებს 44 შეხვედრაში უხელმძღვანელა, მათ შორის ორჯერ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე.
რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, ჩვენი ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელთა კომენტარები ასეთია:
ალექსანდრე ნარიმანიძე: „საბერძნეთი კარგი გუნდია, 10 წუთში გავუშვით ორი გოლი, რაც ფსიქოლოგიურად ძნელი იყო. ამის შემდეგ, თამაშის კარგად წარმართვა ძნელია, მაგრამ პირველ ტაიმში გვქონდა კარგი მომენტები, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ და წავაგეთ. გავაგრძელებთ ვარჯიშს და მოვემზადებით ჩრდილოეთ ირლანდიისთვის და იმედია, ყველაფერს კარგად გავაკეთებთ და სამი ქულით გადავალთ გერმანიასთან სათამაშოდ. რა თქმა უნდა, ყველა თამაშზე მოსაგებად გავალთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მესამე ადგილზე გავიდეთ და მომდევნო ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში უკეთესი განთესვა გვქონდეს".
ნიკოლოზ დადიანი: „საკმაოდ რთული თამაში გამოდგა, ვიცოდით, რომ რთულ გუნდს ვეთამაშებოდით და ეს წინა თამაშზეც გამოჩნდა, როდესაც გასვლაზე ვეთამაშეთ. თუმცა, არ ველოდით სწრაფად გოლების გაშვებას, რაც ფსიქოლოგიურად ძალიან რთულია, სხვა რამ გვქონდა დაგეგმილი - პირველი გოლი ჩვენ უნდა გაგვეტანა. სამწუხაროდ, კლასის, ფიზიკური მომზადების მხრივ გვაჯობეს. იყო რაღაც მონაკვეთები, რომლებიც კარგად ჩავატარეთ, გვინდოდა ასე გვეთამაშა თავიდან ბოლომდე, მაგრამ სამწუხაროდ გვაჯობეს და დამსახურებულად მოგვიგეს. მიუხედავად იმისა, რომ შანსი არ გვაქვს, ეს ნაკრებია და ყველა თამაში ძალიან მნიშვნელოვანია. რთული თამაში გველოდება, რადგან ვნახეთ გუშინ ჩრდილოეთ ირლანდიამ როგორ ითამაშა და ახალგაზრდული ნაკრები საკმაოდ ძლიერია. მითუმეტეს გასვლაზე და რთული თამაში იქნება, გერმანიაზე საუბარიც არ მაქვს, რადგან ერთ-ერთი საუკეთესოა. ასე რომ ორი ძალიან რთული თამაში იქნება, რაც ამ ციკლში არ გამოგვივიდა, ვეცდებით, გამოვასწოროთ, ჩვენც გამოვიკეთოთ ხასიათი და გულშემატკივარს იმედი მივცეთ".
გურამ ჯაფარიძე: „საბერძნეთი ძლიერი ნაკრებია და შეიძლება, ტაბლოზე 0-3 იყო, თუმცა ვფიქრობ, მომენტები ჩვენც გვქონდა. მეორე ტაიმშიც იყო მომენტები, სადაც გოლის გატანა შეგვეძლი, მაგრამ მთავარი პრობლემა იყო ის, რომ ფსიქოლოგიურად და მენტალურად არ ვიყავით მზად იმ წნეხისთვის და ტემპისთვის, რაც საბერძნეთმა შემოგვთავაზა. თუმცა, ვფიქრობ, რომ მომენტები ჩვენც გვქონდა და გოლის გატანაც შეგვეძლო და შესაძლებელია, ყველაფერი სხვანაირად წარმართულიყო".
ვახტანგ სალია: „თამაში ძალიან ცუდად დავიწყეთ, თუმცა ვცდილობდით გამოგვესწორებინა და არ გამოგვივიდა. ამის გამო ქართველ გულშემატკივარს ჩემი და გუნდის სახელით დიდ ბოდიშს ვუხდი. ვეცდებით, შემდეგ ორ თამაშში ეს ყველაფერი გამოვასწოროთ.
ჩემს სათამაშო ფორმას რაც შეეხება, ჯერ არ ვარ 100 %-ით მზად, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებ რომ რაც შეიძლება მალე ჩავდგე. „ნიუკასლის" 21-წლამდე გუნდში მაქვს სათამაშო დრო, ასევე ვიყავი ძირითადი გუნდის განაცხადშიც. ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ „ნიუკასლის" პირველ გუნდშიც მომეცეს სათამაშო დრო.
ნაკრებში რომ ჩამოვედი, კუნთი მქონდა დაჭიმული, თამაშის დროს ვიგრძენი და მწვრთნელებს ვთხოვე, რომ 70 წუთზე მეტი არ მეთამაშა, რომ მომდევნო თამაშებში მწყობრში ვიყო და ტრავმაზე არ გამერისკა".
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ხვალ, 27 სექტემბერს გამთენიისას ჩრდ. ირლანდიისკენ, ლონდონის გავლით გაემგზავრება და 1 ოქტომბერს ჩრდ. ირლანდიის ახალგაზრდულ ნაკრებს დაუპირისპირდება. სულ ბოლოს კი, ახალგაზრდული ნაკრები გერმანიაში ადგილობრივ ასაკობრივ გუნდს შეხვდება.
ამ მომენტისთვის ჩვენი ახალგაზრდული ნაკრები 9 ქულით მეოთხე ადგილზეა და ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსიც დაკარგული აქვს, თუმცა, ჯგუფში, მესამე ადგილზე გასვლის შემთხვევაში, ჩვენი გუნდი მომავალი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრაზე უკეთეს ჯგუფში მოხვდება.





ჩვენ







